Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში არსებობს პედოფილების რეესტრი – რა ხდება შსს-ს ბაზაში მოხვედრის შემდეგ?


„სტატისტიკას ვერ გეტყვით, როგორ მუშაობს, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერს, მით უმეტეს საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც განვითარებადი დემოკრატიაა და არა კონსოლიდირებული დემოკრატია, დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ნებას: როდესაც საკითხი არის პრიორიტეტული ხელმძღვანელი პირისთვის, ის საქმე კეთდება,“ – მიიჩნევს ანა ბუჩუკური, პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“.

მას ვესაუბრეთ 2020 წელს მიღებულ კანონზე „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“, რომელიც სქესობრივი ხასიათის დანაშაულის ჩამდენი პირების, ასევე პედოფილების ელექტრონული ბაზის – რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.

რეესტრს 2020 წლიდან შსს აწარმოებს. ამ უწყებაში დღეს, 14 ივლისს დაგვიდასტურეს, რომ რეესტრი ნამდვილად არსებობს, თუმცა ვერ გვითხრეს, რამდენი პირია ამ რეესტრში შეყვანილი, პრაქტიკულად როგორ მუშაობს იგი: რამდენად ამოწმებენ, მაგალითად, საგანმანათლებლო დაწესებულებები ამა თუ იმ პირის დასაქმების დროს, ხომ არ არის იგი პედოფილიისთვის გასამართლებული?

ეს კანონი ითვალისწინებს ჯარიმებსაც, თუ კონკრეტულ უწყებებში ისე დაასაქმებენ ადამიანს, რომ არ გაარკვევენ, ის ბავშვზე სექსუალური მოძალადე არის თუ არა.

„…ეს იყო გახარიას გუნდის ერთიანი პაკეტი, რაც პარლამენტში დაინიცირდა 2019 წელს, მაშინ ასევე გამკაცრდა სასჯელი გაუპატიურების ნაწილში და ჩაიწერა, რომ ამ მუხლზე გათვალისწინებულია უვადოდ თავისუფლების აღკვეთაც.

შსს-ს აქვს წვდომა აბ ბაზასთან და კანონით განსაზღვრულია კონკრეტული დაწესებულებები, სადაც პირის დასაქმების დროს უნდა მოითხოვონ ცნობა, ეს პირი ამ ბაზაში ხომ არ ფიქსირდება? თუ ამ ცნობის გარეშე დაასაქმებენ პირს, ეს ექვემდებარება ჯარიმას.

როდესაც თავის დროზე შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა, მაშინ შს მინისტრის ნება იყო, შექმნილიყო ეს დეპარტამენტი და მას რეალურად ემუშავა. მინისტრი შეიცვალა და ამ დეპარტამენტის მუშაობა პრიორიტეტი აღარ არის,“ – გვითხრა ანა ბუჩუკურმა.

არსებული საკანონმდებლო რეგულირების მიუხედავად პედოფილიის ციფრები იზრდება – 2023 წლის მარტო პირველ სამ თვეში პედოფილიის 46 ფაქტი დაფიქსირდა, „ბათუმელები“ 29 ივნისს წერდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემთხვევაზე, სადაც 2021 წელს მოსამართლე ციცინო მოსიძემ 12 წლის გოგოსთან სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა.

რატომ არ ხედავენ პარლამენტში კანონის გამკაცრების საჭიროებას, მათ შორის, საპროცესო შეთანხმების კუთხით, რასაც პროკურორები პედოფილებს უფორმებენ და შემდეგ მოსამართლეები უმტკიცებენ?

ანა ბუჩუკურის აზრით, გამოსავალია არა კანონის გამკაცრება, არამედ მის აღსრულებაზე ზრუნვა.

„კანონის გამკაცრებაზე, მათ შორის, საპროცესო შეთანხმებებზე შეიძლება ვიმსჯელოთ, მაგრამ ჩემი პირადი მიდგომაა, რომ რაც არ უნდა გავამკაცროთ კანონი და დავამძიმოთ, თუ მისი აღსრულება არ მოხდება, ეს დარჩება ფურცელზე,“ – გვითხრა ანა ბუჩუკურმა.

რას ითვალისწინებს რეესტრი, რომელსაც შსს აწარმოებს, მათ შორის, პედოფილების შესახებ?

2020 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედებს ელექტრონული ბაზა, რეესტრი, სადაც შეტანილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულების, ასევე უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემები.

ეს კატეგორია ეხება ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალურ ძალადობასაც.

კანონი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ განსაზღვრავს უფლების ჩამორთმევის კონკრეტულ შემთხვევებსაც, ესენია:

  • საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში [მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში] საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
  • არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;
  • არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება, თუ აღნიშნულმა პირმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე−141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანის მიმართ, ან თუ მან ჩაიდინა იმავე კოდექსის 1431 და 143მუხლებით [თუ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას], 1441 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 253-ე მუხლით, 254-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული;
  • სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება;
  • საექიმო საქმიანობის უფლება;
  • სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
  • პასიური საარჩევნო უფლება;
  • იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
  • სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანის უფლება;
  • სხვა საქმიანობის უფლება, რომლის ჩამორთმევასაც, დამნაშავის პიროვნებისა და  დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს.

ამავე კანონის მიხედვით, პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი უფლება ჩამოერთმევა: ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – 5 წლამდე ვადით; მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – 5-დან 10 წლამდე ვადით; განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – 10-დან 15 წლამდე ვადით.

უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში, სასამართლომ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მუნიციპალიტეტსაც, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

„სასამართლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მსჯავრდების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, თუ იგი დასაქმებულია იმ დაწესებულებაში, რომელშიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის დასაქმება აკრძალულია,“ – აღნიშნულია კანონში, სადაც გაწერილია მონიტორინგის წესიც.

კანონის მიხედვით, საგანმანათლებლო, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დაწესებულება ვალდებულია, ვიდრე ვინმეს დაასაქმებს, მას ნასამართლობის, ასევე უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის წარდგენა მოსთხოვოს.

„აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას,“ – წერია კანონში.

ამ კანონის აღსრულებაზე შემდეგი უწყებები უნდა მუშაობდნენ: ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და მუნიციპალიტეტები. ეს უწყებები არიან ვალდებული, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდონ.

კანონმდებლობით განსაზღვრულია სხვა სამუშაო ადგილებიც, სადაც შეიძლება მუშაობდეს სქესობრივი ხასიათის დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანი, მათ შორის, პედოფილი. კანონის მიხედვით, თუ საფრთხე დგინდება, შსს ამ პირის შესახებ პერსონალურ მონაცემებს დამსაქმებელს აწვდის:

„ეს დაწესებულება/უწყება ვალდებულია მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის საფრთხის შემცველი ქმედების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროსთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება. სამინისტრო ამ შეტყობინებაზე რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,“ – აღნიშნულია კანონში „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“.

batumelebi.netgazeti.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...