ნატა საბანაძე - ქართველები საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დებდნენ, იმის იმედით, რომ ოდესმე ნატოს კარი ჩვენთვისაც გაიღებოდა
რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, უკრაინის მომავალი რომ ნატოშია და ამ ქვეყნის გზა გასცდა გაწევრების სამოქმედო გეგმის საჭიროებას, - ამის შესახებ ვილნიუსის ნატოს სამიტის კომუნიკეშია ნათქვამი. ამასთან, ერთი შეხედვით, ადგილიდან დაიძრა ევროკავშირში თურქეთის გაწევრების საკითხიც. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთისა და შვედეთის ლიდერებს შორის ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ერდოღანი თანახმაა, შვედეთის ნატო-ში გაწევრების განაცხადს მხარი დაუჭიროს, შვედეთი კი აქტიურად დაუჭერს მხარს თურქეთის ევროკავშირში გაწევრების პროცესის გააქტიურებას. რა ხდება ამ დროს საქართველოსთან დაკავშირებით, სად, რომელ ალიანსში შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ადგილი, რატომ არ მიიწვიეს პრემიერი ღარიბაშვილი ვილნიუსის სამიტზე? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საქართველოს ყოფილი ელჩი, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში, ასევე, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატა საბანაძე გვესაუბრება:
- ვილნიუსში ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი გაიმართა, გადაწყდა შვედეთის ნატოში გაწევრების საკითხი, რაზეც ერთმნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თურქეთის საკითხიც. რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ეს მოცემულობა ზრდის ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოებას, ე.ი. ბალტიის ქვეყნები მთლიანად და ბალტიის ზღვა ხდება ნატო. შესაბამისად, ეს დიდი შენაძენია არა მხოლოდ ნატოსთვის, არამედ - ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრებისთვის, ვინაიდან მათი უსაფრთხოება ყოველთვის სერიოზული რისკის ქვეშ იდგა. თურქეთი, როგორც ერდოღანს სჩვევია, დიდხანს ვაჭრობდა. საბოლოოდ, გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის კუთხით რაღაც დათმობებზე წამოეყვანა პარტნიორები. მე არ ვიტყოდი, რომ ეს გაწევრებას ძალიან დააჩქარებს. როგორც იცით, თურქეთი კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ გაწევრების პროცესი დიდი ხნის წინ გაიჭედა. ერდოღანს ახლა რამდენიმე თემა აინტერესებს, ევროკავშირთან საბაჟო კავშირის განახლება და უვიზო მიმოსვლა. თუ გახსოვთ, როდესაც ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხს განიხილავდა, მაშინ თურქეთზეც იყო საუბარი. როგორც ჩანს, ახლა ეს თემა ისევ დადგება დღის წესრიგში, ე.ი. არის საკითხები, რისი „წამოღებაც“ თურქეთს ევროკავშირში გაწევრებამდე უნდა. თავად ევროკავშირისთვის განსაკუთრებული არაფერია, თუმცა საინტერესოა. ასეა თუ ისე, თურქეთმა ივაჭრა, თავისი როლი შეასრულა და ვილნიუსის სამიტზე პოზიტიური გარემო შექმნა.
- ამ პროცესების კვალდაკვალ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ევროპაში თურქეთს არავინ ელოდება და ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ ანკარას ცრუ იმედები არ უნდა ჰქონდეს.
- ეს არის ნარატივი, რომელსაც რუსეთი დიდი მონდომებით აღვივებს. სამწუხაროდ, ამ ნარატივმა ჩვენთანაც მყარად მოიკიდა ფეხი, თითქოს ჩვენთვის ნატოსა და ევროკავშირის კარი დაკეტილია და ა.შ. არადა, სწორედ ახლა გაიღო ყველაზე ფართოდ ევროკავშირისა და ნატოს კარი. ვინაიდან ევროკავშირში უსაფრთხოების საკითხი მწვავედ დადგა, მთავარ გამოწვევად კი რუსეთი დასახელდა. ბრიუსელში ყოფნის დროს, მე და ჩემი უკრაინელი კოლეგა დიდი მონდომებით ვცდილობდით, აგვეხსნა, რომ რუსეთი საფრთხეა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ - ზოგადად ევროპული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წესრიგისთვის. მართალია, მე და ჩემმა უკრაინელმა კოლეგამ დასავლელი პოლიტიკოსების დარწმუნება ვერ შევძელით, მაგრამ ეს შეძლო თავად პუტინმა! შეიძლება ითქვას, რომ ევროპა ახლა, უკრაინის მხარში დგომით, საკუთარ თავს იცავს. უკრაინამ ალიანსს დაანახა, რომ მისი ნატოში გაწევრება გარდაუვალი აუცილებლობაა. ახლა მხოლოდ იმაზე მიმდინარეობს მსჯელობა - როდის და როგორ უნდა მოხდეს ეს. საუბარია იმაზე, რომ მოიხსნას საგზაო რუკის ანუ მაპის საკითხი, რომელიც თავის დროზე საქართველოსა და უკრაინისთვის ერთგვარ დაბრკოლებად იქცა. ახლა ერთადერთი, მაგრამ სერიოზული დაბრკოლებაა ომი. სამწუხაროდ, გამორიცხულია ომში მყოფი უკრაინის ნატოში მიღება, იმიტომ, რომ ეს თავისთავად ნიშნავს ნატოს ომში ჩართვას. შესაბამისად, ომის დასრულების შემდეგ უკრაინას გარანტირებული აქვს ნატოს წევრობა. უკრაინამ დაამტკიცა, რომ ის რისკების შემცველი კი არა, პირიქით - ძალიან ღირებული შენაძენი იქნება ნატოსთვის. ჩვენც ამის დამტკიცებას ვცდილობდით, წლების განმავლობაში ვიყავით კონტრიბუტორი, ერთ-ერთი უპირობო ლიდერი, ნატოს ასპირანტ ქვეყნებს შორის. ჩვენმა ჯარისკაცებმა საკუთარი სისხლი გაიღეს, რათა დაემტკიცებინათ, რომ საქართველო დამატებითი ღირებულების მქონე ქვეყანაა ალიანსისთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოების გარემოს შექმნა, პარტნიორებთან ერთად. დიახ, ქართველები საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დებდნენ, იმის იმედით, რომ ოდესმე ნატოს კარი ჩვენთვისაც გაიღებოდა. ამიტომ ძალიან მძიმე, სევდიანი იყო იმის ნახვა, რომ გუშინ სამიტზე, ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, რომ ამ სამიტიდან არაფრის მოლოდინი არ გვქონდა...
- რა მოხდება იმის შემდეგ, როდესაც ომი დასრულდება და უკრაინა ნატოს წევრი გახდება, საქართველო სად აღმოჩნდება?
- წესით, დღეს საქართველო უკრაინასთან ერთად უნდა საუბრობდეს უსაფრთხოების გარანტიებზე, უნდა ვიყოთ იქ, რისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძოდით და რისთვისაც ამდენი რესურსი გავიღეთ! რატომ გვინდოდა ჩვენ ასე ძალიან ნატოში და რატომ უნდა დღეს უკრაინას? იმიტომ, რომ ეს ალიანსი არის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ამ სამყაროში. სხვა არაფერი მუშაობს და არაფერს აქვს ძალა! არ მესმის რატომ არ ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ! არ არის მართალი თქმა იმისა, რომ ყველაფრის მიზეზი ჩვენი პარტნიორების პარტიული პოლიტიკაა. მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს ეხებოდა, არანაირ პარტიულ გაყოფას არ ჰქონდა ადგილი. ჩვენ აშკარად გვყავდა მეგობრები და ამაზე მეტყველებს, როგორც ევროკავშირის უამრავი რეზოლუცია, ასევე - ნატოს დასკვნები. განსაკუთრებით, ნატოსთვის ჩვენ ერთ-ერთი წამყვანი ასპირანტი ქვეყანა ვიყავით და ბოსნია, მოლდოვის გვერდით დგომა ნამდვილად არ არის იმ ძალისხმევის შესაბამისი, რაც ჩვენ ამ დრომდე გავწიეთ. ძნელია საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვლება საუბარი ომის შემდეგ, ვინაიდან ახლა ცალსახად ვერ ვიტყვით, რა შეიძლება ჩაითვალოს უკრაინისთვის ომის მოგებად და წაგებად. ვფიქრობ, რომ როგორც უნდა დასრულდეს ომი, რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე იქნება იმის გარანტია, რომ უკრაინა ნატოს წევრიც გახდება და - ევროკავშირისაც. უკრაინამ ეს დაიმსახურა, ჩვენც დავიმსახურეთ, უბრალოდ, ბოლო დროს, საქმეს ძალისხმევა დავაკელით და მეგობრები მოვიმდურეთ. იმისათვის, რომ რაიმე ტიპის ალიანსში მიგიღონ, მეგობრებს შენი ერთგულების იმედი უნდა ჰქონდეთ. ჩვენი ხელისუფლების დღევანდელი პოზიციონირება მთელ რიგ კითხვის ნიშნებს აჩენს. ღარიბაშვილის განცხადებამ იმის შესახებ, რომ ომი ნატოს გამო დაიწყო, დასავლეთში ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინა.
- ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ მთელი რიგი არგუმენტები, ისინი ამბობენ და ეს თქვენც აღნიშნეთ, რომ საქართველომ ძალიან დიდი რესურსი გაიღო, ნატოსა და ევროკავშირის კარის გაღების მოლოდინში, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლეთს ამუნათებს, რომ ჩვენთვის კარის გაღება ძალიან დააგვიანა.
- დიახ, მეც ვაკვირდები ამ რიტორიკას და ერთი რამ არ მესმის, მაშინ როდესაც ყველაფერი გაცილებით რთული იყო და დასავლელი პარტნიორები კარს არ გვიღებდნენ, ჩვენ უკან არ ვიხევდით, ყველაფერს ვაკეთებთ, პოლიტიკა იყო ეს, დიპლომატია თუ სამხედრო კონტრიბუცია, ყველაფერი ჩართული გვქონდა ამ საქმეში, ახლა კი, როდესაც ეს კარი გაიღო, ჩვენ ვამბობთ, რომ უკვე აქ ძალიან დიდი ხანი ვიდექით და ახლა აღარ გვინდა შემოსვლა! ეს ძალიან უცნაურია! დიახ, ჩვენ გვიჭირდა დასავლელი პარტნიორების დარწმუნება იმაში, რომ რუსეთი მხოლოდ ჩვენთვის არ წარმოადგენდა საფრთხეს, მაგრამ ახლა მათ ხომ შეცვალეს პოზიცია?! დღეს არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვენ ჩვენგან, პარტნიორებს უნდათ, რომ უკრაინას მორალური თვალსაზრისით გულწრფელად ვუჭერდეთ მხარს და არა - ცალყბად და ომის დაწყებას ნატოს არ ვაბრალებდეთ! ჩემთვის ეს გაუგებარია!
- როგორც დიპლომატი, როგორ აფასებთ, რუსეთთან ჩვენი ხელისუფლების ურთიერთობას, რომელსაც თავად "მოთმენის პოლიტიკას" უწოდებენ და რამდენად შესაძლებელია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით დეოკუპაციის განხორციელება, როგორც ამას „ქართული ოცნება“ გვპირდება?
- აბსოლუტურად არარეალურია რუსეთთან მშვიდობიანი, დიპლომატიური ურთიერთობებით ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა. ადრეც ფიქრობდნენ, რომ რუსეთთან სტრატეგიული მოთმინებით რაიმე შედეგის მიღება შესაძლებელი იყო, მაგრამ უკვე ხომ დავინახეთ, რომ რუსეთს არ სჭირდება მიზეზი აგრესიისთვის. რუსი პოლიტიკოსები მხოლოდ საკუთარ ქვეყანას მიიჩნევენ სუვერენულ სახელმწიფოდ, ყველა სხვა დანარჩენი, სამეზობლოში, ნახევრად სუვერენულად მიაჩნიათ და ფიქრობენ, რომ ყველგან მათი გავლენა უნდა იყოს. თუ ჩვენს ხელისუფლებას უნდა, რომ კვაზი სუვერენული სახელმწიფო ვიყოთ, რუსეთის გავლენის ქვეშ, გვითხრან, ჩაგვაყენონ საქმის კურსში. სინამდვილეში, ჩვენ ეს არ გვინდა, იმიტომ, რომ უკვე ძალიან ბევრი გვაქვს გაღებული რეალური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და უსაფრთხოებისთვის. ჩვენი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი არის ნატო, სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.
(სპეციალურად საიტისთვის)
ხათუნა ბახტურიძე
kvirispalitra.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.