„მოლოდინები, რომ რუსები ქართულ ტურიზმს ააშენებდნენ, რეალობასთან შეუსაბამო აღმოჩნდა“ - Kolkhida Resort & Spa
რუსი ტურისტების მოსალოდნელი ბუმის შესახებ მოლოდინი არ გამართლდა. ჰორეკა სექტორმა უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთიდან ძირითადად მიგრანტების მატებაა და არა ტურისტების, რის გამოც, სასტუმროების და რესტორნების სექტორში ეს თანხები არ აკუმულირდება.
სასტუმრო „კოლხიდას“ მფლობელი ხათუნა ლაგაზიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ზოგიერთი ბიზნესის მოლოდინები, რომ რუსები ქართულ ტურიზმს და სტუმარმასპინძლობის სფეროს ააშენებდნენ, რეალობასთან შეუსაბამო აღმოჩნდა.
„ჩვენ სასტუმროში რუსი ტურისტები ყოველთვის მიზერული რაოდენობით იყვნენ, თუმცა რეგიონის მაგალითზე ვიტყვი, რომ მაგალითად წელს შავიზღვისპირეთში რუსები ტურისტად ნაკლებად ჩამოდიან, ისინი ყიდულობენ ქონებას ან ქირაობენ ხანგრძლივი ვადით, ამიტომ ეს ტურიზმზე არ აისახება. რესტორნების შემოსავალიც კი არსებითად დაეცა, რადგან რუსები უკვე საკუთარ სახლებში ამზადებენ ბორშებს თუ ხარშავენ პელმენებს და ნაკლებად სტუმრობენ კაფე-რესტორნებს.
შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდა რუსების რაოდენობა, ვინც სასტუმროში ცხოვრობს და რესტორნებში იკვებება. ამიტომ, მოლოდინები რომ რუსები ქართულ ტურიზმს და სტუმარმასპინძლობის სფეროს ააშენებდა რეალობასთან შეუსაბამო აღმოჩნდა“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
მისი განმარტებით, ქვეყანაში სასტუმრო ოთახების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, რასაც ტურისტების რაოდენობა ვერ ეწევა.
„ჯავშნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ივლისის დარჩენილი ნახევრისა და აგვისტოს მოლოდინები სახარბიელო არ არის. შარშანდელმა წელმა გადაჭარბებული მოლოდინები შექმნა, ამიტომ, მეწარმეთა უმრავლესობამ საბანკო კრედიტები აიღო, დღევანდელი მოცემულობით კი, ბიზნესები საბიუჯეტო ხარჯის გადახდას ვერ შეძლებს“, - ამბობს ლაგაზიძე.
2023 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.3 პროცენტს შეადგინა.
commersant.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.