Jump to content
Planeta.Ge

„უპრეცედენტო და აბსურდული ფორმულირება“ — ზელენსკი ნატოს აკრიტიკებს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აკრიტიკებს ვილნიუსის სამიტის მოსალოდნელ შედეგებს უკრაინასთან მიმართებაში.

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ალიანსის გადაწყვეტილების ტექსტი უკრაინის გარეშე განიხილება.

„ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. და ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბარს. ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინა იქნება წარმოდგენილი. იმიტომ რომ ეს პატივისცემის ამბავია. მაგრამ უკრაინაც იმსახურებს პატივისცემას. ახლა, ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე, მივიღეთ სიგნალები, რომ გარკვეული ფორმულირება [ტექსტი] უკრაინის გარეშე განიხილება. და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ფორმულირება ეხება ნატოს წევრად მიწვევას და არა — უკრაინის წევრობას“, — წერს ზელენსკი Twitter-ზე.

მისი თქმით, უპრეცედენტო და აბსურდულია, როცა ვადები არ არის განსაზღვრული არც მოწვევისთვის და არც უკრაინის წევრობისთვის.

„ამავდროულად, უკრაინის მიწვევისთვისაც კი გაურკვეველი ფორმულირება ემატება „პირობების“ შესახებ. როგორც ჩანს, არ არის მზადყოფნა არც უკრაინის ნატოში მიწვევისა და არც გაწევრიანების შესახებ.
ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობათა ფანჯარა რჩება რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ვაჭრობისთვის. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს ტერორის გაგრძელების მოტივაციას. გაურკვევლობა სისუსტეა. და მე ღიად განვიხილავ ამას სამიტზე“, — აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ნატოს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს იმართება. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სამიტის კომუნიკეს ტექსტი, დღეს საღამოს გასაჯაროვდება.

როგორც ცნობილია, ნატო აპირებს უკრაინისთვის მრავალწლიანი პროგრამის შეთავაზებას უკრაინის ძალებსა და ნატოს ძალებს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად. ასევე, დაარსდება ნატო-უკრაინის საბჭო. ალიანსის გადაწყვეტილებით, ისევე როგორც ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, უკრაინა ნატოში გაწევრიანდება წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე.

გასულ წელს უკრაინამ ნატოში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ ოფიციალური განაცხადი გააკეთა. მოკავშირეები აცხადებენ, რომ უკრაინა ვერ შეუერთდება ალიანსს ომის დასრულებამდე. კიევი აცხადებს, რომ აღნიშნულს აცნობიერებს, თუმცა მისი სურვილია, ვილნიუსის სამიტზე განისაზღვროს უკრაინის გაწევრიანების მკაფიო გზა, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები და პოლიტიკური მიწვევა ალიანსში გაწევრიანებაზე.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...