კრემლმა შეწყვეტილად გამოაცხადა „მარცვლეულის შეთანხმება"
რუსეთი უარს ამბობს, გააგრძელოს გაეროსა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასთან მიღწეული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს, დღის ბოლოს, ამოიწურება.
პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეთანხმებამ მოქმედება „ფაქტობრივად“ უკვე შეწყვიტა, რადგან არ სრულდება რუსეთთან დაკავშირებული პირობები. „ამიტომ, მისი მოქმედება წყდება“, - განაცხადა პესკოვმა.
კრემლის პრესმდივნის თანახმად, როგორც კი მოსკოვის პირობები შესრულდება, „დაუყოვნებლივ დაუბრუნდებიან“ შეთანხმების შესრულებას. პესკოვის მტკიცებით, რუსეთის გადაწყვეტილება, არ გააგრძელოს შეთანხმება, არ უკავშირდება ყირიმის ხიდზე დღევანდელ შეტევას, რადგან კრემლის პოზიცია მანამდეც ცნობილი იყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, გარიგების გაგრძელებაზე უარი დღეს ოფიციალურად შეატყობინეს თურქეთს, უკრაინას და გაეროს სამდივნოს.
ერთი წლის წინ გაფორმებული „მარცვლეულის შეთანხმება“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხორბლით აფრიკისა და აზიის ღარიბი ქვეყნების მომარაგებისთვის.
რუსეთი გარიგების შენარჩუნების სანაცვლოდ მოითხოვს რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდების აღდგენასა და „როსსელხოზბანკის“ დაბრუნებას საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-ში, საიდანაც რუსული ბანკები გათიშეს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის გამო მოქმედი სანქციების საფუძველზე.
- უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას.
- გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
-
შეთანხმების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა და ამჯერად 2023 წლის 17 ივლისს იწურება.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.