Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტი - საქართველოსთვის ეკონომიკური მდგრადობა რუსების შემოდინებასთანაა დაკავშირებული, რომლებმაც შემოიტანეს ვალუტა და შექმნეს ახალი ბაზარი, ეს საკმაოდ სახიფათოა - რუსეთი ცდილობს, ომი, რომელსაც უკრაინაში აგებს, ჰიბრიდული ფორმით აქ განახორციელოს


ევროპის სიმტკიცე ჩვენთვის ფუნდამენტურია, რათა ევროპული პერსპექტივა კანდიდატის სტატუსად გადაიქცეს, რეალობაში, როცა რუსეთი ცდილობს ომი, რომელსაც უკრაინაში აგებს, ჰიბრიდული ფორმით აქ განახორციელოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Rencontres Économiques d'Aix-en-Provence-ის ეკონომიკური ფორუმზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროპის ერთიანობაზე, მისი თქმით, ევროპამ უკვე აჩვენა, რომ ძალა შეინარჩუნა და შეინარჩუნებს.

ეკონომიკური გამოწვევების კონტექსტში სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოს მაგალითზეც და განაცხადა, რომ რუსების „შემოდინებასთან“ დაკავშირებული ეკონომიკური მდგრადობა სახიფათოა.

„მრავალი პროგნოზი გაკეთდა, რომ ზამთარი ძალიან მძიმე იქნებოდა, დღეს ამბობენ, რომ მომდევნო ზამთარი იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ რეალურად, ევროპამ უკვე აჩვენა, რომ ძალა შეინარჩუნა და შეინარჩუნებს. ასევე ვხედავთ, ძლიერი ევროპის პერსპექტივის ხელახლა გახსნას, რომელიც დიდი ხანია არ გვინახავს და რასაც ველოდებით, ეს თავდაცვითი ევროპაა. ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის წარმოჩენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენთვის, ვინც ჯერ კიდევ ამ ევროპული ერთობის გარეთაა, რადგან უსაფრთხოების მოლოდინი ისაა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს მიდგომას.

საქართველოსთვის, რომელიც ამ ერთობის გარეთაა, (თავის მხრივ, გაუძლო ეკონომიკურ ზეწოლას, ჩვენ შედარებით განსხვავებული ეკონომიკური ზეწოლა გვაქვს) ეკონომიკური მდგრადობა რუსების შემოდინებასთანაა დაკავშირებული, რომლებმაც შემოიტანეს ვალუტა და ასე რომ ვთქვათ, შექმნეს ახალი ბაზარი. ეს საკმაოდ სახიფათოა, რადგან ეს დამოკიდებულების ერთ-ერთი ახალი ფორმაა და განსხვავებული, რომელიც საყურადღებოა. ეს არ არის ერთადერთი რისკი, რომელიც ჩვენს წინაშეა.

თქვენ იცით, რომ საქართველოს გამოვლილი აქვს ორი ომი რუსეთთან, ბოლო 2008 წელს, მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ნათელია რუსეთის პირდაპირი ზეწოლა. ევროპის სიმტკიცე ჩვენთვის ფუნდამენტურია, რათა გასულ წელს მინიჭებული ევროპული პერსპექტივა კანდიდატის სტატუსად გადაიქცეს, იმ რეალობაში, როცა დღეს რუსეთი ცდილობს, რომ ომი, რომელსაც ის უკრაინაში აგებს, ჰიბრიდული ფორმით აქ განახორციელოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...