Jump to content
Planeta.Ge

წყლის გასაწმენდად განკუთვნილი ნახევარი მილიონი მიითვისა "ხელვაჩაურის წყალკანალის" დირექტორმა - პროკურატურა


ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო "ხელვაჩაურის წყალკანალის" ყოფილი დირექტორი და მას დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისთვის 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება "ხელვაჩაურის წყალკანალის" დირექტორს ედავებოდა 2019-2021 წლებში წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხის, ჯამში მილიონ ლარზე მეტის, მითვისებას. დავით მიქელაძე 2022 წლის 17 ოქტომბერს დააკავეს.

"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი, მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან ყოველთვიურად აფორმებდა ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვით თითქოსდა აღნიშნული პირები ახორციელებდნენ წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს. ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების, ასევე ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ზემოხსენებულ პირებს, ანაზღაურების სახით ერიცხებოდათ საბიუჯეტო თანხები, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებული დაეუფლა ბიუჯეტის კუთვნილ 597 200 ლარს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოძიება "ხელვაჩაურის წყალკანალის" დირექტორის წინააღმდეგ აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველი დაიწყო.

"მუნიციპალიტეტში არსებული 66 ერთეული წყალსადენის (46 ზედაპირული წყალსადენი რეზერვუარით და 20 არტეზიური ჭაბურღილი რეზერვუარით) რეზერვუარის მოვლა ექსპლუატაციისათვის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალში“ დასაქმებულია 81 შტატგარეშე თანამშრომელი და ჯამში გაცემულია შრომის ანაზღაურება 431,000 ლარის ოდენობით. დასაქმებულ პირებს უნდა განეხორციელებინათ წყლის და შენობა-ნაგებობის რეცხვა-გასუფთავება, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ვალდებულების ჯეროვნად შესრულება წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, ამასთანავე, ვერ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული რწმუნება შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, შპს „ხელვაჩაურის წყალკანალმა“, 2019-2020 წლებში სათავე ნაგებობების გაწმენდისთვის, 195 შემთხვევაში 19 ფიზიკურ პირთან ყოველთვიურად გააფორმა ერთჯერადი ხელშეკრულებები და ბიუჯეტიდან დამატებით გადაიხადა 369,985 ლარი, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტებით მათ მიერ სამუშაოების ფაქტობრივად განხორციელება ვერ იქნა დადასტურებული", - ესაა ფრაგმენტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აუდიტის ანგარიშიდან, რაც გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა.

"ხელვაჩაურის წყალკანალი" არის მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს. 2019 წელს ამ კომპანიაში დასაქმებული იყო 70 ოპერატორ-დეზინფექტორი, რომელთა შრომის ანაზღაურებაც ხელვაჩაურის ბიუჯეტს 202 750 ლარი დაუჯდა. 2020 წელს კომპანიაში დასაქმებულ ოპერატორ-დეზინფექტორების რაოდენობა 81-მდე გაიზარდა, მათი სახელფასო ფონდი კი - 228 250 ლარამდე.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...