რუსეთში, ურალის ატომური სადგურის პერსონალი ევაკუირებულია
ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში სვერდლოვსკის რეგიონში, ურანის გამდიდრების ცეხში ბირთვული საწვავის ცილინდრის ჰერმეტიზაცია დაირღვა. მომხდარის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა, პერსონალი ევაკუირებულია.
ქარხნის მფლობელი სახელმწიფო კორპორაცია „როსტომი“ აცხადებს, რომ ინციდენტი ლოკალიზებულია, მოსახლეობას რისკებს არ უქმნის და ცეხი გაწმენდილია.
სააგენტო „რია ნოვოსტი“ ერთი გარდაცვლილის შესახებ იუწყება და მის სახელსა და თანამდებობას არ ასახელებს.
„როსატომი“ კი, ამ ადამიანს „დაჭრილს“ უწოდებს, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
გამოცემა „E1“ იტყობინება, რომ ქარხნის 100-ზე მეტი თანამშრომელს სამედიცინო კვლევა ჩაუტარდება. გამოცემის მიერ გამოკითხული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ურანის ჰექსაფტორიდის შემცველი კონტეინერის დაზიანების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ეს არა რადიოლოგიური, არამედ ქიმიური საფრთხეა.
ნოვოურალსკის ხელმძღვანელმა, სადაც ქარხანა მდებარეობს, ვიაჩესლავ ტიუმენსევმა მოუწოდა ქალაქის მაცხოვრებლებს, „პანიკას არ აყვნენ" და „არ გაავრცელონ შეტყობინებები მესინჯერების საშუალებით".
„იზრუნეთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე, აუხსენით მეგობრებს და ოჯახის წევრებს, რომ საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - წერს ის VKontakte-ის საკუთარ გვერდზე.
დამოუკიდებელ წყაროებს ახალი ამბების გამოქვეყნების მომენტში საწარმოს ტერიტორიაზე რადიაციული ფონის ცვლილება არ დაუფიქსირებიათ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.