უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 5 მიმართულებით 39 შეტაკება მოხდა
რუსული ძალები ძირითადად ხუთი მიმართულებით, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით კონცენტრირდებიან, სადაც, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წუხელ რუსები უკრაინას საზენიტო მართვადი რაკეტებით დაესხნენ თავს, თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინას Shahed-ის ორი დრონით, Х-22 ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტითა და ორი საზენიტო მართვადი რაკეტით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი დრონი გაანადგურეს.
„ოკუპანტებმა, ასევე, განახორციელეს 40 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 46-ჯერ გახსნეს. უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების განხორციელების ალბათობა კვლავ მაღალია“, - აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის პოზიციებს მნიშვნელოვანი დარტყმები მიაყენეს. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 9 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის უბნებს და 7 სადაზვერვო დრონი გაანადგურა.
ამასთან, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა საბრძოლო მასალის 2 საცავი, 5 საარტილერიო იარაღი, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 4 ტერიტორია, საჰაერო თავდაცვის 2 სისტემა და მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.