Jump to content
Planeta.Ge

მეწყერის გამო, დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია — საქართველოს რკინიგზა


სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრის გამო, საქართველოს რკინიგზამ პირველ ივლისს დანიშნული ყველა რეისი გააუქმა. ინფორმაცია რკინიგზამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

“მგზავრობის გადახდილი საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ. 2 ივლისის რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით”, — აღნიშნავს უწყება ბოლო განცხადებაში.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, მარელისში უხვი ნალექის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა “მნიშვნელოვნად დააზიანა” საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები.

თავდაპირველ განცხადებაში უწყება წერდა, რომ რკინიგზის ბრიგადები სრულად იყვნენ მობილიზებულნი და მოძრაობის აღსადგენად მუშაობდნენ. განცხადებაში მითითებული იყო რეისებიც, რომლებიც დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავიდოდნენ. მათ შორის იყო:

თბილისი-ბათუმი(#804); თბილისი-ფოთი (#874); ბათუმი-თბილისი (#801); ბათუმი-თბილისი (#807); ზუგდიდი-თბილისი (#869); ბათუმი-ერევანი (#201).

რკინიგზა ამბობდა, რომ კონკრეტული მიმართულებებით მოძრავი მატარებლები პირველივე ახლო მდებარე სადგურებში გაჩერდებოდნენ, რათა მგზავრებს სურვილისამებრ შესძლებოდათ მატარებლებიდან ჩამოსვლა.

“საქართველოს რკინიგზა ყველა რეისის საწყის სადგურზე დაბრუნებას უზრუნველყოფს. სურვილისამებრ მგზავრებს შეეძლებათ მატარებლებით საწყის სადგურებში დაბრუნება”, — აღნიშნავდა უწყება.

მეორე განცხადებაში რკინიგზამ დააკონკრეტა, რომ “მეწყერთან დაკავშირებით ჯერჯერობით წინასწარი გეოლოგიური დასკვნები არ გაკეთებულა. შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია”.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...