ანა ბუჩუკური - გახარიას პრემიერობის დროს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო ამაყობდა საქართველოთი, ახლა კი ვხედავთ ვითარებას, როცა საქართველო ნახსენები შეიძლება არ იყოს - ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებისთვის ყველას პასუხისმგებლობა დაეკისრება
ვხედავთ ვითარებას, როდესაც იმაზე ვნერვიულობთ, რომ საქართველო ნატო-ს სამიტზე ნახსენები შეიძლება არ იყოს - გულწრფელად მჯერა, რომ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებისთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ისტორიის წინაშე პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ სამიტზე საქართველოდან მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება.
„2022 წლის სექტემბერში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო ამაყობდა საქართველოსთან თანამშრომლობით. ეს იყო მაშინდელ პრემიერთან, გახარიასთან შეხვედრის შემდეგ და სულ რაღაც 3 წელიწადში, სამწუხაროდ, ვხედავთ ვითარებას, როდესაც იმაზე ვნერვიულობთ, რომ საქართველო ნახსენები შეიძლება არ იყოს. გულდასაწყვეტია, რომ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება ამხელა ღონისძიებაზე. როგორც ქვეყნის მოქალაქეს, გულწრფელად მჯერა, რომ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებისთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ისტორიის წინაშე პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება. ვერ ამოეფარებიან ვერავის. ეს, ფაქტობრივად, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულია“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
გარდა ამისა, ბუჩუკური გამოეხმაურა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაგეგმილ, „თავდაცვის კოდექსის“ განხილვას და განაცხადა, რომ მისი გუნდი თავდაცვის სისტემის რეფორმის აუცილებლობას იზიარებს, თუმცა კოდექსის დაჩქარებულად განხილვას არ ეთანხმება.
„ის, რომ თავდაცვის სისტემა სარეფორმოა, ჩვენი გუნდისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ასევე, ვიზიარებთ იმას, რომ ახალი კანონმდებლობაა მისაღები, მაგრამ ამ კოდექსს არსებითად დიდი პრობლემა აქვს. ჩვენი გუნდისთვის ასევე მიუღებელია, რომ ფაქტობრივად, დაჩქარებულად ხდება ამხელა რეფორმის განმახორციელებელი კანონის მიღება. თავების განხილვა ხდება და არა მუხლობრივი. არ შეიძლება, რომ ამხელა სისტემური რეფორმის მიღება ამ რეჟიმში ხდებოდეს. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს - „გირჩი“ სავალდებულოობას ეწინააღმდეგება. ჩვენი მიდგომა ასეთი არ არის, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მოხდეს სისტემის გაუმჯობესება და შემდეგ ახალგაზრდების წახალისება, რომ თავად გაუჩნდეთ სისტემაში მისვლის სურვილი, ისინი პირიქით აკეთებენ - წახალისების ნაცვლად რეპრესიული მეთოდი შემოაქვთ, როდესაც იძულებულს ხდიან ახალგაზრდებს, რომ ჯარს ემსახურონ“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს ნატო-ს ორდღიანი სამიტი იხსნება. შეხვედრებს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
ძირითადი საკითხები, რომელსაც ალიანსის ლიდერები ვილნიუსში განიხილავენ, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი და ალიანსის წევრობაზე კიევის განაცხადი იქნება.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისინი ვილნიუსის სამიტისგან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალს ელიან. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამიტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.