ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი 15-20 ივლისისთვის დამტკიცდება
აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი სავარაუდოდ, 15-20 ივლისს დამტკიცდება. ამის შესახებ მან აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე სამუშაო ჯგუფისა და იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო იქნება მესამე ქვეყანა, რომელსაც აქონდროპლაზიის მართვის ეროვნული პროტოკოლი ექნება.
„დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იყო პროტოკოლის საბოლოო ვერსია და ასევე, ის შენიშვნები, რაც იყო მიღებული ექსპერტებისგან, რეცენზენტებისგან პროტოკოლის ცალკეულ დებულებებთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ჩვენ ალბათ, უკვე უახლოეს დღეებში გვექნება ეროვნული პროტოკოლის საბოლოო ვერსია და შემდეგი ეტაპი არის ამ პროტოკოლის განხილვა და დამტკიცება „გაიდლაინებისა“ და პროტოკოლის ეროვნულ საბჭოზე. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი, როგორც დღეს აღინიშნა, უახლოესი კვირის ან ორი კვირის განმავლობაში დასრულდება და „გაიდლაინების“ საბჭო საბოლოოდ დაამტკიცებს პროტოკოლის იმ ვერსიას, რომელიც შემდეგ უნდა იყოს ხელმოწერილი ჯანდაცვის მინისტრის მიერ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროტოკოლის ამ ვერსიას განიხილავს ექსპერტი და საბოლოო ჯამში, ამ პროტოკოლს ექნება როგორც სამუშაო ჯგუფის, ისე ქართველი და უცხოელი ექსპერტების შეფასება, რაც იქნება, ალბათ, უკვე საბოლოო შესაძლებლობა იმისა, რომ მივიღოთ ყოველმხრივ შეფასებული და ლიცენზირებული ეროვნული პროტოკოლი. კონკრეტული ვადა არ იყო დასახელებული. წინასწარი მოლოდინია, რომ 15-20 ივლისისთვის უკვე იქნება პროტოკოლი გატანილი და მიღებული „გაიდლაინების“ ეროვნულ საბჭოზე“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.