Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტი - საქართველოს მოსახლეობა თავის მომავალს მხოლოდ ევროპასთან ერთად და ევროპაში ხედავს და მას არასოდეს გადაუხვევია ამ ეგზისტენციური არჩევანიდან


საქართველოს მოსახლეობა თავის მომავალს მხოლოდ ევროპასთან ერთად და ევროპაში ხედავს და მას არასოდეს გადაუხვევია ამ ეგზისტენციური არჩევანიდან, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე პლენარული სესიის მონაწილეებს, რომლებისთვისაც პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის თაობაზე მოსალოდნელმა გადაწყვეტილებამ, „კიდევ უფრო უნდა მიაბას საქართველო ევროპას, გააძლიეროს მისი დემოკრატია და სტაბილურობა“.

„საქართველო მოხარულია, რომ პირველად მასპინძლობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასა და პლენარულ სესიას. მაქვს პატივი, მოგესალმოთ ყველას: დელეგატებს, რომლებიც 28 წევრ და ასოცირებულ სახელმწიფოსა და 10-ზე მეტ რეგიონს წარმოადგენენ.

საქართველო, რომელიც თქვენი 48-ე სესიის მასპინძელია, ამაყობს, იმით, რომ ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ფრანგულმა, როგორც კულტურისა და ევროპისადმი ღიაობის ენამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. უნივერსალური, მოწოდების ენის გამოყენება აშკარად წარმოადგენს აუცილებლობას მსოფლიოში ნაკლებად გავრცელებული და იშვიათი ენის მქონე ქვეყნისთვის.

საბჭოთა კავშირის დახურულ სივრცეში, რუსული დაგვიწესდა, როგორც კომუნიკაციის სავალდებულო ენა, თუნდაც როგორც მორჩილების ენა. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ დაბრუნება დაემთხვა ახალი სივრცეების გახსნას, ახალ ორგანიზაციებში შესვლას, სადაც ინგლისური დღეს კომუნიკაციის მთავარი, თუმცა არა ექსკლუზიური ენაა ამ გლობალიზებულ სამყაროში. თუმცა, ფრანგული განსაკუთრებულ ადგილს ინარჩუნებს, განსაკუთრებულ ადგილს აქ, როგორც კულტურის ენა, უპირველეს ყოვლისა, არჩევანის ენა და კვლავაც ევროპისადმი ღიაობის ენა.

მაგრამ, ფრანკოფონიის ასამბლეა გაცილებით მეტია, ვიდრე იმ ქვეყნების შეხვედრა, რომლებიც სხვადასხვა ხარისხით იზიარებენ ფრანგული ენის გამოყენებას. ბევრი სხვა, მულტილატერალური ფორმების მსგავსად, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა დროთა განმავლობაში, იქცა სივრცედ, რომლის წევრ ან ასოცირებულ სახელმწიფოებს აერთიანებთ ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ენა, და ეს საერთო პროექტები და საერთო ღირებულებებია.

დღეს მსოფლიოში და სხვადასხვა ადგილას მულტილატერალიზმისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები - საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა, თავდასხმის ქვეშაა, ან პირდაპირ ირღვევა.

ეს დარღვევები და არსებითი პრინციპების ეჭვქვეშ დაყენება აშკარაა უკრაინაში, სადაც რუსული აგრესია განაგრძობს რუსული იმპერიალიზმის ნამდვილი სახის გამოვლენას. ეს რეალობა, რომლის ხილვის საშუალება თქვენ თავად მოგეცათ აქ, საქართველოში, სადაც რუსეთი კანონისა და სამართლიანობის დარღვევით იკავებს ჩვენი ტერიტორიის 20%-ს.

5 ივლისს საოკუპაციო ხაზთან თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც სოლიდარობის ნიშანი და მნიშვნელოვანია თქვენთვისაც, რადგან ეს საშუალებას მოგცემთ წარმოიდგინოთ ეს მიუღებელი რეალობა და გაზომოთ, თუ როგორ არ აქვს ალტერნატივა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს: მხოლოდ უკომპრომისო პატივისცემით შეგვიძლია ავაშენოთ ხანგრძლივი მშვიდობა და სამართლიანი სამყარო.

ასეთი ფორუმების არსებობა, რომლებიც გვაერთიანებს საერთო იდეალების გარშემო, იმის შეხსენებაა, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია ჩვენი საერთო და განუყოფელი სიკეთეა.

თქვენ სტუმრობთ საქართველოს თავისი ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზე და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპისკენ მტკიცე მსვლელობისას; მოსალოდნელმა გადაწყვეტილებამ, რომელსაც ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, ამ წლის ბოლოს ველოდებით, კიდევ უფრო უნდა მიაბას საქართველო ევროპას, გააძლიეროს მისი დემოკრატია და სტაბილურობა; ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილი და ნებაა, რომელსაც არასოდეს გადაუხვევია ამ ეგზისტენციური არჩევანიდან და თავის მომავალს მხოლოდ ევროპასთან ერთად და ევროპაში ხედავს.

ამ გლობალიზებულ, მაგრამ კონფლიქტებითა და ძალადობით გაჟღენთილ დაუწყნარებელ სამყაროში, კულტურების მრავალფეროვნება და მათ შორის დიალოგი უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე: ეს არის გაკვეთილი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ჩვენი ისტორიის, ჩვენი ტრადიციების ნაწილით, რომელთა შორის ტოლერანტობა გამორჩეულია.

სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენს ასამბელას, რომელიც თავისი მრავალფეროვნებითა და მულტიკულტურალიზმით გამოირჩევა, ჩვენს დედაქალაქში - თბილისში ვმასპინძლობ, რომლის ისტორია კულტურებს, რელიგიებს შორის მრავალსეკულარული დიალოგის ცოცხალ ნიშანს ატარებს. თავად არქიტექტურაში შეიძლება ამის ამოკითხვა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ გექნებათ დრო, თქვენი საქმის გარდა, რათა აღმოაჩინოთ მისი სიმდიდრე.

თქვენი დღის წესრიგის თემები ასევე ჩვენი პრიორიტეტებიცაა. ქალები და მე მათგან ვიწყებ, რადგან ისინი კონფლიქტების, დაუცველობისა და ძალადობის პირველი მსხვერპლნი არიან: თქვენმა ასამბლეამ ეს თემა დღის წესრიგში შეიტანა, ეს თემა იყო სწორედ თბილისის მე-2 ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ცენტრალური საკითხიც, რომელიც სამი დღის წინ დავხურე. და ძალიან ბედნიერი ვიქნები მომავალ წელს თქვენს დელეგატებს ვუმასპინძლო რიგით მე-3 საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ქალებს, კონფლიქტებსა და უსაფრთხოებას ეხება.

გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ჩვენგანის პრობლემაა, რაც გარკვეულწილად, გვაკავშირებს. ეს არის საკითხი, რომელიც პრიორიტეტულია ამ პატარა ქვეყნისთვისაც, რადგან იგი გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებით, აქვს ეს სიმდიდრე, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი, ეს ჩვენი საერთო პლანეტის ნაწილია და ის უნდა შევინარჩუნოთ.

დეზინფორმაციისა და ყველა სახის ჰიბრიდული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, სტრატეგიულ გამოწვევას ჩვენი ძალიან ძლიერი მეზობლის ამბიციებისა და საშუალებების გათვალისწინებით. ამიტომ დიდ წარმატებას გისურვებთ 48-ე სესიაზე ამ თემებზე მუშაობისას.

მე არ შემიძლია ეს გამოსვლა ისე დავასრულო, რომ არ მივულოცო ჩვენს თავს და არ აღვნიშნო თქვენი გადაწყვეტილების მნიშვნელობა, საქართველო დამკვირვებლის სტატუსიდან ასოცირებულ წევრობაზე გადაიყვანოთ. მადლობას გიხდით ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც გვაფასებს და გვავალდებულებს. წარმატებულ მუშაობას გისურვებთ!“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...