Jump to content
Planeta.Ge

ნინო კირთაძე ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი აღარ იქნება


რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა ნინო კირთაძემ კინემატოგრაფისტების პროტესტის ფონზე, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს თავად რეჟისორმა დაუდასტურა.

მისი თქმით, განცხადება 11 ივლისს დაწერა და 13-ში დაკმაყოფილდა.

ნინო კირთაძე იყო საქართველოს წარმომადგენელი ფონდ „ევრიმაჟსა“ და „ევროპული კინო პრომოუშენში“. იგი ამ პოზიციებს ტოვებს.

ევრიმაჟი არის ევროპული ფონდი, რომელიც აფინანსებს ერთობლივ კინოწარმოებებს. საქართველო ევრიმაჟის წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა და მას შემდეგ მილიონობით ევროს ღირებულების არაერთი ქართულ-უცხოური კოპროდუქცია დაფინანსდა.

ნინო კირთაძე 1997 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს პარიზში და ამ პერიოდის განმავლობაში კინოს სფეროში არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული.

უკვე რამდენიმე კვირაა, კინემატოგრაფისტები ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ. მიიჩნევენ, რომ კულტურის სამინისტრო და მინისტრი თეა წულუკიანი კინოში ცენზურის დამკვიდრებას ცდილობენ.

მათ არაერთი აქცია გამართეს, რომლის მთავარი მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი
  • შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე, რომელიც ამ ინიციატივამ უნდა გაიაროს.

საკამათო რეორგანიზაციის ფარგლებში, გაუქმდა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები, რის შედეგადაც ორივე მათგანი გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

რეორგანიზაცია დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნიას პირობებში მიმდინარეობს. მანამდე ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა, უფრო ადრე კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის სააგენტოში საქმიანობდა.

სანამ მოვალეობის შემსრულებლებს მიავლენდნენ, თეა წულუკიანმა კინოცენტრის აწ უკვე ყოფილი დირექტორი, გაგა ჩხეიძე გაათავისუფლა თანამდებობიდან. ეს გასული წლის მარტში მოხდა.

ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კინოცენტრიდან კიდევ ორი თანამშრომელი — დავით დავითიანი და ლევან აბდუშელიშვილი გაუშვეს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...