დავით სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილება უწყდება
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ დავით სერგეენკოს, რომელიც სხდომებს ე.წ. აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ არ დასწრებია, დეპუტატის უფლებამოსილება უწყდება. საკითხი განსახილველად შეტანილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 14 ივლისის სხდომის დღის წესრიგში.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, "ინტერპრესნიუსს" უთხრა, რომ საკითხის დაყენების მიზეზია დეპუტატის მიერ სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიოდ გაცდენა.
საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები არ ჩატარდება. საარჩევნო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, "თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში". აქვე აღნიშნულია, რომ "საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები არ იმართება".
დავით სერგეენკო "ნაციონალური მოძრაობის" "ქართული ოცნების" ხელისუფლებით შეცვლის შემდეგ, 2012 წლიდან 2019 წლამდე ჯანდაცვის მინისტრი იყო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის საბურთალოს მაჟორიტარად აირჩიეს, იკავებდა ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც.
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონპროექტი პირველი მოსმენით მარტში მიიღო - ამ დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ ეს "საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე" იყო, ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. პროტესტის გამო "ქართულ ოცნებას" კანონპროექტის ჩაგდება მოუწია.
ამ კანონპროექტის გაწვევიდან რამდენიმე დღეში, 18 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობამ და საქართველოს მთავრობის წევრებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს, რომელსაც არ დასწრებიან პარლამენტის მაშინდელი დეპუტატები დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი, ირაკლი კოვზანაძე და ნინო იობაშვილი. მათ ამ კანონპროექტისთვის ხმა არ მიუციათ. მედიასაშუალებები მაშინ იტყობინებოდნენ, რომ მათი ინფორმაციით, ეს დეპუტატები აღარ იქნებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში. სერგეენკოს გარდა, ამ მოცემულობით, ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი პირი აღარ არის პარლამენტის წევრი.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.