Jump to content
Planeta.Ge

შალვა კერესელიძე - ის რომ თურმე ,,მთის დღეები“ საქართველოში უშუალოდ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მეორე წელია იმართება - ტყუილია


პარტია "საქართველოსთვის" წევრისა და დეპუტატის, შალვა კერესელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,მთის დღეები“ საქართველოში თურმე უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მეორე წელია იმართება“, - რაც ტყუილია.

 
"არ მინდოდა ამ საკითხზე გამოხმაურება, მაგრამ ვფიქრობ არც უპასუხობა იქნება სწორი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ასეთ თვალთმაქცურ ოფიციალურ განცხადებაზე", - აღნიშნავს შალვა კერესელიძე.

 
,,შარშან დავიწყეთ ,,მთის დღეების“ აღნიშვნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც ემსახურება ზოგადად მთის დაფასებას, მთაში მცხოვრები მოქალაქეების დაფასებას...“ - ეს თავად პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებია.
ვშიშობ, ბატონო პრემიერო, მაგრამ პოლიტიკური ამნეზიის ნიშნები შემოგეპარვიათ. მე მესმის თქვენი, რომ ყოფილი პრემიერების, ვიცე-პრემიერების და მინისტრების შეგნებულად დავიწყება გსურთ, ვინც უშუალოდ, ამ დღის აღნიშვნას ჩაუყარა საფუძველი. მესმის თქვენი, რომ მოჩვენებითად და ფანტაზიების დონეზე მაინც გინდათ იყოთ მთის ყველაზე დიდი ქომაგი და დამცველი, იყოთ წმინდა ირაკლი გორგასალი, ირაკლი ბრწყინვალე, ირაკლი თავდადებული, გინდათ, რომ სამყარომ თქვენს ირგვლივ იტრიალოს, უბრალოდ ვერ გამოგივათ. იცით რატომ? იმიტომ, რომ სულ იტყუებით და ფარისევლობთ. ის მაინც გეთქვათ, ქართული ოცნების ხელისუფლების დროს გადაწყდა და უკვე მეხუთე წელია დავიწყეთ საქართველოში „მთის დღეების“ აღნიშვნაო, რაც სრული სიმართლე იქნებოდა, მაგრამ უკვე ისეთ ხიბლში ხართ შესული, რომ საკუთარი თავის და პიარის გარდა არავინ და არაფერი აღარ გახსოვთ. არც მოქმედი თანაგუნდელები და არც ყოფილი თანაგუნდელები რომლებმაც ქვეყნისთვის თქვენზე ბევრად მეტი კარგი საქმეები გააკეთეს. 2018-2020წწ. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გახლდით და იმ დროინდელი საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითაც აღვნიშნავდით ხოლმე, დიდი პატივისცემით მთის დღეებს და შარშან როგორ ჩაუყარეთ პირადად თქვენ საფუძველი ამ დღესასწაულს ძალიან მაინტერესებს?! ისე, სასხვათაშორისოდ, რომ გითხრათ და იცოდეთ, მსოფლიო მასშტაბით მთის საერთაშორისო დღე 11-დეკემბერია.
რას ნიშნავს თქვენთვის მთა და მთაში მცხოვრები მოქალაქეების დაფასება თუ იცით? ხევსურეთში დარჩენილი თითზეჩამოსათვლელი მოსახლეობა სინათლეს, რომ ითხოვს ოცდამეერთე საუკუნეში და გამგონი არავინ არის თუ იცით? ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო, წელს ტურისტული სეზონი, რომ ვარდება ხევსურეთში და ხვალ შეიძლება იქ ასულებს ერთი კაციც აღარ დაგხვდეთ თუ გიფიქრიათ ამაზე? თუ გიფიქრიათ ყოფითი და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო დაცლილ უმშვენიერეს გუდამაყრის ხეობაზე, ფშავის ხეობაზე, მოსახლეობისგან და ახალგაზრდებისგან მთლიან დაცლილ თიანეთის რაიონზე, ხევზე, თრუსოს ხეობაზე და ზოგადად დაცლილ მაღალმთიან სოფლებზე? თუმცა იქ რა გინდათ, იქ ადგილობრივი ხელისუფლებაც კი აღარ დადის და თქვენ რაღა გინდათ. თუ გიფიქრიათ მაღალმთიან აჭარის მოსახლეობაზე სადაც ხულოს მოსახლეობას ხულო-ზარზმის გზა უკვე დავიწყებულ ოცნებად გადაექცა, თუ გიფიქრიათ რაჭის, ლეჩხუმის, სვანეთის, გურიის, იმერეთის მაღალმთიან დაცლილ და ჭიათურის დანგრეულ სოფლებზე?
გაიღვიძე, პრემიერო, ადექ, ტანი დაძარი!!! თვალებგაცისკროვნებული მზერით სიარულს, ფარისევლობას და თვალთმაქცურ მოქცევას ჯობს, რეალობას თვალი გაუსწოროთ და მოსახლეობისგან დაცლილ და ფუძეჩაბნელებულ მაღალმთიან სოფლებზე და ხეობებზე იფიქროთ ვიდრე ხალხის მეხსიერებაში პოლიტიკურად ფეიკი პრემიერ-მინისტრის სახელით დარჩეთ.", - წერს სოციალურ ქსელში შალვა კერესელიძე. 

361656549_767816378679131_1449792271886186238_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...