Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და MAP-ის გარეშე გაწევრება | რა გადაწყვეტილებები მიიღეს NATO-ს სამიტზე


ვილნიუსში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი იმართება. სამიტი ხვალ დასრულდება, მაგრამ ძირითად საკითხებზე მოკავშირეები დღეს უკვე საუბრობენ, დღესვე გამოქვეყნდა კომუნიკე, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები. თუმცა ვილნიუსის სამიტზე ცენტრალური ადგილი უკრაინის საკითხს ეკავა.

უკრაინის გზა ალიანსის წევრობამდე

კიევმა გასულ წელს NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრება მოითხოვა და განაცხადი შეიტანა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტამდე რამდენჯერმე განაცხადა, რომ კიევი NATO-ს სამიტისგან მათთვის მკაფიო პოზიტიურ გზავნილს მოელოდა. უკრაინის ხელისუფლებას სურს, რომ ქვეყანა NATO-ში მიიწვიონ და ალიანსისგან კონკრეტული ვადა მიიღონ, თუ როდის გახდება უკრაინა NATO-ს წევრი.

სამიტის დაწყებამდე ზელენსკიმ მოკავშირეები გააკრიტიკა კიდეც, რომ უკრაინის ალიანსში წევრობის შესახებ მათ უკრაინის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილებები. ზელენსკიმ სამიტის დაწყებამდე კიდევ ერთხელ მოითხოვა მკაფიო გზავნილი უკრაინის ალიანსში წევრობის შესახებ.

თუმცა, NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განცხადა, რომ ალიანსის მოქმედ წევრებს ასეთი ვადები არ მიუღიათ და NATO-ს წევრობა დამოკიდებულია არა ვადებზე, არამედ პირობებზე, რომელიც უკრაინამაც უნდა დააკმაყოფილოს. მაგრამ კიევი ალიანსისგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას მიიღებს, მათ შორის, ინტეგრაციის გამარტივების კუთხითაც.

იენს სტოლტენბერგმა უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის კუთხით სამი მიმართულება წარადგინა:

1. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება მაშინ, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილდება. თუმცა უკრაინას არ მოუწევს წევრობის სამოქმედო გეგმის გავლა და მისი ინტეგრაცია გზა ორსაფეხურიანი პროცესის ნაცვლად, ერთსაფეხურიანი იქნება;

2. უკრაინისთვის შეიქმნება სამხედრო დახმარების პროგრამა, რომელიც კიევს NATO-ს სასწავლო სტანდარტებზე გადასვლაში დაეხმარება;

3. ჩამოყალიბდება NATO-უკრაინის ახალი საბჭო, მოკავშირეებისა და უკრაინის თანაბარი უფლებებით. პირველი შეხვედრა კი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად უკვე ხვალ გაიმართება.

იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება ომის დასრულების შემდეგ, რომელიც ერთ-ერთი წინაღობაა. თუმცა ამის გარდა, უკრაინამ უნდა გაატაროს საჭირო რეფორმები, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი მეტად თავსებადი უნდა გახდეს ალიანსთან.

სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის

უკრაინის NATO-ში გაწევრების გარდა ვილნიუსის სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერაზეც იმსჯელეს. ახალი გრძელვადიანი სამხედრო დახმარების პროგრამის გარდა, ვილნიუსის სამიტის დაწყებისას საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინისთვის მორიგი სამხედრო მხარდაჭერის პაკეტები დააანონსეს.

საფრანგეთმა უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემა გადაწყვიტა, რაც უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინას რუსეთის მომარაგების ხაზების, ლოგისტიკური ცენტრების, შტაბების და ზურგში არსებული სხვა სამხედრო სამიზნეების განადგურებაში უნდა დაეხმაროს. ეს რაკეტები ბრიტანული Storm Shadow ტიპის რაკეტების ანალოგია, რომელსაც უკრაინა ომში უკვე იყენებს.

სამხედრო დახმარების მსხვილი პაკეტი გამოაცხადა გერმანიამაც. ბერლინში უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებითი გამშვები დანადგარების გადაცემა გადაწყვიტეს. Patriot-ებთან ერთად გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და სხვა ტიპის შეიარაღებას გადასცემს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...