Jump to content
Planeta.Ge

„ეს არის დამსჯელობითი ღონისძიება“ | სასწრაფოდან ექიმები გაათავისუფლეს


სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები, ექთნები და მძღოლები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ანაზღაურების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ, ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყო.

მორიგი საპროტესტო აქცია მათ დღეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ტრენინგცენტრთან გამართეს.

მათი თქმით, ქვეყნის მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი გამოცდებში მიზანმიმართულად ჩაჭრეს და სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები კი ის პირები არიან, რომლებიც აქტიურად გამოდიოდნენ ქუჩაში პროტესტის გამოსახატავად.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, გაუქმდეს უკანონო ბრძანება. კვალიფიკაციის ამაღლების წინააღმდეგნი ჩვენ არ ვართ, ექიმებს ყოველთვის სჭირდებათ კვალიფიკაციის ამაღლება, მაგრამ ზაფხულამდე, სანამ ჩვენ პროტესტს გამოვთქვამდით იმაზე, რომ ხელფასი არ შეემცირებინათ და ყოფილიყო ღირსეული ხელფასი, მანამდე ყველა აბარებდა გამოცდას და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ერთი ჯგუფიდან, ვინც გადის გამოცდაზე, 90%-დან 100%-მდე იჭრება“, – ამბობს სასწრაფოს ექიმი.

„შევიკრიბეთ ამ შენობასთან იმიტომ, რომ ეს შენობა დამსჯელობითია. ეკა გოლიაძე, რომელიც ამ შენობის ხელმძღვანელია, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, მაგრამ აქ ადამიანებს კლავს, სჯის, დამსჯელობითად ჭრის, რის შედეგადაც ადმინისტრაცია უკვე ათავისუფლებს სასწრაფოში დასაქმებულებს, ვინც ხმა ამოიღო და სასწრაფოს პრობლემები გამოააშკარავა, მარტო ზეპირსიტყვიერად და შრომის ინსპექციის დამტკიცებით კი არა, სასამართლო პროცესის მოგების შედეგადაც…

ეს დამსჯელობითი ღონისძიება განხორციელდა იმ ადამიანებზე, ვინც ხმა ამოიღო. დასაქმებული, ვინც პროფკავშირის წევრი გახდა, ადმინისტრაციისგან დისკრიმინაციას განიცდის“, – განაცხადა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა, ირაკლი ამირანაშვილმა.

ექიმები ამბობენ, რომ 1 თვის წინ სასწრაფოს მძღოლი ტრენინგიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის  გარდაიცვალა. 65 წლის კაცის გარდაცვალებას სასწრაფოს ექიმები ნერვიულობას უკავშირებენ.

„თურმე, გამოცდა ყოფილა აუცილებელი, მაგრამ რატომ ხდება ეს, ტრენინგის ბრალია, თუ ჩვენ, ყველა ექიმი ერთად გამოვედით მწყობრიდან, რომ 14 ადამიანიდან შეიძლება 14-ვე ჩაიჭრას ან 20-დან 18 ჩაიჭრას. არ ვიცი. ჩვენი ჯგუფიდან ყველა ჩაიჭრა, ვინც გამოცდაზე გავიდა. რატომღაც, უცებ გამოგვიცხადეს, რომ ყველანი დათხოვილები ვიყავით სამსახურიდან. ამას წინ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა რეპრესიები უძღოდა.

ვინც პროფკავშირებში ვიყავით და ვმონაწილეობდით, ზეწოლა იყო იქიდან, რომ პირველ რიგში, თუ გინდოდა, რომ ტრენინგი ჩაგებარებინა, უნდა გამოსულიყავი პროფკავშირებიდან, უნდა გაჩუმებულიყავი.

ეს არის დამსჯელობითი ღონისძიება. ერთ-ერთ სასწრაფოს მძღოლს, რომელსაც ტრენინგს უტარებდნენ, ჯანმრთელობამ ვეღარ გაუძლო და გული გაუჩერდა”, – ამბობს სასწრაფოს ექიმი.

ექიმების პროტესტს 29 ივნისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გამოეხმაურა. უწყებაში ამბობენ, რომ ცენტრის თანამშრომელს გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა სამჯერ აქვს. თუ პერსონალი გამოცდის მინიმალურ ბარიერს ვერც ერთ ჯერზე ვერ გადალახავს, მასთან შრომითი ურთიერთობები წყდება.

ცენტრის ინფორმაციით, საქმე ეხება 63 თანამშრომელს, რომლებმაც გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლეს.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პერსონალი, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ვალდებულია გაიაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ მიმდინარე წელს სასწავლო სატრენინგო ცენტრში ტრენინგი გაიარა და გამოცდა წარმატებით ჩააბარა თანამშრომელთა უმრავლესობამ, ხოლო 63 პირმა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლო. შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, აღნიშნული თანამშრომლები ვერ გააგრძელებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში საქმიანობას.

ასევე, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სასწავლო სატრენინგო ცენტრში, გამოცდების მიმდინარეობისას გარდაიცვალა ცენტრის თანამშრომელი არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ცენტრის თანამშრომელი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო, სამედიცინო დაწესებულებაში, ხანგრძლივ რეანიმაციულ მკურნალობას გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა სამწუხაროდ ვერ შეძლეს“, – წერია განცხადებაში.


პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...