Jump to content
Planeta.Ge

ყოველი მეოთხე – რას ამბობენ რიცხვები ბავშვთა სიღარიბეზე


საქართველოში 16 წლამდე 230 865 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ასეთია სოციალური მომსახურების სააგენტოს ივნისის ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი ამ ასაკის ბავშვების 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.

რა შემთხვევაში ინიშნება სოციალური დახმარება და კიდევ ვინ იღებს ბავშვის მიზნობრივ დახმარებას?

საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემა სხვადასხვა ტიპის ბენეფიტისგან შედგება, მათ შორისაა, სოციალური შემწეობა და არასრულწლოვანებისთვის განკუთვნილი სოციალური შემწეობა.

საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს, დამატებით ბავშვის დახმარების მიღების უფლება კი აქვს 65 000-დან 120 000 ქულების მქონე ოჯახებსაც. ანუ შესაძლოა, რომ ოჯახი არ იღებდეს თითოეულ წევრზე სოციალურ დახმარებას, მაგრამ თუ აქვს 120 000-მდე ქულა, მიიღებს მხოლოდ ბავშვის დახმარებას.

ოჯახის თითოეულ წევრზე გათვალისწინებული ფულადი გასაცემელი სარეიტინგო ქულას უკავშირდება და თვეში 30-60 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანზე გასაცემი თანხა, როგორც აღვნიშნეთ, 200 ლარია.

რაც უფრო დაბალი ქულა აქვს მინიჭებული ოჯახს, მიიჩნევა, რომ სოციალურად უფრო მოწყვლადია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების იდენტიფიცირება ხდება სოციალურ-ეკონომიკური შეფასების პროცედურის (კეთილდღეობის ირიბი შეფასების ინსტრუმენტით – ე.წ. proxy means test) საშუალებით, რაც თავის თავში სხვადასხვა საკითხის შეფასებას მოიცავს; მათ შორისაა დასაქმების სტატუსი და შემოსავლები, საცხოვრისისა თუ სხვა უძრავი ქონების არსებობის საკითხი; კომუნალური გადასახადები, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 200-ლარიანი დახმარების გარდა, რომელიც, ბოლო მონაცემებით, 230 865 ბავშვზე გაიცა, ქვეყანაში სოციალურ დახმარებას 660 265 ადამიანი იღებს. მათგან 186 256 საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული.

როგორ ხდება სოციალური შემწეობის დანიშვნა

არსებული რეგულაციების მიხედვით, სოციალური შემწეობის დანიშვნის პროცესი რამდენიმე საფეხურიანია. თავდაპირველად ოჯახის წარმომადგენელი საარსებო შემწეობის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც ვითარების ადგილზე შესაფასებლად სოციალურ აგენტს გზავნის. ამის შემდგომი  ნაბიჯია: ვიზიტის შედეგად შეგროვებული ინფორმაციის ასახვა კომპიუტერულ პროგრამაში და მონაცემების გადამოწმება შესაბამის ბაზებში, სარეიტინგო ქულის მინიჭება, გადაწყვეტილების მიღება ოჯახზე შემწეობის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და ოჯახთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.

ვინ იღებს საარსებო შემწეობას

კანონმდებლობაში არსებული განმარტებით, საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

როგორც აღინიშნა, რაც უფრო დაბალი ქულა აქვს ოჯახს მინიჭებული, მით მეტად შეჭირვებულია ის. სოცსააგენტოს მონაცემებით, ყველაზე ღარიბთა კატეგორიაში (ნულიდან 30 000 ქულამდე) დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა 56 234-ია. მომდევნო სარეიტინგო კატეგორიაშიც დაახლოებით ამდენივე ბავშვი ხვდება – 52 094;

როგორც ვიცით, სოციალურ დახმარებას 65 000-მდე ქულის მქონე ოჯახები იღებენ და სწორედ მათ მოიხსენიებენ სოციალურად დაუცველ მოსახლეობად. დამატებით შეგვიძლია, ამავე კატეგორიაში დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობაც დავაჯამოთ – სოცსააგენტოს მონაცემებით, ასეთი 126 469-ია (55%), ანუ ნახევარზე მეტი მათგან, ვინც 200-ლარიან დახმარებას იღებს.

საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობა სარეიტინგო ქულების მიხედვით, დიაგრამაზე ასე გამოიყურება:

publika.ge--1.0-scaled.jpg

გარდა ამ სტატისტიკური მონაცემებისა, ასევე ხელმისაწვდომია მონაცემები, თუ რამდენ ადამიანს სურს, მიიღოს სტატუსი და დაენიშნოს დახმარება – ამას სოციალური მომსახურების სააგენტო ბაზაში რეგისტრაციას უწოდებს. აქ თავს იყრის იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც სურთ, მიიღონ სოციალური დახმარება, შეავსეს განაცხადი და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა. როგორც ვიცით, სარეიტინგო ქულით განისაზღვრება, მიიღებენ თუ არა ისინი სოციალურ დახმარებას და თუ მიიღებენ, რა ოდენობით.

როგორც მოსალოდნელია, ბაზაში რეგისტრირებულთა რიცხვი ბევრად აღემატება მათ რაოდენობას, ვინც საარსებო შემწეობას იღებს. კერძოდ, ამ ბაზაში რეგისტრირებულია 18 წლამდე 340 281 ბავშვი (37.7%) და ქვეყნის მოსახლეობის მესამედი – 1 202 105 ადამიანი. სოცსააგენტოს ეს მონაცემი წარმოდგენილი აქვს ოჯახების რაოდენობის მიხედვითაც – კერძოდ, ბაზაში რეგისტრირებულია 373 421 ოჯახი, რაც 35%-ს შეადგენს.

„ის, რომ თითქმის ყოველი მე-3 ბავშვი საარსებო შემწეობის მიმღებია, არის შემაშფოთებელი ფაქტი. ამასთან, რეალურად, 100 000-ზე მეტი ბავშვი ვერ იღებს ამ დახმარებას, ვინაიდან ვიცით, რომ  341 000-ზე მეტი ბავშვია სოციალურ დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული, ეს არის მთლიანად საქართველოში მცხოვრები ბავშვების 38%. ბაზაში რეგისტრირება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სოციალურ შემწეობას იღებენ“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი, მარიამ ჯანიაშვილი.

„სოციალური შემწეობის სისტემა იმისთვის არსებობს, რომ უზრუნველყოს ყველაზე ღარიბი მოსახლეობის იდენტიფიცირება და შესაბამისი დახმარებების უზრუნველყოფა. სოციალური შემწეობა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისთვის არის გათვალისწინებული და ეს პროგრამა 2004-2005 წლებში ზუსტად სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობისთვის შეიქმნა. ცხადია, ამდენი წლის განმავლობაში სისტემა შეიცვალა და გარკვეული ცვლილებებიც შევიდა, თუმცა ერთი რამ არის მთავარი, რომ ეს არის უშუალოდ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარება. იმიტომ ენიჭებათ ქულები ოჯახებს, რომ გაზომონ, რამდენად მძიმე მდგომარეობაში არიან და იმის მიხედვით დაენიშნოთ სოციალური შემწეობა.

შეიძლება [მთავრობისა და პროსახელისუფლებო ექსპერტების] რიტორიკა იმით იყოს განპირობებული, რომ ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, სისტემაში მოხვდნენ ისეთი ბავშვები, რომლებიც არ საჭიროებენ დახმარებას, თუმცა ეს არანაირად არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სოციალური შემწეობა სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

რას ამბობს Unicef-ის კვლევა?

Unicef-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონე – 19.6%-ია [ყოველი მეხუთე], (სიღარიბის ეს დონე დათვლილია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ HIES მეთოდოლოგიისა და 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემების გამოყენებით).

ბავშვის უფლებების დამცველებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და განმახორციელებლებს შორის სულ უფრო მზარდი კონსენსუსია იმაზე, რომ, მიუხედავად დიდი მნიშვნელობისა, სიღარიბის მონეტარული საზომები არ არის საკმარისი იმ დანაკლისის მრავალგანზომილებიანი ხასიათის სრულად გასაგებად, რაც ბავშვებს აქვთ და რაც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს მათ განვითარებასა და ცხოვრების სამომავლო შანსებზე, – ვკითხულობთ გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) კვლევაში.

ბავშვების საჭიროებების მიმართ სწორედ ამგვარმა მიდგომამ შეუწყო ხელი ბავშვის დანაკლისის რამდენიმე მრავალგანზომილებიანი ინდექსის შექმნას, რომელიც ევროკავშირში გამოიყენება.

მცირე ჩასწორებების შემდეგ ევროკავშირის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია საქართველოში ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისის გასაზომადაც გამოიყენეს.

„საქართველოს ბავშვის დანაკლისის ინდექსი“ 16 საჭიროებისგან შედგება. მიიჩნევა, რომ ბავშვს აქვს დანაკლისი, თუ ფინანსური პრობლემების გამო ოჯახი ვერ ახერხებს ბავშვის უზრუნველყოფას 16-დან, სულ მცირე, 3 საჭიროებით.

publika.ge-1-11.jpg

აღნიშნული მეთოდოლოგიით დათვლის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ბავშვების 37.8%-ს 16 საჭიროებიდან აქვს სამის ან მეტის დანაკლისი. დანაკლისის დონე საგრძნობლად მაღალია სოფლად (47.1%), ვიდრე ქალაქში (31.2%). შესაბამისად, შეგვიძლია, ეს ბავშვები მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონედ მივიჩნიოთ.

ამავე კვლევით, ბავშვების 23.4%-ს აქვს მხოლოდ მატერიალური და სოციალური დანაკლისი, 5.3%-ს – მხოლოდ აბსოლუტური სიღარიბე და 14.3%-ს ერთდროულად აქვს ორივე ეს მდგომარეობა.

publika.ge-1-12.jpg

Unicef-ის კვლევა ასევე მოიცავს შემდეგ მონაცემებს – მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების თითქმის ნახევარი (47%) არ იღებს დახმარებებს პროგრამიდან, რადგან, სავარაუდოდ, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ზემოთ იმყოფებიან.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...