FDA-მა ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატს სრული ავტორიზაცია მიანიჭა
ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატს სრული ავტორიზაცია მიანიჭა, რაც გულისხმობს, რომ სადაზღვევო კომპანიები ამ პრეპარატით დაავადების მკურნალობის ხარჯების დაფარვას დაიწყებენ.
როგორც გამოცემა ABC წერს, წამალ Leqembi-ის გამოყენება შეეძლებათ დემენციისა და ალცჰაიმერით გამოწვეული სხვა სიმპტომების მქონე ადამიანებს. ესაა პირველი პრეპარატი, რომელმაც აჩვენა, რომ მას დანამდვილებით შეუძლია შეანელოს დაავადებით გამოწვეული კოგნიტური დაქვეითება.
წამლების დამამზადებელმა იაპონურმა კომპანია Eisai-მა თანხმობა იანვარში მიიღო, რაც Leqembi-ის მიერ ნაჩვენებმა შედეგებმა განაპირობა. FDA-მა ეს შედეგები დაადასტურა 1,800 პაციენტზე ჩატარებული კვლევის გადახედვის შემდეგ, რომლის თანახმადაც, მედიკამენტმა 5-თვიანი მკურნალობის ფარგლებში, შეანელა მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება.
”ამ კვლევამ დაადასტურა, რომ ეს არის უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებისთვის”, - თქვა FDA-ის ნევროლოგიის პრეპარატების დირექტორმა, ტერეზა ბურაჩიომ.
წამლის რეცეპტში შეტანილი იქნება ინფორმაცია და სერიოზული გაფრთხილება, რომ მისმა გამოყენებამ, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, გამოიწვიოს თავის ტვინის შეშუპება და სისხლდენა.
აღსანიშნია, რომ პაციენტები დიდი ხანია ითხოვენ FDA-სგან მიანიჭოს მედიკამენტს სრული ავტორიზაცია, რადგან სადაზღვევო კომპანია Medicare უარს ამბობდა ხარჯების დაფარვაზე, თუ Leqembi-ის ავტორიზაცია არ ექნებოდა.
ახლა კი სადაზღვევო პაკეტში ეს მედიკამენტიც შევა, თუმცა გაგრძელდება მასზე დაკვირვება და ინფორმაციის მოგროვება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ის.
რაც შეეხება მეორე ანალოგიურ პრეპარატს, Aduhelm-ს, მას ავტორიზაციას ჯერ წლები აშორებს.
საავადმყოფოებისა და სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადამიანების მიერ წამლის მიღების დაწყებას, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს.
აუცილებელია, პრეპარატი მხოლოდ იმ პაციენტებმა მიიღონ, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებათ. ექთნები უნდა გადამზადდნენ და პაციენტები მონიტორინგის ქვეშ იყვნენ განმეორებით ტვინის სკანირებით, რათა შეამოწმონ შეშუპების ან სისხლდენის შემთხვევებს ხომ არ აქვს ადგილი.
Eisai-მა ინვესტორებს განუცხადა, რომ შესაბამისი დიაგნოზის მქონე, დაახლოებით, 100,000 ამერიკელს შეეძლება მიიღოს Leqembi 2026 წლისთვის.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.