Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

მცოცავი ოკუპაციის საშემოდგომო ჭირნახული პრემიერის დატრენინგებული ექსპერტები და სააკაშვილის ტაშის მკვრელი „გაერო“


katya

2.160 views

blog-0529412001380753849.jpgჩემს საბჭოთა ბავშვობაში, ერთი ცნობილი, საკმაოდ პროგრესული, რუსული ვოკალური ჯგუფისასევე ცნობილი სიმღერა იყო, ახალ–ახალ მოსახვევებზე მღეროდნენ სიახლეების და ცვლილებების მოლოდინში და ძრავის ღმუილში.

სიმღერაში ის „სიბრძნე“ იდო, სანამ არ მოუხვევ, ვერ გაარჩევ რა გელოდება მოსახვევს იქით, თუმცა, მოხვევა მაინც ღირს, თუ არ გაგიმართლა, კიდევ ერთ გამოცდილებას მაინც შეიძენ და კოლექციას გაამდიდრებო.

ჩვენ, ქართველები, მსგავსი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ურემს ვაბრუნებთ ხოლმე.

ანდაზაში კი ისეა სიტუაცია მოცემული, თითქოს ურემი თავისით ბრუნდება, მაგრამ ვიღაც ყოველთვის არსებობს კადრში ან კადრს მიღმა, ვისაც ეს მამა–პაპური და კოტრიალისგან დაქანცული ტრანსპორტი მოქმედებაში მოჰყავს.

ურმის ამბავი ძველია და მას შემდეგ იმდენი გადაბრუნებულა, მაგრამ აზრი?

როდის იყო ქართველები ჭკუას თუნდაც საკუთარ შეცდომებზე სწავლობდნენ?

ჰოდა, ამ „უსწავლელი“ ქართველების ფონზე, ის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ისეთ მოულოდნელობებით სავსე სუბიექტად ჩამოყალიბდა, უკვე მაგათგან არაფერი გვიკვირს. პრინციპში, გაკვირვებას რა აზრი აქვს, როცა აღშფოთებასაც აღარ აქვს აზრი, პროტესტსაც, ომსაც კი...

არავინ იცის, გაუმაძღარი და გათავხედებული ჩრდილოელი დათვი როდის რა ხასიათზე გაიღვიძებს და რა მოეპრიანება. არც მიხვეულ–მოხვეულები და გადახვევა–გადმოხვევები უჭირთ.

მერე უკვირს მაგის მოდგმას, რა უნდა ამ სააკაშვილს, რას გვერჩის და რას გვჭრის გაერთიანებული ერების მასშტაბით თავსო!?

რატომ? და, თუნდაც, იმიტომ, რომ თავის ქვეყანაში დაბრუნებულ, გზა–კვალ არეულ და თავგზააბნეულ „შიშველ პრეზიდენტს“, ზოგიერთები, აეროპორტში ტაშის გრიალით და თვალზე ნეტარების კურცხლით დახვედროდნენ.

მერე რა, რომ „მათი გმირი“ იმ დათვთან კარგად ნაკოტრიალები და გამაძღარია?!

სამაგიეროდ, იცის როდის? სად? და როგორ? გააპროტესტოს და ირტყას მჯიღი გაფანჩვულ მკერდზე, რგორ აუჩუყოს მავანთ გული და როგორ მოფხანოს ობობასქსელშემოხვეულ–მიობებული თავ–პატივმოყვარეობა, რომ მერე, იმ ზოგიერთებს, ისევ ეგონოთ, რომ მიშა ისევ მაგარია!

მიშას მომხრე ჰომო სოვეტიკუსებს კი ამაში ვერავინ გადაარწმუნებს.

ხალხს რას ვერჩი, მაგრამ, მაგ მეზობელ ქვეყანაში ზოგიერთს თავთან ერთად ენაც, კუდიც და კიდევ სხვა რამეებიც აქვს წასაჭრელი. ვერ გაუგიათ სად იწყება მაგათი უფლებამოსილება, ინტერესები, საზღვრები და სად მთავრდება.

სიტყვა გამიგრძელდა და ამჯერად მოკლედ ვიტყვი – ნებისმიერი ჭკუათმყოფელის საყვარელი ემოციაა მისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანის თვალებში სიყვარულის და სახიფათო და ძლიერი მოწინააღმდეგის თვალებში –შიშის დანახვა. როცა ზრდილობის და ეტიკეტის გამო ერთმანეთს ვეკითხებით, –რა ხდება ახალი? ალბათ იმის გაგონების იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ძველებურად და კარგადაა, მაგრამ, როგორც ჩვენს ერთ თვეში ვადაამოწურულ და ადრე და მალე გასასამართლებელ პრეზიდენტს უყვარს თქმა, – ნურას უკაცრავად...

გასულ კვირას ბევრი მძიმედგადასაგორებელი რამ გადავიტანეთ – მაგალითად დაკარგული აფხაზეთის ოცწლიანი ტკივილი.

საჭირო დროს საჭირო ემოციების გამოხატვის უნარი აქა–იქ ჯერ კიდევ შერჩათ ქართულ პოლიტიკაში მოხეტიალე მარადიულ სულებს.

დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, ისინი მაინც ახერხებენ და წელიწადში ერთხელ გვირგვინი და დამწუხრებული მიმიკა დინჯი, ტელეკამერებზე გათვლილი ნაბიჯებით მიაქვთ აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალთან. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ დანაკარგს და ამ ტკივილს საქართველოში უმრავლესობაც მათგვარად დაატარებდეს. დავატარებთ, ცრემლსაც ვღვრით, სინანულით თავსაც ვაქნევთ, ვოხრავთ, შესანდობარსაც ვამბობთ, უფალსაც ვევედრებით, მაგრამ, რა? 20 წელია მხოლოდ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ყველაფერი მაინც უფლის ნებაა, მოსახდენი მაშინ ხდება და ისე, როცა და როგორც უნდა მოხდეს, მაგრამ არის სიტუაციები, როცა საბედისწერო შეცდომები ჩვეულებრივ მოკვდავთა ამბიციების ნებით ხება.

ვისი ნება იყო გასულ კვირას სადემარკაციო ხაზის კიდევ რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწევა რუსი მესაზღვრეების მიერ, რთული მისახვედრი არაა. ზაქარეიშვილმა კი ბევრი იძახა, პროვოკაციას არ ავყვეთო, მაგრამ ყვირილიდა ძახილი რომ ესმოდეთ ად საქმეს რგებდეს...

ფაქტია, გასულ კვირას კიდევ ერთხელ აიყარნენ ქართველები საკუთარი კერიდან. მავთულხლართებს იქით დარჩა მათი სული და გული.

აქეთ – დაშლილი სახლ–კარი და გაურკვეველი მომავალი...

გასულ კვირას საზოგადოება, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური ძალებიც დაჟინებით მოითხოვდა ამ ფაქტის პრემიერის მიერ შეფასებას. ორშაბათს შეაფასა კიდეც – იქ ევროკავშირის კომიტეტის ელჩებთან ერთად ჩავიდა და თავისი პრემიარულიც თქვა.

პრეზიდენტობის კანდიდატ ბურჯანაძეს, თურმე, დიდი კოაბიტაციის პროცესის ორივე მხარე ერთნაირად უშლის ხელს საარჩევნო კამპანიის წარმართვაში, მაგრამ მავთულხლართების პრობლემის მოგვარების პირობას მაინც დებს.

ჯერ–ჯერობით კი რუსეთის "მცოცავი ოკუპაციის" გასაპროტესტებლად სოფელ დვანში მხოლოდ ქართველი ჟურნალისტები ჩავიდნენ.

ჰო, კიდევ ბაქრაძეც ჩავიდა.

ბაქრაძის ინციდენტური საარჩევნო კამპანია გრძელდება შესაბამის ფორმატში, რადგან ბაქრაძე ქართულ პოლიტიკაში თავადაა ინციდენტი.

 

ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ, ქალბატონმა ფანჯიკიძემ, – ნურას უკაცრავადო! დაგაგვიანდა უკვე და როგორმე უშენოდაც გავაგნებთ გზასო. ასეთი თავდაჯერებული ქვეყნის პირველი დიპლომატი, რა თქმა უნდა, პრემიერის ხარჯზე იყო, თორემ თვითონ დიდი ინფანტილური ნატურა გვყავს, ზოგჯერ თავის გაფანტულ ღიმილსაც ვერ აგნებს.

 

მოკლედ, საზოგადოებაში არსებობს ის დალოცვილი გონივრული ეჭვი, რომ სააკაშვილს ახალ ხელისუფლებასთან კი არა გამოძიებასთან თანამშრომლობა უფრო მოუწევს. ისე, რამ გაახსენა მაგ შეჩვენებულს ნიუ-იორკში 17 წლის წინ წასული ოთარ სეფიაშვილი? ალბათ ბავშვობაში „ილუზიონის“ ყურებასაც უკრძალავდნენ და ის ძველი ოცნებაც ახლა აისრულა.

 

მომავალი პრემიერ–მინისტრის კანდიდატურა უკვე ცნობილი ყოფილა, მაგრამ ჯერ ისევ არ ხმოვანდება. თუმცა შოკისმომგვრელი ინფორმაციის იმედიც ნუ გექნებათო, –უსუმ.... ეს ალბათ იმ ჭორების გასაქარწ####ბლად მოაყოლა, ექსპერტებთან ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ რომ გავრცელდა – პრემიერის ნაქები ადეიშვილის და ნაკლებგაკრიტიკებული კახი კახიშვილის მოსალოდნელი გაპრემიერების თაობაზე.

 

უსუფაშვილმა - ივანიშვილის წასვლის შემდეგ კოალიცია მართლა კოალიცია გახდებაო. ანუ, ამათი ბრალი ყოფილა ივანიშვილის პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება. ზოგჯერ კოალიციაც მსხვერპლს მოითხოვს, თან როგორს!?

ორშაბათს კერძო საინვესტიციო ფონდის პრეზენტაცია შედგა. მისი ინიციატორიც ივანიშვილია და რას ემდურის ეს ჩვენი პრეზიდენტი თავის პრემიერს უცხოელ ინვესტორებთან არასათანადო კომუნიკაციის გამო, ვერ გავიგე?. თუმცა, ივანიშვილმა გაიგო და კიდევ ერთი პენალტი დაურტყა სააკაშვილს – საქართველოში უნდა აშენდეს პორტი, რომელსაც წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა ექნებაო. ოღონდ, ნურას უკაცრავად, არა ლაზიკაშიო...

კიდევ, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ახალი ექსპერტების, ახალი სახეების გამოჩენაზე ვიზრუნებო. „იქნება, მაქსიმუმ, 7-10 კაცი, რომელიც დამეხმარება, ალბათ, გამოჩნდებიან ახალი სახეები, ახალი ექსპერტები, ახალი ანალიტიკოსები, ცოცხალი, ჯანსაღი მუხტიო.“ არ გვასვენებს ეს კაცი და მუდმივად გვიტოვებს თავსატეხს და საფიქრალს.

ექსპერტების თემა კი გასული კვირის მთავარი სახსოვარი იყო. 4 საათიანი პირდაპირი ეთერი, სადაც კითხვა–პასუხის რეჟიმში ივანიშვილმა მშვენიერი წინასაარცევნო კამპანია ჩაუტარა თავის კანდიდატ მარგველაშვილს და ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე ექსპერტებს ისეთი მასტერ–კლასი ჩაუტარა, სიცილიაშიც რომ შეშურდებოდათ.

რას ვერჩით ამ ადეიშვილს? არც ძებნილი ყოფილა, არც უნიჭო, არც ურიგო მენეჯერი და საერთოდაც, თბილისის ნაზუქივით თუ ზაქივით მერის მაქინაციებსა და მაიმუნობებზე გამოძიება მაგას დაუწყია. მზა–მზარეული დაუხვედრებია ახალი პროკურატურისთვის ტომები, მაგრამ, რათ გინდა? ჯერ მხოლოდ ისევ იბარებენ და უშვებენ. ამიტომაცაა ტოლებში კოჭების გორების და პრემიერთან ერთად აღმაშენებლის გამზირზე სეირნობის ხასიათზე.

მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სუბარის უწყება იუწყება, რომ ბოლო დიაგნოზით მას მხოლოდ სქოლიოზი აწუხებს და მატროსოვის სანატორიუმში დაკარგული 12 თუ 22 კილოგრამიდან ნაწილი უკვე უკან დაიბრუნა.

მინისტრების რეიტინგზე ზაქარეიშვილმა მისთვის დამახასიათებელი ბუნდოვანი და ორაზროვანი პასუხი გასცა – "ალასანიას საქმეები ჩანს და ჩემი საქმეები არ ჩანსო."

იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები საჯარო გამოსვლებისას სალიტერატურო ქართული ენით არ ისაუბრებენ, ისინი, შესაძლოა, დაჯარიმდნენო. ნორმირებული ქართულით მოსაუბრე პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს რა სჯობს, მაგრამ მაგ კანონის შემქმნელებმა ჯარიმის მოცულობაზე ჩამოყალიბებისას ის მაინც გაითვალისწინონ, რომ ყველას პრემიერის, ანდა ინგა გრიგოლიას მასშტაბის შემოსავალ არ გვაქვს და გამონაკლისების დაშვებაც გაითვალისწინონ.

29 სექტემბრის მდგომარეობით, წელს, კახეთის რეგიონში 81 კომპანიის მიერ მიღებული და გადამუშავებულია ბოლო ათეული წლების მანძილზე რეკორდული რაოდენობის ყურძენი 80097,6 ტონა (შარშან სულ გადამუშავდა 52 000 ტონა).

აი ასე! „ოცნებამ“ რაღაცით მაინც ხომ აჯობა „ნაცებს!?“

გასულ კვირას დედამიწას 10 ათას ტონიანმა ასტეროიდმა ჩაუარა. ამჯერადაც გადავრჩით!

და ვრჩებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას, განაჩენის მოლოდინის რეჟიმში. ბაჩანა კი თანაგუნდელთა მხარდაჭერის და მოსამართლეთა ერთგულების იმედზე.

 

მოკლედ, თუ ერთი „გაგიბაზრდა“, რომ თავის მოტყუება გიყვარს, მაშინვე ამ საქმეში მხარში ამოდგომის იმდენი მსურველი გამოჩნდება, რიგი დაგიდგება. ისე, ზოგ შემთხვევაში, მტერი უფრო საიმედოა – მეგობარივით მაინც არ გაგყიდის...

 

ჩვენ გვეშველება რამე თუ არა?

 

ის ანეკდოტი გამახსენდა – ექიმი რომ ეკითხება პაციენტს– როგორ გრძნობთ თავსო? პაციენტი პასუხობს– უკეთ ექიმო, ხველას უკვე შევეჩვიეო...

კატო ჩულაშვილი

ქრონიკა +

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...