Jump to content
Planeta.Ge

ბებიის გადასვენება გალში – დავით ჯიშკარიანი


ბებიამ მთელი ცხოვრება აფხაზეთში გაატარა. შვილი ომის დროს წამებით მოუკლეს. მისი საფლავი არც მაშინ მიატოვა, როდესაც სოფელში არავინ იყო და ჯიუტად ყოველდღე დადიოდა სასაფლაოზე. მის სიფრიფანა სხეულში ძლიერი ნებისყოფისა და ვაჟკაცობის ქალი ცხოვრობდა – აი, ისეთი, ზოგიერთ წიგნში რომ აღწერენ. ტრაგედია ჩაანაცვლა მომავალზე, შვილიშვილებზე ზრუნვით  და ამისთვის იბრძოდა. როდესაც 2023 წლის მაისში თბილისში  გარდაიცვალა, უმთავრესი პრობლემა მისი აფხაზეთში გადასვენება და შვილის და მეუღლის გვერდით დაკრძალვა იყო. ეს მისი ბოლო და ერთადერთი თხოვნა იყო ცხოვრებაში.

ჩემი ბებია ყველა ბებიაზე მეტად ბებია იყო. ის არ მწყევლიდა და არ მეჩხუბებოდა, მისთვის სამყაროს ცენტრი ვიყავი და ყველაფერი საუკეთესო ჩემთვის უნდოდა. ხშირად  ჰქონდა უთანხმოება ჩემს მშობლებთან, რადგან ჩემი კრიტიკის და აუგის არც აღქმა შეეძლო და არც მოსმენა. ამ შემთხვევაში ცალსახად სუბიექტური იყო და სხვისი აზრი არც აინტერესებდა.  მის  ვერც ამაგს დავაფასებ და არც მადლობას  გადავუხდი. ჩემი მხრიდან ეს მხოლოდ ფარისევლობა გამოვა.

ადამიანი რომ გარდაიცვლება, ჭირისუფალი მას ემშვიდობება, განიცდის, დარდობს და რიტუალს აღასრულებს.  ჩვენი საფიქრალი კი ერთადერთი იყო, როგორ გადაგვესვენებინა  ბებია გალში? რა გზას ვეწიოთ და ვის ვთხოვოთ  დახმარება? ეს ის პრობლემებია, რის შესახებაც დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობამ არც იცის და არც გაუგია. გალელებს კი ამ ყველაფერთან გამკლავება უწევთ. როგორ ახერხებენ ამას, როგორ უძლებენ უკანასკნელი 30- წლიან უსამართლობას და ყველა მხრიდან ჩაგვრას, გაოცებას იწვევს. 

რამდენიმედღიანი გაურკვევლობის, საბუთების შეგროვებისა და ნერვიულობის შემდეგ მისი გადასვენება მაინც მოხერხდა. ერთი შეხედვით რიტუალი შესრულდა და ჩვენც მშვიდად უნდა ვიყოთ, თუმცა ეს ასე არააა.

საქართველოში საზოგადოების უმრავლესობისათვის აფხაზეთი არის ზღვა, კურორტი და დროსტარება, ნაწილისთვის – ისტორია და მიწა-წყალი. აფხაზეთიდან დევნილებისთვის,  ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ ლტოლვილებს ვეძახით, ის ამ ორივეზე მეტია და ცხოვრების ნაწილია.

აფხაზეთის ომის შემდეგ, ათასობით დევნილისთვის, ყოველდღიურ ცხოვრების სირთულეებთან, საზოგადოების მხრიდან დაცინვის, დამცირების, ბულინგისა და უარყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანი განსაცდელი გახდა დაკრძალვის ადგილები, სასაფლაოები.

სოციალურ ქსელებში ხშირად ნახავთ ვიდეოებს, სადაც აფხაზეთში ქართველების სასაფლაოები მიტოვებული და ხშირ შემთხვევაში გაძარცვულია.  ჭირისუფლებისგან იქ თითქმის არავინ ცხოვრობს და ამიტომ მიმსვლელიც ცოტაა. საფლავზე გასვლის ტრადიციული რიტუალები ამ შემთხვევაში ვერ სრულდება. ვინც ოჯახის წევრთა სასაფლაოები აფხაზეთში დატოვა, დროთა განმავლობაში მეორე სასაფლაო სხვა ადგილას გააკეთა.  ტრადიციული აღქმა, რომ საოჯახო საფლავი ერთ ადგილას უნდა იყოს,  აქ დარღვეულია. ეს დევნილთა დიდ ნაწილში წუხილისა და შფოთის ნაწილია. რომელიც ერთგვარი უთქმელი განსაცდელია, ბევრს აწუხებს, მაგრამ ამაზე არ ლაპარაკობენ, არ აფიშირებენ, რადგან გამოსავალი დიდი არაა, რეალობას უნდა შეეგუონ.

ამაზე გაცილებით დიდი პრობლემაა უსაფლავობა. ნებისმიერ ომს ახასიათებს, რომ დაღუპულთა ნაწილის ცხედრები არ აქვს ოჯახებს. 

უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ხსოვნა კომპლექსურია. ზოგიერთმა ადამიანმა დღემდე არ იცის, მისი ოჯახის წევრი ცოცხალია თუ  გარდაცვლილი.  ამ ადამიანებს საკუთარი ახლობლები გამოუგლოვებელი ჰყავთ და ეს ფსიქოლოგიური ტრამვა მთელი ცხოვრება თან სდევთ. როგორც ერთმა ადამიანმა მითხრა, მისი შვილი „არც ცოცხლებში წერია და არც მკვდრებში“.

2017 წელს, როდესაც თბილისში გადმოასვენეს 1993 წელს სოხუმში მოკლული გურამ გაბესკირიას, მამია ალასანიას და კიდევ 23 ადამიანის ცხედარი, გურამ გაბისკირიას შვილმა ვლადიმერ გაბესკირიამ სოციალურ ქსელში დაწერა „ …. 24 წელი გელოდე, მამა… პატარა ბიჭი ვიყავი და ჩვენი ერთოთახიანის კარზე ყველა დაკაკუნება შენი მეგონა, ტელეფონის ყველა ზარი შენი მეგონა! გელოდებოდი, გელოდებოდით ყველანი…“. ირაკლი ალასანიამ კი დრო, როდესაც ოჯახს გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი არ ჰქონდა, „დაუსრულებელი გლოვის პერიოდი“ უწოდა. ეს განცდა ბევრს აქვს.

შიდა ქართლში რუსეთის ოკუპაციური ჯარების მიერ ბორდერიზაციის პროცესის დროს არის შემთხვევები, როდესაც სასაფლაო სოფელს მოსწყდება და მავთულხლართები გაივლის მათ შორის.  მოსახლეობა, ვისაც უშუალოდ ეხება ბორდერიზაცია, ვის სოფლებზე და მიწის ნაკვეთებზე გადის ის,  ხშირად საფლავებზე უფრო დარდობს, ვიდრე საკუთარ ქონებასა და შემოსავალზე. აქა-იქ  აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდანაც  გაიგებთ ამბებს, როგორ უვლიან მიტოვებული ქართველების საფლავებს, მერე ფოტოებს უგზავნიან და ხდება ამ სიხარულის გაზიარება. უცნაურია, სიკვდილის ადგილს სიხარული უწოდო, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა და ამიტომ არ ჩავსვი სიტყვა სიხარული ბრჭყალებში.

სასაფლაოების საკითხი  არამარტო საქართველოში არსებულ კონფლიქტებს ახლავს თან. 2015 წელს, სომხეთში ვიზიტისას მუსლიმთა სასაფლაოები ვნახე.  ეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან მდებარე სოფელი იყო, სადაც ყარაბაღის პირველ ომამადე ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ.

კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანელებმა სომხეთიდან და სომხებმა აზერბაიჯანიდან საკუთარი სოფლები გაცვალეს.  სოფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ გაცვლას კოორდინირებდნენ, პირობად სასაფლაოებიც ჩადეს. სომხებს აზერბაიჯანული სასაფლაოსთვის, ხოლო აზერბაიჯანელებს სომხური სასაფლაოსთვის უნდა მოევლოთ.  ადგილობრივი მცხოვრებლები მაშინ სიამოვნებით გვიყვებოდნენ,  რომ ორივე სოფლის წარმომადგენლები დადებულ პირობას პატიოსნად ასრულებენ და ერთმანეთის საფლავებს უვლიან, მერე ფოტოებს, ვიდეოს უღებენ და მესამე ქვეყანაში, ძირითადად რუსეთში, აჩვენებენ ერთმანეთს. 

ფოტო: დავით ჯიშკარიანი

ფოტო: დავით ჯიშკარიანი

ბებიას გალში დაკრძალვას ენგურს გამოღმა მცხოვრები ვერც ნათესავები, შვილიშვილები და ახლობლები დაესწრნენ.  ამ რიტუალის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთი მიცვალებული მიემატა იმას, რასაც გაყოფილი საფლავი ჰქვია, ჩვენ იქ ვეღარ მივდივართ და არც ის ვიცით, როდის ჩავალთ მათ საფლავზე.

p.s. ეს ბლოგი ისედაც ემოციურია ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ. სამწუხაროდ, კონფლიქტის ბუნების, ბევრი შიდა კონტექსტისა და მგრძობელობის გამო, ბევრ დეტალზე საუბარი არ შემეძლო. არ მინდა, ჩემმა უნებურმა სიტყვამ კიდევ მეტი პრობლემა შეუქმნას ისედაც მძიმე დღეში მყოფ გალელებს. 

%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9A%E1%

ნეტგაზეთი

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...