აბსურდი და უსამართლობა – გაიაშვილი უკრაინულ სანქციებზე
„ჯორჯიან ეარვეიზის“ საფრენოსნო სამსახურის უფროსი, თამაზ გაიაშვილი ეხმაურება უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებს და ამბობს, რომ ეს „აბსურდი და უსამართლობაა“.
მის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინა, Georgian Airways პირდაპირ ფრენებს აწარმოებს თბილისსა და მოსკოვს შორის.
განცხადებაში ის დასძენს, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია, სამაგიეროდ გაუკვირვა – „საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ის ორკესტრირებული ტაშ-ფანდური,“.
ამ პროცესს ის ასევე ოპოზიციას უკავშირებს და ამბობს, რომ ისინი ყველაფერზე მიდიან, რათა ხელისუფლებაში მოვიდნენ.
„თავიანთი ამ არაჯანსაღი მიზნისკენ სავალ გზაზე ისინი ახერხებენ უკრაინის პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანასაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოს არცერთი ავიაკომპანიის კომპეტენციაში არ შედის ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყებაზე ან შეწყვეტაზე ნებართვის გაცემა. ყველაფერ ამას ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაზე სამთავრობო ხელშეკრულება არეგულირებს. ჩვენ, როგორც ყველა სხვა კომპანია, ვალდებული ვართ, შევასრულოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს“, – აცხადებს გაიაშვილი.
„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორის თქმით, უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში მისი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა. განცხადებაში ის დასძენს, რომ როგორც 2003 წლიდან აღარც „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელია და აღარც გენერალური დირექტორი და მას მხოლოდ საფრენოსნო სამსახურის უფროსის თანამდებობა მიკავია.
„ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჩემი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა. აქვე მინდა, გამოვხატო წუხილი იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს. რუსეთში ფრენებს ახორციელებენ თურქეთის, არაბული სახელმწიფოების, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მთელი აზიისა და შუა აზიის ავიაკომპანიებიც, რომლებიც ასობით რეისს ასრულებენ, მაგრამ მათ სანქციების დაწესებას ვერ ჰკადრებენ. არც მე და არც „ჯორჯიან ეარვეისს“ პოლიტიკასთან შეხება არ გვაქვს. ჩვენ ოცდაათი წელიწადია, კეთილსინდისიერად ვემსახურებით ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას.
დასასრულ, იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყვება“, – ამბობს თამაზ გაიაშვილი.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.