Jump to content
Planeta.Ge

"საქართველოსთვის" - ვილნიუსის სამიტმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოში გრძელვადიან მშვიდობას, გვაშორებს დასავლეთს და დაუცველს გვტოვებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინაშე


 პარტია "საქართველოსთვის" ნატო-ს ვილნიუსის სამიტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:

"
11-12 ივლისს ქ. ვილნიუსში გაიმართა ნატოს ისტორიული სამიტი, სადაც რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.

სამიტის შედეგად, უკრაინამ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ნატოში ინტეგრაციის გზაზე. კერძოდ, ალიანსმა ღიად განაცხადა, რომ გაწევრიანების პროცესში უკრაინა აღარ საჭიროებს წევრობის სამოქმედო გეგმას ე.წ. MAP-ს. ამასთან, ჩამოყალიბდა ნატო-უკრაინის საბჭო, სადაც უკრაინა ალიანსის წევრების თანასწორი სტატუსით არის წარმოდგენილი.
ვულოცავთ უკრაინას პრაქტიკული და პოლიტიკური შედეგების მიღებას ნატოში ინტეგრაციის გზაზე!
ამავე დროს, უდიდესი იმედგაცრუებაა, რომ საქართველოს ხელისუფლების არაკომპეტენტური და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო, საქართველო აღმოჩნდა ნატოში მიმდინარე პროცესებს მიღმა.
რამდენიმე წლის წინ, ალბათ, რთული წარმოსადგენი იყო, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ასე სწრაფად გახდებოდა რეალური და ამავე დროს, საქართველო ასეთი მოუმზადებელი შეხვდებოდა ისტორიულ მომენტს, რომლის გამოც ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო.
აღნიშნული მოვლენების ფონზე, შემაშფოთებელია ნატოს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის არყოფნის ფაქტი. ეს ნიშნავს, რომ უმაღლეს დონეზე საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს ნატოსთან კომუნიკაციას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს - ნატოში გაწევრიანების პოლიტიკას, რაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად, ქართველი ხალხის ურყევი ნებაა და საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული.
შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნეიტრალიტეტის პოლიტიკას მისდევდნენ, ადასტურებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არის ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი.
ვილნიუსის სამიტმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოში გრძელვადიან მშვიდობას, გვაშორებს დასავლეთს და დაუცველს გვტოვებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინაშე.
ქართველმა ხალხმა დიდი ხანია იცის, რომ ჩვენ ნატო გვჭირდება მშვიდობისთვის. სწორედ ამიტომ აქვს ალიანსში ინტეგრაციას საზოგადოების ამხელა მხარდაჭერა!", - ნათქვამია განცხადებაში. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...