Jump to content
Planeta.Ge

„რუსეთი ოკუპანტია“ – მაისურზე წარწერის გამო მოქალაქე ბათუმში სტადიონზე არ შეუშვეს


„რუსეთი ოკუპანტია“,  „თავისუფლების დასაცავად ცოდნა უკეთესი იარაღია ვიდრე არმია “ – მაისურზე ამ წარწერების გამო აქტივისტი რისმაგ ხოზრევანიძე დღეს, 5 ივლისს, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ საფეხბურთო მატჩზე არ შეუშვეს.

მოქალაქის თქმით, მას უთხრეს, რომ წარწერები სარეკლამო ინფორმაციას შეიცავს და ამ მაისურით სტადიონზე შესვლა არ შეიძლება.

„ეს არის რეკლამა, ეს არის რაღაც ამონაბეჭდი, რომელიც არის აკრძალული სტადიონზე შესატანად. ეს არის დაუშვებელი, იმიტომ რომ ეს არის კანონდარღვევა“ – განუცხადეს მოქალაქეს ადგილზე.

„რომელი კანონით?“ – იკითხა მოქალაქემ, რაზეც უპასუხეს, რომ „შიდაგანაწესით არის დარღვევა“.

კამათი ამ საკითხზე 20 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პროცესს პოლიციის წარმომადგენელიც ადევნებდა თვალს.

„კითხვებს აქეთ რომ სვამ, კითხვას მე დაგისვამ. ეს მაისური რატომ გაცვია? “ – მიმართა მოქალაქეს ადგილზე მყოფმა უფლებამოსილმა პირმა [მას თან ჰქონდა სპეციალური მოწმობა დამაგრებული მაისურზე]:  „- შენ ახლა უხერხულში აყენებ ჩვენს პოლიციას? – აბა გეუბნები, რომ არ შეიძლება, არ შეიძლება ხომ გეუბნები…“

ვიდეოში ჩანს, რომ კიდევ ერთმა პოლიციელმა შსს-ს მაისურით, მოქალაქე რისმაგ ხოზრევანიძის თანმხლებ პირს საჯარო სივრცეში ვიდოგადაღება აუკრძალა და გადაღების პროცესში ხელი შეუშალა. კითხვით – „რატომ იღებ?“- პოლიციელი მოქალაქის ტელეფონსაც შეეხო და ხელის შეშლა სცადა, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში ვიდეოგადაღება ყველას შეუძლია.

„სტადიონზე არ უნდა შევიდეს, ეს არის დაუშვებელი, წადით ახლა აქედან “ – ისევ იმეორებდა ადგილზე მყოფი პირი.

„ბათუმელები“ მოქალაქე რისმაგ ხოზრევანიძეს ტელეფონით დაუკავშირდა. მისი თქმით, საბოლოოდ პირი, რომელმაც ის სტადიონზე არ შეუშვა პოლიციამ განარიდა ადგილიდან: „ჩვენ კი კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით დავტოვეთ ტერიტორია“.

რისმაგ ხოზრევანიძე ამბობს, რომ მსგავსი წარწერით ბევრი მაისური აქვს: „სულ მაცვია, ასე დავდივარ ყველგან, პრობლემა მეორედ შემექმნა მაისურის გამო“.

აქამდე მისთვის მაისურზე წარწერების გამო შენობაში შესვლაზე უარი უმაღლეს საბჭოშიც უთქვამთ.  რისმაგ ხოზრევანიძის თქმით მაშინ უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი დაეხმარა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სტადიონი გადაცემული უეფაზე და ყველა წესს, მათ შორის სტადიონზე შესვლასა და ქცევასთან დაკავშირებით, უეფა ადგენს. აქ მიგვითითეს უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წესებზე

წესებში არაფერია ნათქვამი სტადიონზე შესვლის დრესკოდზე. მეექვსე პუნქტში აღნიშნულია, რომ მატჩზე აკრძალულია ნებისმიერი სარეკლამო, კომერციული მასალა [რაზეც აპელირებდა პირი, რომელმაც მოქალაქეს სტადიონზე შეშვებაზე უარი უთხრა] და, ასევე, აკრძალულია „ნებისმიერი შეურაცხმყოფელი, რასისტული, ქსენოფობიური, სექსისტური, რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა უკანონო/აკრძალული მასალა, მათ შორის დისკრიმინაციული პროპაგანდისტული შინაარსის მასალა“.

ბათუმელები ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...