„არა ცენზურას“ - კინემატოგრაფისტები 12 ივლისს კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გეგმავენ
„არა ცენზურა! დამოუკიდებლობა კინოცენტრს!“ – კინემატოგრაფისტებმა კულტურის სამინისტროს მიმდებარედ, იუსტიციის სახლის ხიდიდან საპროტესტო ბანერი გადმოფინეს.
„მესამე კვირაა ჩვენ ვითხოვთ შეხვედრას, მაგრამ მათთვის უხილავები ვართ, აბოსოლუტური იიგნორია ჩვენ მიმართ და იქნებ ახლა მაინც დაინახონ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კინო უნდა იყოს დამოუკიდებელი, “- ამბობს რეჟისორი და „დოკას“ დამფუძნებელი მარიამ ჭაჭია.
კინემატოგრაფისტები 12 ივლისს, 19:00 საათზე, კულტურის სამინისტროსთან აქციას გეგმავენ.
„დღეს, ცენზურის საფრთხე დღითიდღე უფრო და უფრო ღიად ემუქრება ხელოვნებას. სამთავრობო პოლიტიკა ცდილობს, ქართული თანამედროვე კინო პარტიის სამსახურში ჩააყენოს – შემოქმედებითი პროცესი მოაციოს ცენზურის ქვეშ, წაგვართვას წარმოსახვისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.
დღეს, ხელოვნების არც ერთი სფერო აღარაა თავისუფალი ამ ზეწოლისგან. ამიტომ, ჩვენი ერთიანობით უნდა დავიცვათ შემოქმედებითი თავისუფლება – ცენზურის დარყმის შემდეგი ობიექტი ნებისმიერი ჩვენგანის საყვარელი ფილმი, წიგნი, ნახატი, სასწავლებელი ან ლექტორი, მუსიკა ან მუსიკოსი, თეატრი ან მსახიობი რომ არ აღმოჩნდეს.
თითქმის ერთი თვეა, კინოს სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, პროტესტის სხვადასხვა ფორმით ვაყენებთ ორ მოთხოვნას:
• შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი
• შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი12 ივლისს სრულდება კინოცენტრში მიმდინარე გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული რეორგანიზაცია და ცენზურის წინააღდეგ ჩვენი ბრძოლაც ახალ ეტაპზე გადადის, “- ნათქვამია კინემატოგრაფისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ხდება კინოცენტრში?
კინოცენტრში 10 ივნისს რეორგანიზაცია გამოცხადდა. წულუკიანის ბრძანებით გათავისუფლდნენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები და მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა კობა ხუბუნაია, რომელსაც კინოსექტორში საქმიანობის გამოცდილება არ აქვს. ამავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ პროპაგანდისტული არხის POST TV-ის წამყვანი, ბაჩო ოდიშარია დაინიშნა.
რეორგანიზაციის გამოცხადებას კინოცენტრის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. მათ მხარდაჭერას უცხადებენ კინოინდუსტრიის წარმომადგენლები. პროტესტის მონაწილეთა თქმით, რეორგანიზაციის დაწყების საფუძველი ბუნდოვანია და ამ პროცესის მიზანი კინოცენტრის დამოუკიდებლობის ხელყოფაა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.