რუსებისთვის თბილისში ახალი სატრანსპორტო ჰაბი იქმნება — „აზიმუტის“ მფლობელი
თბილისის აეროპორტში იქმნება ახალი სატრანზიტო ჰაბი, რომლის გავლითაც რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში ფრენა შეეძლებათ. ამის შესახებ რუსულ მედიასაშუალება RBK-ს განუცხადა მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოსა“ და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამფლობელმა ვიტალი ვანცევმა.
„აზიმუტი“ „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად არის ავიაკომპანია, რომელმაც 2023 წლის მაისიდან მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება დაიწყო.
ვანცევის თქმით, რუსებისთვის თბილისი არის მეოთხე სატრანსპორტო ჰაბი — სტამბოლის, ბაქოსა და ერევნის შემდეგ — რუსეთიდან ევროპაში გასამგზავრებლად.
„ჩვენი პარტნიორები „ჯორჯიან ეარვესიდან“ რუს მგზავრებს ტრანზიტის მიმართულებით ხელსაყრელ წინადადებებს სთავაზობენ — ხსნიან პირდაპირ რეისებს პარიზის, ნიცისა და რომის მიმართულებით, სადაც რუსეთიდან პირდაპირი ფრენები ამ დროისათვის შეწყვეტილია.
ჩვენ „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად ვცდილობთ, მას [სატრანსპორტო ჰაბს] ისე მოვემსახუროთ, რომ ის ჩვენი მგზავრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს და ტრანზიტის დრომ 1.5 საათს არ გადააჭარბოს“, — განუცხადა „აზიმუტისა“ და „ვნუკოვოს“ თანამფლობელმა რუსულ მედიასაშუალებას.
როგორც RBK წერს, თავდაპირველად „აზიმუტი“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებს დღეში თითო-თითოჯერ ასრულებდნენ, 5 ივლისიდან კი „აზიმუტმა“ დღეში მეორე რეისი დაამატა, „ჯორჯიან ეარვეისმა“ კი 6 ივლისიდან კვირაში დამატებით 4 რეისი დანიშნა.
RBK ასევე დასძენს, რომ ქართულმა ავიაკომპანიამ მოსკოვიდან ნიცის მიმართულებით, თბილისის გავლით დანიშნა ტრანზიტული რეისი. ბილეთის ღირებულება ამ რეისზე 408 ევროდან იწყება.
RBK ციტირებს „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის ძველ განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც, ქართული ავიაკომპანია ტრანზიტული რეისების დანიშვნას გეგმავს მილანის, პარიზის, ლარნაკის, ვენისა და სალონიკის მიმართულებითაც.
ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა 2023 წლის 15 მაისს მოიხსნა. ამავე დღეს გაუქმდა რუსეთში მოგზაურობის მიზნით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.