Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - 12 რეკომენდაციის სრულად შესრულების გეგმის ნაცვლად, მოვისმინეთ სულ მცირე 12 ტყუილი, ხელისუფლება განაგრძობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დივერსიას


კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე ოთხი თვით ადრე, დღეს, შესასრულებელი 12 რეკომენდაციების სრულად შესრულების გეგმის ნაცვლად, მოვისმინეთ სულ მცირე 12 ტყუილი. ხელისუფლება განაგრძობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დივერსიას და ამით ალიბის შექმნას პასუხისმგებლობისგან გაქცევისთვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, მსგავსი მანიპულაციების საშუალებით საზოგადოების ყურადღება კვლავ მიმართოს სტატუსის მიღებაზე და  ხელოვნურად აუფასურებს ხალხის მთავარ ამოცანას – რეკომენდაციების შესრულებით მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება და არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღება.

„დღევანდელი სპექტაკლის მთავარი მიზანია, ფაქტები გასაღდეს შეფასებებად, ფაქტებზე გაიხსნას დისკუსია და შემდეგ, საზოგადოებამ ხელისუფლებას მოსთხოვოს პასუხი სტატუსის ვერმიღებაზე, ან ჩაუთვალოს მას ეს გამარჯვებად, როცა ხელისუფლება უკვე გაწევრიანებების მოლაპარაკებებს უნდა ახორციელებდეს. ფაქტი და არა შეფასებაა ის, რომ შესრულდა სამი რეკომენდაცია და ხელისუფლებამ მიიღო 3-იანი, ისიც მინუსით ამ დავალებაში. ფაქტია ის, რომ მმართველი პარტიის ფორმალური თავმჯდომარე იტყუება, როცა ამბობს, რომ ინსტიტუტების გაძლიერების, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, საარჩევნო ჩარჩოს დახვეწის, დეოლიგარქიზაციის და ა.შ. რეკომენდაციები შესრულდა მაშინ, როცა დამოუკიდებელი ინსტიტუტები გააუქმეს ან პარტიას დაუქვემდებარეს; იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ განახორციელეს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ შეასრულეს; საბჭოში სანქცირებული მოსამართლეები ჰყავთ, რომელთა კორუფციის გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი თქვეს; ანტიკორუფციულ ბიუროს მთავარი – საგამოძიებო ფუნქცია არ მიანიჭეს; დამოუკიდებელი სახალხო დამცველი არ აირჩიეს; დეოლოგარქიზაციის ისეთ კანონის პროექტი შეიმუშავეს, რომელიც ვენეციის კომისიის შეფასების მიხედვით, არ უნდა იქნას მიღებული და სხვ. თითქოს გააძლიერეს საპარლამენტო ზედამხედველობა, თუმცა ვერც კი ბედავს, ქოლცენტრებზე ან სასამართლოზე შექმნას საგამოძიებო კომისია. ამ პირობებში კობახიძე რეკომენდაციებს შესრულებულად აცხადებს.

პარტია „საქართველოსთვის“ პირველივე დღიდან მონაწილეობდა სამუშაო ჯგუფებში, სადაც წარვადგინეთ რეკომენდაციების რეალური შესრულებისკენ მიმართული კონკრეტული ინიციატივები, რომელთაგან „ოცნებამ“ არცერთი გაითვალისწინა. ეს მოცემულობა კვლავაც ადასტურებს, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს უნარი, შეასრულოს მთავარი დაკვეთა, გააწევრიანოს ქვეყანა ევროკავშირში და როგორც ჩანს, მიზანმიმართულად კარგავს ამ უპრეცედენტო შესაძლებლობას. ამის პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა და ჩვენგან, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისგან მიიღებს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით დღეს ანგარიში წარადგინა.

როგორც კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრიორიტეტები პრინციპულად შესრულდა და საბაბიც კი არ არსებობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...