ევაკუაციის და ქოლგების კვირა, ანუ, ბარაქა მიშა! და საგანელიძის „ძეტსკი მატი“!
დაბომბვაა ისეთი, გაგაგიჟებს კაცს!.. ხუმრობდნენ, ხულიგნობდნენ თუ დანაშაულებრივად მოქმედებდნენ, აგერ უსუმ 50 000–ის ზარალი კი დაუთვალა ზოგიერთებს. ზარალზე რომ არ იყვნენ, საგარეჯოს მაჟორიტარიც არ გამოცხადდებოდა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამის პრეზენტაციაზე ჯინსებით...ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ყველაფერს თავისი ეტიკეტი, ასეთი "წვრილმანებისთვის" კი ახლა მარტო ჩემისთანა მოცლილებს სცალიათ...
გასულ კვირას მიწას მუცელი რამდენჯერმე ეძრა, მაგრამ ძვრა ვერ გვიყო, "მაგრათა ვდგავართ!"...
იწვიმებს თუ არ იწვიმებს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. გინდათ ევროპა და ინტეგრაცია? ხოდა დაიწყეთ ქოლგით, ოღონდ, თავიდანვე ბოლომდე ნუ გაშლით, ნელ–ნელა შეაჩვიეთო, თან ჯერ თვალიო...
მოკელდ, ვისაც არ ეზარება ამ ბედკრულ ქართულ პოლიტიკაში , ან მოდის, ან მიდის, ან ბრუნდება…
საქართველო მტკაველი მიწის დაკარგვას არ შეეგუებაო, – ისეთი ტონით განაცხადა ქალბატონმა იუსტიციამ, გეგონება ჯერ არ დაუკარგავს, ან უკვე საქართველო არ ვართ, ანდა მტკაველში რაღაც სხვა საზომი ერთეული მოიაზრება...
მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის 936 მოქალაქეს 10 სექტემბერს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. რა ქნას ახლა, მეტი რა გაუკეთოს თავის "ჯილას?" მართლა წითელკანიან შამანებს ხომ არ ჩამოუყვანს. კაშპიროვსკი კიდევ დაბერდაო... ბოლოს და ბოლოს, ყივჩაღებამდე ხომ არ მისულა საქმე?
მაგ ჩაგრულს ახალმა მთავრობამ თვითმფრინავები ხომ აახია, ახლა ზედ დაწერილი წარწერებიც წაუშალა. ვინ დაუჯერებს აწი მაგას ოფიციალური ვიზიტების დროს, რომ, ოდესღაც, აფხაზეთში დაბრუნების დაპირებამ „ქართული ოცნების“ რეკორდი მოხსნა ხმების თვალსაზრისით. ბარაკასთან მაინც არ ყოფილიყო გადასარბენი... მერე უკვირთ, პრეზიდენტი, თვითმფრინავზე წარწერა "სოხუმის" გაქრობას პოლიტიკური დატვირთვით ხსნის. ისა და, როდემდე უნდა ვაფრინოთ ამ თემაზე, ყური ხომ არ მოგიკრავთ?
გეოგრაფიული დასახელება სოხუმი რომ სახელმწიფო სიმბოლიკა ყოფილა, ამას ახლა უნდა გვეუბნებოდნენ?
სადაა ქართული არასაპარლამენტო „პოლიტიკური ელიტა“? რატომ არ აპროტესტებს მიშას პროტესტს? რაც „ბრწყინვალე შვიდეულმა“ ერთჯერადი სახით, ბიუჯეტიდან 150-150 ათასი ლარი მიიღო, სოხუმი არააქტუალური გახდა?
სანაკოევმა თქო, იდეაში მე კი ვიცოდი, სენი წილიმეო! რომ 2008–ში სააკაშვილი ომის მომგები არ იყოო, მაგრამაო, მაინც ვენდე, მე რას ვკარგავდიო?
ჰოდა, რა დაკარგა რო? პრეზიდენტად მუშაობა "სივი"-სთვის სერიოზული მონაცემია.
რა დრო დადგა, არავის აინტერესებს, ვინ გახდება პირველი საპრეზიდენტო კანდიდატებში?
უფრო საინტერესოა – ვინ იქნება მეორე?.
აი ფიქტიურად მეორე და ფაქტიურად პირველი კი მიდის... არამგონია, მაგას NDI–ს გამოკითხულთა 72%–ს ყური უგდოს.
ბიძინამ იცის, რასაც აკეთებს და აცადეთო!...
კარგით ბატონო, ვაცდით, მაგრამ, როგორ გინდა უყურო ასე "შორეული და ახლობელი" ოცნების წასვლას?
არადა, რომ კითხო, "ძალიან მაგარი გუნდი მყავსო!" მაგ გუნდს უახლოეს მომავალში, არც მეტი, არც ნაკლები არჩევნები აქვს მოსაგები.
რა ხმებიც მოდის თვითმხილველებისგან, კოალიციის წინასაარჩევნო საქმიანობა შტაბებისგან უბნების დაკომპლექტების დონეზე, თვითდინებაზეა მიშვებული. არ ვიცი რა პოლიტიკაა ეს – ქამრების მოჭერის თუ პრაგმატულად გაჭერის, მაგრამ ფაქტია, თბილისის სხვადასხვა რაიონში კოალიციის შტაბების შეხვედრები ისეთ უცნაურ ვითარებაში ხდება, ასეთი "მასკიროვკა" ნაცების ეპოქაში არ ქონიათ.
შტაბის შეხვედრა–გაცნობა-ტრენინგები უბნების სკვერებში ტარდება. არადა, ეს სკვერები, თავის დროზე, ნაცების საარჩევნო კამპანიის მონაპოვარია და მოდი და ნუ დაწყდება უგულლავას გული, თანამოქალაქეთა უმადურობაზე! თქვენც დაიბენით ხომ? არაუშავს, მარტივია - იმას რასაც ადრე "ხუთოსნები" რესტორნებში და გაშლილ სუფრასთაან აკეთებდნენ (დაილოცა მერაბიშვილ-შაშკინის წინასაარჩევნო სუფრული), ახლა "მეოცნებეები" სუფთა ჰაერზე შვებიან.
კი გაჰკივის პატივცემული საგანელიძე, შტაბიდან ვერავინ გამიშვებსო, მაგრამ „ნაციონალური საარჩევნო“ სკოლის წყალობით „არჩევნებზე“ ე.წ. „ძეტსკი მატი“ თუ გათამაშდა, არც მაშინ წავა? თუ პირადი ანგარიშები გააპიპინა და აწი ქოცი-ქოცზე აღარ ყოფილა და ნაცი-ნაცზე? კოაბიტაციის რეჟიმში სხვა კომბინაციებიც მოსულა, მაგრამ, ყველამ თავის ფანტაზიას მიხედოს! ;)
ირაკლი კაკაბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობას ფუნა ესროლა.
პირველი კითხვა რაც საზოგადოებაში გაჩნდა, იყო– სად იშოვა კაკაბაძემ ფუნა.
სამაგიეროდ, არავის უკითხავს – რატომ?
ისიც გაირკვა, რომ საზმაუზე წარმატების საწინდარი ქალის სახელი ყოფილა. საკმარისია გერქვას ეკა და სულაც არაა პრობლემა, პოლიტიკური თოქშოუს წაყვანის სურვილი გქონდეს. კვესო "მოქესტეს", მიშველაძე "მიჭიჭყნეს" და საზოგადოებრივ ტატამზე გამოსასვლელად ბერიძე ემზადება.
ხოლო იქ, სადაც გამოჩნდება თავისუფალი ვაკანსია, აუცილებლად ჩნდება კოკო (კონსტანტინე) გამსახურდიას გაუხუნარი ამბიცია.
დამეთანხმეთ, რომ, ასე "უკულტუროდ" ეს ქვეყანა არასოდეს ყოფილა, მაშინაც კი, როცა ამ დარგის მინისტრები არ არსებობდნენ და ის ნიჭიერი ადამიანების ხარჯზე ვითარდებოდა.
და მერე რა? ახლა გვყავს მინისტრი, თავისი დახუნძლული შტატით. ამას როგორღაც შეეგუები, მაგრამ, 20 წლის წინ დაკარგული ტერიტორიის კულტურის მინისტრობა, ისე, როგორც ზოგადად მთავრობის არსებობა კია ცოტა რთულად ასათვისებელი.
აფხაზეთის მთავრობამ რომ კულტურა და განათლება ერთ სამინისტროში გააერთიანა, ეგ იმის ნიშანია, რომ „პრაგმატულად აზროვნებს“. ორი - ერთში გაცილებით ეკონომიურია. პრინციპში, რამ გაყო ახლა კულტურა და განათლება? თანაც თუ ისეთი კადრი გყავს, როგორიც დიმიტრია ჯაიანი...
მოკლედ, აქამდე თუ საზოგადოება ითხოვდა პენსიას შრომის და დამსახურების მიხედვით, ახლა ის დროა, მოვითხოვოთ თანამდებობა იგივე მიზეზით.
საქართველოში ბოლო 20 წელია ის დროა, როცა თანამდებობაზე ხალხი ინიშნება არა ეპითეტით – შეეფერება, არამედ – ეკუთვნის...
იუშჩენკო ჩართველდა კოლეგა–მეგობართან და ნათლიმამასთან ყვარელში. ქვევრიც ითრია, რეზინის ჩექმებიც ჩაიცვა და ისე კახურად ჩააბოტა საწნახელში, მიხოსაც შეშურდებოდა, გოგიასაც და იმათ სახედარსაც.
ქვევრი არ მიიღო ნათლულის და ნათლიმამის ავტოგრაფით როო?... ქვევრზე ავტოგრაფიც ახალი სიტყვაა არქეოლოგიაში. მაგ ახლადგამომცხვარმა მეღვინემ ის მაინც თუ იცის, ქვევრი მიწაში რომ ინახება?
"დიახ, მე ვარ VIP სტატუსის მქონე ადამიანი"–ო და დასკდით შურით, ბოღმაზე და ჭიჭინაზეო, – აჭარის უმაღლესი საბჭოს გაბღენძილმა თავმჯდომარემ. გაიბღინძება აბა რა? ახალი სტილის და ეტიკეტის დამამკვიდრებელი თუ არა, გამაჟღერებელი მაინცაა თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში.
ბიზნესმენი ლევან პირველი საქართველოში დაბრუნდა და „მრეწველთა პარტიის “ გაახალგაზრდავებას აპირებს.
მრეწველობა-მრეწველებს! პოლიტიკა-პოლიტიკოსებს! არაა ცუდი სლოგანი, მაგრამ, ვის სწყობა? ამ ქვეყანაში პოლიტიკაც ბიზნესია და ბიზნესი -პოლიტიკა.
პარადოქსია, მაგრამ, ფაქტია - საქართველოში, საქმე საქმეზე რომ მიდგება, არავის აწყობს, რომ მის საკუთრებას, უფლებებს და ღირსებას იცავდეს კანონი და სამართალი. ალბათ გენეტიკური წუნია აზროვნების დონე- ჩემსას ჩემზე უკეთ ვერავინ დაიცავს და ამიტომ, აქაც მე ვარ და იქაც მე ვარ!!!
მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, – პრემიერმა ჩვენს მიერ ორჯერ გახსნილი ჰესის მშენებლობა მესამეჯერ გახსნაო. რამდენ რამეზეა ეს „ადამიანი“ გულდაწყვეტილი...
სიმწრით დაშლიგინებს პლანებში, ყურძნის ახალ ჯიშსაც გამოიყვანს ეგ მალე. იმდენი ქნა, სანამ ბაქრაძეს ამერიკაშიც ყურძენი არ დააწურინა.
საქართველოს პრეზიდენტობის სახალხო კანდიდატი, პროფესორი ნესტან კირთაძე, მოფერებით „ნესტარა“, კოლუმბიის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორ ტიმოტი პრაისს შეხვდა. ახლა მაგ პრაისს ეგ პრასზე არ დაელაპარაკებოდა ამხელა გზაზე ჩასული, მაგრამ...
შსს–ს ისე მოეწონა წინამორბედთა ტრადიციადქცეული ვიდეო–ინდუსტრია, გადაწყვიტა, შესაძლებლობები სრულმეტრაჟიან ფილმებშიც მოსინჯოს. ამიტომ, იგეგმება ფილმის გადაღება ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმეზე – „ვინ მოკლა ილია...“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება ის ფაქტი, რომ საფუძვლიან გამოძიებას მართლაც დიდი დრო სჭირდება. ამით მოიხსნება დღეანდელი როკურატურის მიმართ ბრალდებებიც.
ან დამიმტკიცეთ რამე და ან გამომიშვითო! მისუსტებული ხმით ყვიროდა ამ კვირაშიც ვანო... აი ბაჩო უფრო ომახიანად გამოიყურებოდა...
ხელოვან-ორატორ-კონფერანსიე ნინელი ჭანკვეტაძის ვალის აღიარება და გასტუმრება გვაკლდა ქართველებს.
ვიცით ქალბატონო - ბიძინა ის კაცია, კომბლებს რომ თლის, ჭერში აწყობს და მიშასთვის რომ აქვს ერთი საგანგებოდ გადანახული, მაგრამ რა საჭიროა ყოველ წუთში ამის ცხვირში ტაკება?
უმადურები თქვენსკენ მოიკითხეთ, თუ კარგია!
მიხეილ სააკაშვილი გაერო-ში სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა.
27 სექტემბერს რუსი ჯარისკაცები სოხუმში, სამხედრო აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას, სამაგიეროდ, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი სოჭის ოლიმპიადაში დამოუკიდებელ ქვეყნებად არ წარსდგებიან.
"საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ "ანგელა მერკელის პარტიას გამარჯვება მიულოცა.
ეს ანგელაც რა ხარბი გამოდგა, ჩვენი მაღალის არ იყოს...
მაღალს კი უკვე დედაქალაქის მერობა მონდომებია. რას აპირებს გიგი, ამას მოგვიანებით შეგვატყობინებს, თუ კიდევ ერთხელ დაიბარებს პროკურატურა გასაუბრებაზე.
ისე, პოლიტიკაში დაბრუნება უფროს წიწიბურასაც გადაუწყვეტია. აბა ტყუილად ხომ არ მიეძღვნა ხოფერიას პირველი გადაცემა უმცროს წიწიბურას?
სალომე გოგიაშვილმა და ნინამ ვიღაცის ქმრის გამო დასცხეს.
ფარულავა და მოროშკინა ასე ურიგოდ რომ მიდიან „ზაგსში“, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მაინც დალოდებოდნენ...
ამ გახსენებაზე, თუ იცის ვინმემ – ნათია მეგრელიშვლი გათხოვილია?
ათთვიანი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, უკრაინიდან ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიცია განხორციელდა.
ესეც თქვენი კვირის მონაპოვარი!
ეჰ... ცხოვრება მართლაც ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ დანიშნულების შესაბამისად არ გამოიყენო...
ეგეცაა, – რაც უფრო ყურადღებით და გაფაციცებით აკვირდები რამეს, მით უფრო ნაკლებს ხედავ ხშირად...
კატო ჩულაშვილი
"ქრონიკა+"
24.09.2013
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.