Jump to content
Planeta.Ge

როგორ ამხილა მოქმედმა თანამშრომელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები


გოგა რაზმაძე 12 წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. 20 წლის იყო საპატრულო პოლიციელის ფორმა რომ ჩაიცვა. 2018 წლიდან კი როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტში შეიქმნა, გოგა რაზმაძე, კონკურსის გავლის შემდეგ, ამ დეპარტამენტის თანამშრომელი გახდა.

ის დღესაც დეპარტამენტის თანამშრომელია, უფრო ზუსტად კი დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსი. თუმცა, კიდევ რამდენ ხანს დარჩება ის შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაოდ, არ იცის.

12 ივლისის ღამეს, გოგა რაზმაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ღიად ამხელს როგორც ზოგადად სისტემაში, ისე, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებს და რთულ ვითარებას. წერს სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან მის მიმართ გამოვლენილ დამამცირებელ მოპყრობაზე, ადანაშაულებს მათ აზრის გამოხატვის შეზღუდვაში და არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში, ე.წ. რეორგანიზაციის საბაბით, დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა სამსახურიდან დაითხოვონ მათთვის არასასურველი თანამშრომლები.

 

ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ მოქმედი თანამშრომელი, საჯაროდ ალაპარაკდა უწყებაში არსებულ პრობლემებზე და ის არ მოერიდა არც იმ მაღალჩინოსნების დასახელებას, რომლებსაც მისი თქმით, წვლილი მიუძღვით ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ფუნქციების შეზღუდვასა და თანაშრომლებისთვის დაწესებულ ცენზურაში.

ერთ-ერთი ასეთი მაღალჩინოსანი გოგა რაზმაძის პოსტის თანახმად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძეა:

„დეპარტამენტის კურატორად მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძის დანიშვნის შემდეგ, შეიცვალა დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება. დეპარტამენტი აღარ მოიაზრებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულად. დეპარტამენტს აღარ ჰქონდა მონიტორინგის განხორციელების რეალური ბერკეტები. შესუსტდა კომუნიკაცია გარე აქტორებთანაც. ასევე, თანამშრომლები დავექვემდებარეთ ცენზურას. დაიწყო ჩვენი, მათ შორის, ჩემი საჯარო პოსტების კონტროლი და Facebook-ზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით დადებული პოსტების აღების მოთხოვნა, რომელიც სრულად ჯდებოდა საჯარო მოხელის ეტიკეტსა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. უფრო მეტიც, ამ დეპარტამენტის დანიშნულება სწორედ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების შემჩნევა და მათზე რეაგირება იყო“.

როგორც გოგა რაზმაძე წერს, მას არაერთი მცდელობა ჰქონდა, რომ დეპარტამენტის საქმიანობის უკუსვლასა და იქ არსებულ გამოწვევებზე პირისპირ ელაპარაკა დეპარტამენტის მოდგილეებთან, უფროსთან, მინისტრის მოადგილესთან, მაგრამ უწყების თანამშრომლის თქმით, ამის გამო, ის დაექვემდებარა დისკრიმინაციას, რაც იმაში გამოიხატა, რომ ის ვეღარ იღებდა მონაწილეობას დეპარტამენტის საქმიანობაში - შეხვედრებში, ტრენინგებში, თათბირებსა და ა.შ.

„ამ ფონზე, დეპარტამენტში დაიწყო აუდიტის ჩატარება. აღნიშნული პროცესი დაიგეგმა სპონტანურად - 2023 წლის აუდიტის სამოქმედო გეგმით დეპარტამენტის შემოწმება საერთოდ არ იყო გათვალისწინებული“, - წერს გოგა რაზმაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ დეპარტამენტში არსებული ვითარების გათვალისწინებით, აუდიტის მიზანია რეორგანიზაცია, რომელსაც შედეგად მოჰყვება დეპარტამენტიდან ხელმძღვანელებისთვის „არასასურველი“ თანამშრომლების გაშვება და დეპარტამენტის ფუნქციების კიდევ უფრო შესუსტება:

„დეპარტამენტში მიმდინარე მოვლენებისა და დაგეგმილი აუდიტის შესახებ, არაერთხელ მქონდა მცდელობა ჩემთვის მოესმინა მინისტრის მოადგილეს, თუმცა ჩემთვის დრო ვერც ერთხელ გამონახა. ამიტომ, ჩემი მოსაზრებები იმეილის მეშვეობით გავუგზავნე მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის მენეჯმენტს. 16 ივნისს იმეილით გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, რომელშიც მქონდა დაფიქსირებული ჩემი წუხილები დეპარტამენტში მიმდინარე მოვლენებზე, 11 ივლისს დამიბარეს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში“.

სწორედ 11 ივლისს, გენერალურ ინსპექციაში განვითარებული მოვლენები გახდა გოგა რაზმაძის საჯარო წერილის საფუძველი, რომელიც მან სოციალურ ქსელში ინსპექციიდან გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე საათში გამოაქვეყნა.

ამბობს, რომ გამოკითხვაზე ყოფნისას ის დამამცირებელ და ღირსების შემლახავ გარემოში აღმოჩნდა. ასე კი მას შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე მოექცა:

„მზად ვიყავი ახსნა-განმარტების მისაცემად (იმ პირობით, რომ ოქმის ასლს გადმომცემდნენ), თუმცა მოულოდნელად ოთახში შემოვიდა შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით მინდიაშვილი. მან გააგრძელა ჩემთან გასაუბრება, რაც 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მან საქმე გამირჩია იმის გამო, რომ ხელმძღვანელებისთვის მიწერილ წერილში დავაფიქსირე ჩემი მოსაზრებები დეპარტამენტში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით. მთელი გასაუბრების განმავლობაში, იგი მეპყრობოდა დამამცირებლად და შეურაცხყოფდა ჩემს ღირსებას. აგდებულად მოიხსენიებდა იმ დეპარტამენტს, სადაც ვმუშაობ. მეძახდა ამბიციურს. მეუბნებოდა, თუ რა მიკეთებია ცხოვრებაში. ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით მაიძულებდა ახსნა-განმარტების დაწერას. რამდენიმე თანამშრომელთან ერთად განიხილავდა ჩემს პირად Facebook პოსტებს და აკრიტიკებდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვე, სხვა დროისთვის გადაგვეტანა ახსნა-განმარტების მიცემა (რაც ნებაყოფლობითია), იგი არ მიშვებდა ოთახიდან და მეუბნებოდა, რომ თუ არ დავწერდი განმარტებას, „სამსახურიდან გამაგდებდა.“ ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო“.

ფეისბუქში გამოქვეყნებულ წერილში გოგა რაზმაძე წერს, რომ სამსახურის თავისი ნებით დატოვებას არ აპირებს. გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მის მიმართ 11 ივლისს განხორციელებული დამამცირებელი მოპყრობის შესახებ.

გოგა რაზმაძემ მიმართა სახალხო დამცველს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციას, უცხო ქვეყნის ელჩებს, მედიას - „დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და არ დაუშვან ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების ხელყოფა“.

რას პასუხობს გოგა რაზმაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე?

გოგა რაზმაძის საჯარო წერილს 12 ივლისს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც მისი თანამშრომლის ფეისბუკ-პოსტს „სიცრუე და სრული ტყუილი“ უწოდა. სწორედ ამ სიტყვებით უპასუხა მან ჟურნალისტების დასმულ კითხვას გოგა რაზმაძის ბრალდებების შესახებ:

ალექსანდრე დარახველიძე
ალექსანდრე დარახველიძე

„არანაირ მტკიცებულებას და სამართლებრივ საფუძვლებს არ ეფუძნება. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ადამიანის უფლებების დეპარტამენტი ხუთი წელია რაც შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ჩვენ მივიღეთ არაერთი რეკომენდაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორიცაა გაერო, ევროკავშირი და ა.შ., რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ დეპარტამენტის გაძლიერების მიმართულებით“, - ამბობს ის და განაგრძობს, რომ 2023 წელს, დეპარტამენტში აუდიტის შესვლა სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა:

„მხოლოდ გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს პროცესი რაღაც დისკომფორტს უქმნის. არანაირი კონკრეტული ფაქტი იმის შესახებ, რომ ვინმეს ზეწოლას ან შევიწროებას ჰქონდა ადგილი, გარდა გოგა რაზმაძის ზოგადი განცხადებებისა, ჩვენ არ მოგვისმენია“.

რაც შეეხება გოგა რაზმაძის მიერ ნახსენებ ცენზურასა და მენეჯმენტის მხრიდან მათთვის მიუღებელი ფეისბუკის პოსტების წაშლის მოთხოვნას, ალექსანდრე დარახველიძე ასე განმარტავს:

„ზოგადად, შსს-ში არის ეთიკა და ეთიკის კოდექსი, რომელიც იმ საქმეებზე, რაზეც თითოეული ჩვენთაგანი ვმუშაობთ, წინასწარ გამოხატული პოზიციის დაფიქსირება არ არის ეთიკური საქციელი. ჩვენ არავისთვის მიგვითითებია რაიმე პოსტის აღება. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ იმ ეთიკის კოდექსის შესაბამისად იმოქმედონ, რაც არის პოლიციის შესაბამისი დანაყოფებისთვის დადგენილი“.

რა ფუნქცია აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს და როგორ შეიქმნა ის?

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი 2018 წლის იანვარში შეიქმნა. იმ პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო. თავდაპირველად დეპარტამენტში სულ 13 თანამშრომელი მუშაობდა. მათ შორის იყო გოგა რაზმაძეც.

პირველი ერთი წლის განმავლობაში, დეპარტამენტის უმთავრესი ფუნქცია და მოვალეობები იყო მიმდინარე გამოძიების მონიტორინგი ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა:

  • ოჯახური დანაშაული
  • ქალთა მიმართ ძალადობა
  • დისკრიმინაციის ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული
  • ტრეფიკინგი
  • არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაული

თუმცა, 2019 წელს, დეპარტამენტის გაფართოების შემდეგ, ჩამოთვლილ დანაშაულებს დაემატა სიცოცხლის წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების ხარისხის მონიტორინგიც. გაიზარდა თანამშრომლების რიცხვიც.

დეპარტამენტის პირველი ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია იყო. სწორედ მასთან ერთად იმუშავა გოგა რაზმაძემ წელიწადი და სამი თვე, სანამ 2019 წელს, ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არ აირჩია პარლამენტმა:

ლონდა თოლორაია
ლონდა თოლორაია

„ამ დეპარტამენტს ჰქონდა სრული თავისუფლება, სრული დამოუკიდებლობა. ერთადერთი მითითება, რომელიც ჩვენ გვქონდა მინისტრისგან, იყო შემდეგი, რომ გვქონოდა პროგრესი და არ უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელი მიმართავდა პოლიციას და ვერ მიიღებდა სამართლებრივ დახმარებას და სათანადო რეაგირებას იმ დანაშაულებზე, რომელიც ამ დეპარტამენტის ძირითად კომპეტენციას წარმოადგენდა. მენეჯმენტი აქტიურად ზრუნავდა იმაზე, რომ სისტემის შიგნით ამ დეპარტამენტს ჰქონოდა ავტორიტეტი. ყველამ იცოდა, რომ დეპარტამენტის საქმიანობა იყო პრიორიტეტი და დეპარტამენტის თანამშრომლებთან კომუნიკაცია, მათი მოსაზრებები გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით, უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული“, - გვეუბნება ლონდა თოლორაია.

როგორც დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ყვება, მათ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ერთობლივი თანამშრომლობის ფონზე ხდებოდა საქმეების გამოძიების პროცესის ეფექტიანი მონიტორინგი:

„ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდა მათთან სატელეფონო კომუნიკაცია კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. თუკი რაიმე პრობლემა იყო, ნებისმიერს შეეძლო აეღო ყურმილი, დაერეკა და ეთქვა, რომ რომელიღაც საგამოძიებო ორგანოში პრობლემაა, ან გამოძიებას არ იწყებენ, ან ცუდად მოექცნენ დაზარალებულს. დეპარტამენტს ჰქონდა მყისიერი რეაგირება. ჩვენ იმდენი მოვახერხეთ ერთ წელში, რომ ყველა საერთაშორისო ანგარიშში, სახალხო დამცველის ანგარიშში, არასამთავრობო ორგანიზაციების დღის წესრიგში გაჩნდა ჩანაწერები, მოსაზრებები, რომ ამ დეპარტამენტის შექმნა იყო უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი ისეთი მძიმე დანაშაულების გამოძიების პროცესში, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ქალზე ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული და ა.შ.“.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ ამ პროცესის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი სწორედ გოგა რაზმაძე იყო, რომელმაც დეპარტამენტის განვითარების გზაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. არც ერთი სიტყვაში, რომელიც გოგა რაზმაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მას ეჭვი არ ეპარება. ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კანონის უზენაესობის ცენტრის” დირექტორია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გოგა რაზმაძე გამორჩეული ადამიანია თავისი ღირსებით, პრინციპებით, პროფესიონალიზმითა და საქმისადმი დამოკიდებულებით:

„ამ სამსახურში, აბსოლუტურად ყველა კადრი, მათ შორის, გოგა რაზმაძე, აყვანილია კონკურსის წესით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არცერთი ადამიანი იქ ნეპოტიზმით არ მოხვედრილა. ითქვა, რომ ამ დეპარტამენტში უნდა ემუშავათ ადამიანებს, რომლებსაც სწამდათ ადამიანის უფლებების, ჰქონდათ გამოცდილება ადამიანის უფლებების ან საგამოძიებო მიმართულებით მუშაობის და ასეც მოხდა. ასეთია გოგაც“.

ლონდა თოლორაია ვარაუდობს, რომ გოგა რაზმაძემ სისტემის რეპუტაციის დასაცავად, სრულად არ გაასაჯაროვა ის დეტალები, რისი გადატანაც მას მოუწია:

„ვფიქრობ, რომ თავის პოსტში მან ბევრი რამ შეამსუბუქა. როგორ შეიძლებ ასეთი ადამიანი მიიყვანო იმ მდგომარეობამდე, რომ მან ამაზე ღიად დაწეროს, არ ვიცი. ამ ადამიანმა თქვა, რომ სისტემის შიგნით გაიარა ყველა ეტაპი. მივიდა დეპარტამენტის უფროსთან, მივიდა მოადგილესთან, მივიდა მინისტრის მოადგილესთან. ცდილობდა, რომ სისტემის შიგნით მოეგვარებინა პრობლემა, მაგრამ ალბათ კიდევ არ გამოიტანდა გარეთ, რომ არა, ის მეთოდი, რა მეთოდებითაც მუშაობს თურმე გენერალური ინსპექცია შსს-ს თანამშრომლებთან, ეს ალბათ იყო მის ღირსებაზე დადებული ბოლო ქვა, რომელსაც ამ ადამიანმა ვეღარ გაუძლო“.

გოგა ხატიაშვილი, უფლებადამცველი და იურისტი, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში სამუშაოდ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ გადავიდა. ამ დეპარტამენტში გოგა რაზმაძესთან ერთად მან თითქმის სამი წელი იმუშავა და იმუშავა არაერთი გახმაურებული საქმეების მონიტორინგზე, რის შესახებაც ის არ ერიდებოდა საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას, მათ შორის, სოციალურ ქსელშიც. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი საქმე იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ყოფილ ცოლზე ძალადობის საქმე:

„მაშინ მე დავწერე პოსტი, სადაც ჩემი პოზიცია დავაფიქსირე იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ მსხვერპლების გასაჭირს ოჯახში ძალადობაზე და რომ მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. ჩემი მოსაზრება მაშინ ღიად დავაფიქსირე იმიტომ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ბასილაშვილის ყოფილს ცოლს ძალიან დაუპირისპირდა“, - ყვება გოგა ხატიაშვილი.

სწორედ ამიტომ, მისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტება, თუ რატომ არ უნდა დააფიქსიროს დეპარტამენტის თანამშრომელმა საკუთარი მოსაზრება ამა თუ იმ საქმეზე, რომელიც სწორედ ადამიანის უფლებების დეპარტამენტის თანამშრომლის კომპეტენციის ფარგლებში ჯდება:

გოგა ხატიაშვილი
გოგა ხატიაშვილი

„პირველ რიგში, თქვენ რომ ნახოთ გოგა რაზმაძის პოსტები, ის არის ძალიან ზოგადი, არ ეხება კონკრეტულ საქმეებს და ეს პოსტები ეხება სწორედ იმ თემებს, რომელზე ზედამხედველობაც თავად დეპარტამენტის კომპეტენციაა. დეპარტამენტის თანამშრომელმა თავი კი არ უნდა შეიკავოს, არამედ პირიქით, ადამიანის უფლებებზე ის ღიად უნდა აფიქსირებდეს საკუთარ პოზიციას. სამწუხაროდ, შსს არ არის გამონაკლისი, როდესაც საჯარო უწყებებში აქტიურად დაიწყეს ადამიანების დევნა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო. ისინი აკვირდებიან სოციალურ ქსელში ადამიანების პოზიციონირებას და თუკი მცირე კრიტიკასაც კი აღმოაჩენენ, შემდეგ იწყებენ ანგარიშსწორებას. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, დეპარტამენტის პრაქტიკაშიც იქნა შემოღებული ეს წესი“.

გოგა რაზმაძე და გოგა ხატიაშვილი ჩინარას საქმეში

გოგა ხატიაშვილმა და გოგა რაზმაძემ ერთად არაერთ გახმაურებულ საქმეზე იმუშავეს, მათ შორის, იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი, არასრულწლოვანი ჩინარა კოჯაევას საქმე, რომელსაც მამა დაქორწინებას აიძულებდა:

„ეს ინფორმაცია რომ მივიღეთ, ძალიან ცოტა დრო გვქონდა სამოქმედოდ. მახსოვს, ოთხშაბათი იყო და წერილში, რომელიც მივიღეთ, ეწერა, რომ შაბათს უკვე ქორწილი იყო დანიშნული. გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ადგილობრივი პოლიციის იმედად არ უნდა დაგვეტოვებინა ეს საქმე. მე და გოგა მეორე დღესვე ჩავედით ქვემო ქართლში, დაველაპარაკეთ ჩინარას და სწორედ მაშინ გვითხრა, რომ მამა აიძულებდა დაქორწინებას. როდესაც ჩინარა გადაიყვანეს თავშესაფარში, მე და გოგა დავრჩით ჩინარას მშობლებთან სალაპარაკოდ და შესაბამისი პროცედურების გასავლელად“.

„გენინსპექციის მოადგილემ მას და დეპარტამენტის ფუნქციებს დასცინა. ეს არ არის შემთხვევითი“

გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ ბოლო ორ წელში, განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა დეპარტამენტის ინერტულობა, რაც მისი თქმით, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს ოჯახში ძალადობასა თუ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება, აბსოლუტურად გაუმართლებელია:

„პირადად მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დამიკავშირდა სავარაუდო მსხვერპლი და ვთხოვე დახმარება დეპარტამენტს, თუმცა, წავაწყდი იმ ფაქტს, რომ დეპარტამენტს აღარ ჰქონდა სათანადო დამოკიდებულება და შემოიფარგლნენ ზოგადი პასუხებით. ამასვე ამბობენ ჩემი კოლეგები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. მენეჯმენტის დონეზე შეიცვალა დამოკიდებულება - მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილეების დონეზე. მათ არ აქვთ სათანადო მგრძნობელობა დეპარტამენტის საქმიანობის მიმართ. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც მენეჯმენტის დონეზე აღარ არის ესა თუ ის საკითხი პრიორიტეტული, შემდგომში, უკვე თანამშრომლების დონეზეც იკლებს ეს ძალისხმევა. სწორედ ეს პროცესი განვითარდა დეპარტამენტში“.

გოგა ხატიაშვილისთვის ასევე გაუგებარია მინისტრის მოადგილის განცხადება იმის თაობაზე, რომ დეპარტამენტში დაუგეგმავი აუდიტის ჩატარება სამინისტროს ხელმძღვანელობამ იქ არსებული პრობლემების და გამოწვევების შესწავლის საბაბით გადაწყვიტა.

ის დარწმუნებულია, რომ აუდიტს მოჰყვება დეპარტამენტის რეორგანიზაცია, რაც კიდევ უფრო მძიმედ აისახება მის ფუნქციონირებაზე:

„როგორც გოგა წერს საჯარო პოსტში, მას ჰქონდა არაერთი მცდელობა, რომ ამ გამოწვევების და პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიეტანა ხელმძღვანელობამდე და ფაქტობრივად, მზა მასალა მიეწოდებინა მათთვის, მაგრამ წერს, რომ არ მოუსმინეს, დროც კი ვერ გამონახეს მასთან სალაპარაკოდ. არ არის შემთხვევითი ისიც, რომ აუდიტის ჩატარება მოხდა სპონტანურად. ეს გარემოებები ხომ ლოგიკურად აჩენს კითხვებს, თუ რა შეიძლება იყოს ხელმძღვანელის რეალური მიზანი. ეჭვგარეშეა, რომ ამას მოჰყვება რეორგანიზაცია, ამ გზით, არასასურველი თანამშრომლების გაშვება და არც იმას გამოვრიცხავ, რომ დეპარტამენტის ფუნქციები სამართლებრივ დონეზეც შეიზღუდოს“.

კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ეკიდება სათანადოდ დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობას, გოგა ხატიაშვილის თქმით, ეს არის მისი ყოფილი კოლეგის საჯარო პოსტში ამოკითხული ფრაზა, როდესაც ის გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა:

„როგორც გოგა აღწერს, გენინსპექციის მოადგილემ მას და დეპარტამენტის ფუნქციებს დასცინა. ეს არ არის შემთხვევითი. სათანადო სერიოზულობით ვერ აღიქვამენ იმ საქმეებს, რომლებსაც დეპარტამენტი უწევს ზედამხედველობას. ბოლო პერიოდში, მაშინ, როდესაც, სამწუხაროდ, ფიქსირდება არაერთი დანაშაული ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი დანაშაულების, გახსენდებათ ამ დეპარტამენტის კურატორის მიერ გავრცელებული რაიმე განცხადება, პრესკონფერენცია? მაშინ, როდესაც სწორედ ეს თემებია მისი კომპეტენციის ერთ-ერთი სფერო?“.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის თანამშრომლის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნათია მეზვრიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. 2018 წელს, როდესაც დეპარტამენტი შეიქმნა, სწორედ ის იყო ამ დეპარტამენტის კურატორი და იმ კომისიის წევრი, რომელმაც ახლადშექმნილი დეპარტამენტის თანამშრომლები შეარჩია:

ნათია მეზვრიშვილი
ნათია მეზვრიშვილი

„გოგა რაზმაძე კონკურსით ავიყვანეთ. საპატრულო პოლიციაში რიგითი იყო და გასაუბრებაზე გამაოცა მისმა სენსიტიურობამ ადამიანის უფლებებისადმი. იმდენად კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოხელეა, დეპარტამენტის გაფართოებისთანავე დაწინაურდა. ყოველთვის თავს ვიკავებ ამ დეპარტამენტის კრიტიკისგან, იმდენად გული შემტკივა. თავი შევიკავე მაშინაც, როცა ანალოგიური მიზეზით სხვები წამოვიდნენ. მაგრამ ახლა სიჩუმე, დანაშაულია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს პასუხისმგებლობა პირველ რიგში მინისტრის კურატორ მოადგილეზე და დეპარტამენტის უფროსზეა. ყველაზე მეტად მათზე იყო დამოკიდებული დეპარტამენტის გამართული მუშაობა და იქ თავმოყრილი ენთუზიასტების, კეთილსინდისიერი მოხელეების დაფასება. ეს დეპარტამენტი არაერთი ადამიანის იმედი იყო და გარკვეულწილად დღემდე არის. შეაჩერეთ ეგ სიგიჟე! ამ ადამიანს თმის ღერი არ ჩამოუვარდეს!“ - წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

 

გოგა რაზმაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 12 ივლისს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც შემაშფოთებელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში, რომელიც თავად ზედამხედველობს გამოძიების პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას, სამმართველოს უფროსი თავს მიიჩნევს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლად და ხელი ეშლება სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მის სტრუქტურულ ერთეულებში გამოხატვის თავისუფლების სათანადო დაცვა და არ დაუშვას, რომ უწყების მოხელეები დაექვემდებარონ ზეწოლას, მათ მიერ გამოთქმული აზრისა და პროფესიული შეფასებების გამო;

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ასევე მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება 2023 წლის 11 ივლისს, შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვის დროს, გოგა რაზმაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტზე და ასევე მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დროულად შეისწავლოს გოგა რაზმაძის საჯარო განცხადება და მიიღოს ზომები მისი უფლებების დასაცავად.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის პრეს-ცენტრში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ჯერ არ აქვთ პასუხი, ხომ არ დაიწყო უწყებამ გამოძიება გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვის დროს, გოგა რაზმაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტზე.

რაც შეეხება სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის ოფისმა გოგა რაზმაძის საქმეზე მოკვლევა ერთი კვირის წინ დაიწყო:

„ერთ კვირაში ვერაფერი გამოვლინდება, იმიტომ რომ საქმის შესწავლას აქვს თავისი პროცედურა. ამას რაღაცა დრო დასჭირდება“, - უთხრა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...