დემოკრატიული ჰაბი თუ არაჯანსაღი მმართველობა, რა ხდება წალენჯიხაში
,,დემოკრატიის ჰაბად“ მონათლულ წალენჯიხაში პარტიული დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გახლეჩილ და ისედაც ორ პოლუსად ქცეულ საზოგადოებაში ეს ამბავი ვერავის გააკვირვებდა, რომ არა ერთი მთავარი გარემოება. საქმე ის არის, რომ აქ ერთმანეთს არა სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიები, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული ,,ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფრთა ებრძვის.
დაპირისპირება, რომელიც ნაციონალებში ჯერ კიდევ მათი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებამდე დაიწყო და ისინი ხაბეიშვილის და მელიას შტოებად დაჰყო, წალენჯიხაში აქამდე ფარულად მიმდინარეობდა, ახლა კი ამ ბრძოლამ უკვე გამოცხადებული ხასიათი მიიღო.
სწორედ ეს ფაქტი გახდა იმის მიზეზი, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ თემში მერის რწმუნებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, ზოგან კი აიძულეს, სამსახურიდან წასვლაზე განცხადება თავადვე დაეწერათ.
როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, პირადად მათ თავიანთი გამგებლების მიმართ პრეტენზია არ ჰქონიათ და გაუგებრად მიაჩნიათ ხელმძღვანელობის ასეთი გადაწყვეტილება. სოფლებში მერის რწმუნებულების განთავისუფლებაზე მეტად იმაზე საუბრობენ, რომ გამოთავისუფლებული პოსტის დაკავების სურვილს არავინ გამოთქვამს. უფრო მეტიც, წალენჯიხელების თქმით, მუნიციპალიტეტის მმართველობაში იმდენად არაჯანსაღი ვითარებაა, შეთავაზებულ თანამდებობას ,,ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებიდანაც კი არავინ თანხმდება და ყველა თავს არიდებს. ამიტომ, ამჟამინდელი ხელისუფლება პიროვნების ცენზს და სამუშაო გამოცდილებასაც აღარ დაგიდევთ, ოღონდ კი ვინმე პასუხისმგებლობის აღებაზე დაიყოლიოს. ასე დანიშნეს ერთ-ერთი მოზრდილი თემის გამგებლად 19 წლის სტუდენტი, სხვა თემის შემთხვევაშიც არანაკლებ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს, რის გამოც უკმაყოფილებას ადგილობრივი ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ხმამაღლა გამოთქვამენ.
მათი განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ბოლო გადაწყვეტილებამ, რომლის ძალითაც მან გუშინ თანამდებობიდან ქალაქ ჯვარის რწმუნებული, ირაკლი ხარჩილავა გაანთავისუფლა და მის ადგილას პაატა წურწუმია დანიშნა.
ინფორმაცია ამის შესახებ წალენჯიხის მერიის ფეისბუკგვერდზე გუშინვე გავრცელდა.
,,იმ დროს, როცა საქართველოში ერთადერთ ოპოზიციურ მერს ებრძვის მთელი სახელისუფლებო მანქანა, მერს და მერიას მთელი ეს პერიოდი პრობლემებს შიგნიდან უქმნიდა საკუთარი რწმუნებული, რომელიც თვითონ უნდა იყოს მერის პოლიტიკის მთავარი დამცველი.
თვეების განმავლობაში ირაკლი ხარჩილავამ, ფაქტობრივად, მოშალა თანამშრომლობა მერიასთან, შექმნა საკუთარი პიროვნული დღის წესრიგი და შეეცადა მერიის, ხალხის საბიუჯეტო რესურსებით განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, საკუთარი პიროვნული ინტერესისთვის მორგებას; მან სრულიად გამორიცხა მერია, ის არ ესწრებოდა მერიის თათბირებს, მათ შორის სტიქიასთან დაკავშირებით, არ კონტაქტობდა მერთან, აიგნორებდა დავალებებს, სრულიად მოშალა ჯვარის მოსახლეობის საქმიანი კონტაქტი მერიასთან. ბოლო სამი თვის განმავლობაში არ ქონია არც ერთი მცდელობა კონტაქტის აღდგენისა და საერთოდაც, მერთან და მერიასთან, კომუნიკაციის საშუალებად.
აირჩია სოციალური ქსელი, კერძოდ, ფეისბუკი, სადაც გამოირჩეოდა აგრესიული რიტორიკით მერის მოადგილეების, საკუთარი გუნდის მიმართ, მერის რწმუნებული(!) მუდმივად ილაშქრებდა მერის საქმიანობის წინააღმდეგ, შიგნიდან არღვევდა ერთობას, ჰქონდა კონფლიქტი მერის სამსახურებთან და მუდმივი გაურკვევლობა კოლეგებთან! მას მერის მიერ რამდენჯერმე განემარტა მდგომარეობა, მიეცა დრო და არაერთჯერადი შანსი! თუმცაღა, უშედეგოდ! საბოლოოდ, მისი პოზიცია გახდა სრულიად არაადეკვატური, როგორც რწმუნებულისა, პირადად, მერის და მერიის მიმართ! მერს და რწმუნებულს შორის დაირღვა ის მთავარი ღერძი, რაზეც დგას საქმის სწორი ორგანიზება!
საკუთარი მიდგომებით, ფაქტობრივად, ირაკლი ხარჩილავა, არ წარმოადგენდა ხალხის არჩეული მერის, გია ხარჩილავას, რწმუნებულს ქ. ჯვარის ტერიტორიულ ერთეულში, მისი პოზიციის გამო, ფაქტობრივად, არ მუშაობდა კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", არ მუშაობდა მერიის დებულება, ის არ გაუფრთხილდა ერთადერთი ოპოზიციური მერიის დემოკრატიულ მონაპოვარს, იმყოფებოდა და დღესაც იმყოფება მუდმივი შანტაჟის და მუქარის რეჟიმში საკუთარ ნდობის გამომცხადებელთან და საკუთარ გუნდთანაც აირჩია მუდმივი დესტრუქციის რეჟიმი! შესაბამისად მერმა მიიღო გადაწყვეტილება აღედგინა თვითმმართველობის წესრიგი და დანიშნა ისეთი პიროვნება, ვინც მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობით გახდება ხიდი მერიას და ჯვარის მოსახლეობას შორის და მკაფიოდ გაატარებს მერის და მერიის პოლიტიკას!” - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც თავად ,,ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები გმობენ და უარყოფით კომენტარებს არ იშურებენ.
მერის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელშივე, საჯაროდ უპასუხა ირაკლი ხარჩილავამ: ,,როგორც მერს ისე გწერ!
ყველაფერი დეტალურად წაიკითხე,არაფერი გამოგრჩეს.
იქიდან დავიწყებ ყველაფერს,როცა პირველად შემეხმიანე და ჩემი გაცნობა ისურვე.აჰ,მოგეწონა ხომ ჩვენი აქტიურობა.თურმე დასაყრდენს ეძებდი,რომ აქამდე მოსულიყავი. დაგავიწყდა დღეში- 10 ჯერ ,რომ მირეკავდი.აჰ მაშინ მარტო იყავი და დახმარება გჭირდებოდა. დაგავიწყდა დახმარებას რომ მთხოვდი არჩევნებზე? აჰ ,მაშინ გჭირდებოდა ,რომ აქამდე მოსულიყავი. დაგავიწყდა სახლში ,რომ მაკითხავდი და რჩევებს ითხოვდი,ისიც დაგავიწყდა ალბათ დედაშენს დამალაპარაკე უნდა ვუთხრა რა მაგარი შვილი ჰყავსო,თუ ისიც დაგავიწყდა პარტიაში მერის კანდიდატობას რომ ითხოვდი,ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადიოდი. ისიც დაგავიწყდა ახალგაზრდები ,რომ გაგაცანი,მარტო რომ იყავი და გჭირდებოდა.აჰ,აქამდე რომ მოსულიყავი. ისიც დაგავიწყდა ალბათ ,დაანებე გია ჩემს თემას პარტიულ სიებზე ,მე ბოლომდე დაგიდგებითქო.აჰ,მაშინ გჭირდებოდა. მაშინაც გჭირდებოდა მერობის კანდიდატი იყავი და არ იცოდი საიდან ,როგორ დაგეწყო საარჩევნო კამპანია, აჰ მაშინ გჭირდებიდა,რომ აქამდე მოსულიყავი. შენ ისიც დაგავიწყდა,როცა მე კარვებში 5 თვე ვიცხოვრე რა არ გამოვიარე ,შენ 2 წუთით რომ მაკითხავდი თვეში ერთხელ. საკბვები პროდუქტები ,რომ მოიტანე ერთხელ ისიც წამოგიყვედრებია, საჭმელი მივიტანო კარავში არჩევნების მეორე ტურში ყველა რომ გაგექცა და დახმარებას ითხოვდი დაგავიწყდა? აჰ,მაშინ გჭირდებოდა ,გჭირდებოდა აქამდე რომ მოსულიყავი.
მოხვედი და რა ქენი? ზემოდან დაიწყე ყურება, რატომ? იმიტომ რომ გეშინია, გეშინია იმ რეიტინგის რომელიც არჩევნებამდე შენზე მეტი გვქონდა და ახლაც შენზე მეტი გვაქვს.შენივე შიშების მსხვერპლი გახდი.გარშემო მიმოიხედე არავინ დაგრჩა ,საერთოდ არვინ.მარტო ხარ მერიაში. მოინდომე ისე გეყურებინა ჩემთვის ,როგორც დანიშნულს ,მაგრამ არ მოგეცი ამის უფლება,რადგან არც არასოდეს მოგცემდი.იცოდი ეს ძალიან კარგად,მაგრამ მაინც სცადე.პასუხიც მიიღე. შენგან განსხვავებით პირობა არასოდეს დამირღვევია, დათვლაც კი მიჭირს რამდენი ერთად დაარღვიე. რატომ გეწინააღმდეგებოდი? იმიტომ რომ მთავარ გზას ასცდი,გადათელე ის იდეები და ხედვები რითაც მოვედით,ყველაფერს გადაუარე. (ჯვარში რაც გაკეთდა ყველაფერი დიდი კამათის შემდეგ მოხდა,შენი ინიციატივით არც ერთი თეთრი არ მიგიცია ჯვარისთვის, ერთ ეთერში ისიც კი თქვი ჯვარი ენგურჰესის დასახლება არისო)
გარდა ჯვარისა,რადგან აქ არ მოგეცით ამისი უფლება,მოინდომე მოგეპოვებინა მაგრამ უშედეგოდ.იცი რატომ? არასოდეს არ გქონდა და არ გექნება ჩვენზე უფრო მაღალი რეიტინგი პოლიტიკაში. ბაღებზე? თამთაზე? ბიუჯეტზე? ლევანზე?დარღვეულ დაპირებებზე,ყველაფერზე ასე გიპასუხებ .ყველგან შეცდი ,როგორც მერი.
თურმე აიპში მთავაზობდი ადგილს( ანუ რწმუნებულობიდან აიპში გადავიყვანო, ამით მერიის გვერდზე შენი დავალებით დაწერილ პოსტზე გიპასუხებ! ჰა,ჰა,ჰა,ჰა
აი ასე რომ ფიქრობ ,მაგიტომაც დაგამარცხებ ყველგან და ყოველთვის,ხალხის წინ საჯაროდ. გეგონა მერობა შენ შენით მოიპოვე? გულის სიღრმეში მშვენივრად იცი ,როგორ გახდი მერი და სწორედ ამისი აღიარება ,რომ გიჭირს მაგიტომაც დარჩი მარტო მერიაში. იმ მერიაში,რომელშიც ყველაფერი კეთდება საქმის გარდა. რამდენი რაღაცის თქმა შემიძლია ,მაგრამ ამით დავასრულებ. ჩემი შეტანილი უდიდესი წვლილით მოხვედი და ჩემივე შეტანილი უდიდესი წვლილით წახვალ.
ისიც მახსოვს ,თუ შენ მოგიწევს წასვლა მეც წავალო, ჰოდა გელოდები.
დემოკრატიული ჰაბი“
როგორ დასრულდება ,,ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პარტიული ჭიდილი წალენჯიხაში და შეინარჩუნებს თუ არა ,,დემოკრატიული ჰაბის“ სახელს მუნიციპალიტეტი, უახლოეს მომავალში ვნახავთ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.