"შემაშფოთებელია დელფინების ინფექციური დაავადებით შესაძლო დაინფიცირება... რისკი გაზრდილია უკრაინაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ" - ინფექციონისტის გაფრთხილება ზღავზე დამსვენებლებისთვის
ექიმი-ინფექციონისტი არჩილ ჯალაღონია ზღვაზე დამსვენებლებისთვის სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გადავწყვიტე, დამედო ეს პოსტი. ვფიქრობ, არ იქნება ურიგო, თუ წაიკითხავთ, რაც დავწერე, რადგან ეს პოსტი, გარდა ფაქტებისა, ზოგადად ქცევის წესია, ვისაც ზღვა გიყვართ, იმათთვის.
- თუ ნაპირთან ახლოს, არაღრმა წყალში ცოცხალ დელფინს შეამჩნევთ, არ გაიყვანოთ იგი ზღვაში. ისინი ნაპირზე გამოდიან მძიმე ავადმყოფობის შედეგად, მათ სჭირდებათ სპეციალიზებული ვეტერინარული დახმარება. გააგებინეთ სამაშველო სამსახურს და ისინი გამოიძახებენ სპეციალურ ჯგუფს, ვინც პასუხისმგებელია აღნიშნულ ფაქტზე.
- თუ ნაპირზე გამორიყულ მკვდარ დელფინს შეამჩნევთ, ხელით ნუ შეეხებით. მისი სიკვდილის მიზეზი შეიძლება იყოს გადამდები დაავადება. შეატყობინეთ ნაპირის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სპეციალიზებული სამედიცინო ვეტერინარული ექსპერტიზა.
ეს პანიკას არ უნდა იწვევდეს.
ეს უბრალოდ ქცევის წესებია, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს, ვისაც წყალთან და ზღვასთან აქვს შეხება.
- ყველაზე ხშირად ზღვა პატარა დელფინებს გამორიყავს ხოლმე წარუმატებელი მშობიარობის შემდეგ. ზოგჯერ მსხვერპლი ახალგაზრდა დედა დელფინები არიან, რომლებმაც ვერ მოახერხეს შთამომავლობის გაჩენა და მშობიარობის შედეგად დაიღუპნენ.
- დელფინებს, ისევე, როგორც ადამიანებს, ყოველთვის ყველაფერი რიგზე და კარგად არ აქვთ ცხოვრებაში. ისინიც შეიძლება ემსხვერპლონ ასაკს, ტრავმებს, სტიქიას, ციკლონებს და ბუნებრივ კატაკლიზმებს.
- დელფინების დაბადება პიკს ივნის-ივლისში აღწევს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ 6-7 წლის მდედრების უმეტესობა პირველი მშობიარობის წარმატებით დასრულებას ვერ ახერხებს.
მთავარია მოხდეს დაღუპული და გამორიყული წყლის ბინადრების ვეტერინარული მოკვლევა, შემდგომ კი უტილიზაცია წესების შესაბამისად.
რაც შეეხება მთავარს, ამ შემთხვევების სამედიცინო ნაწილს და ინფექციებს, ეს, რა თქმა უნდა, უფრო შემაშფოთებელია და საყურადღებო, რომელიც დაკავშირებულია დელფინების ინფექციური დაავადებით შესაძლო დაინფიცირებასთან.
მით უმეტეს, მაშინ, როდესაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ათასობით ხმელეთის ცხოველი მოხვდა შავ ზღვაში უკრაინაში კახოვსკის კატასტროფის შემდეგ. სხვადასხვა ქვეყანაში (უკრაინა, რუსეთი, ბულგარეთი) აღწერილია ზღვის ბინადართა ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუხსნელი სიკვდილიანობა. მიმდინარეობს კვლევები. უნდა იქნეს გამორიცხული ეპიზოოტიის შემთხვევა.
ბიოლოგებს ახსოვთ ეპიზოოტიის შემთხვევა (გადამდები სენის ფართოდ გავრცელება ცხოველთა შორის) 90-იანი წლების დასაწყისში მორბილივირუსით, რომელმაც გაანადგურა ზღვის ძუძუმწოვრების დიდი რაოდენობა დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
ამიტომ ყოველთვის აუცილებელია ჩატარდეს ყველა სახელმწიფოს მიერ მის ტერიტორიებში კვლევა მკვდარი დელფინების შესაძლო დაინფიცირების გამოსავლენად (და არამარტო დელფინების).
მორბილივირუსი, ცნობისთვის, ეს ვირუსი ძალიან ახლოს არის ცხოველის ჭირის ვირუსთან და ადვილად გადაეცემა ერთი სახეობიდან მეორეზე ჰაერწვეთოვანი გზით. ერთ დროს გავრცელდა ჭორები, რომ 90-იანი წლების ეპიზოოტია წარმოიშვა ოკეანეებში ვეტერინარულ კლინიკებში საზღვაო ძუძუმწოვრების დაინფიცირების გამო ავადმყოფი ძაღლებით, სადაც დაჭრილ სელაპებს მკურნალობდნენ. ხშირად მათ გამოჯანმრთელების შემდეგ უშვებდნენ ზღვაში. იყო ვარაუდი, გაეპარათ დაუდიაგნოსტირებელი და ინფიცირებული ზღვის ბინადარი, რამაც შემდგომ გამოიწვია ინფექციის გავრცელება.
მორბილივირუსის გარდა, ზღვაში დელფინებს საფრთხეს უქმნის ათობით სხვა ვირუსი ან ბანალური ჰელმინთებიც.
რისკი ძალიან გაზრდილია, როგორც ზევით დავწერე, უკრაინაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ. ამიტომ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ განხორციელდება. ეს ძალიან კარგია.
თუ გააზიარებთ ამ პოსტს, ძალიან კარგი იქნება, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს ის" - წერს არჩილ ჯალაღონია.
ambebi.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.