Jump to content
Planeta.Ge

ომბუდსმენმა რუსთავის ხანდაზმულთა თავშესაფარში შესაძლო დანაშაულზე შსს-ს მიმართა


საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას – რუსთავის მე-8 მიკრორაიონში მდებარე ხანდაზმულთა თავშესაფარში არსებულ უმძიმეს მდგომარეობასთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველმა შესაძლო დანაშაულზე რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ომბუდსმენის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის 1 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში საუბარია ხანდაზმულთა უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ მიმართ შესაძლო ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ასევე, იკვეთება არასათანადო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.

„ საქართველოს სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში მუდმივად უსვამს ხაზს ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის კერძო დაწესებულებებში არსებულ სისტემურ დარღვევებს და შესაბამისი სახელმწიფოს ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმების არ არსებობას. უფრო მეტიც, სახელმწიფოსთვის ცნობილი არ არის ასეთი დაწესებულებების ზუსტი რაოდენობაც კი.

სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი დარღვევა გამოავლინა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების მონიტორინგის ფარგლებში. ამის გათვალისწინებით, ე.წ. კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, კონტროლის არარსებობის პირობებში, ხანდაზმულთა უფლებების დარღვევისა და მათზე ძალადობის რისკები კიდევ უფრო მაღალია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახალხო დამცველი  მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მოხდეს კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების აღრიცხვა და დაიწყოს მსჯელობა მათი კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შექმნაზე.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...