ნათია მეზვრიშვილი - მდგომარეობა წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო დამძიმდება - განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, რომ პოლარიზაცია შემცირდეს
მდგომარეობა წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო დამძიმდება, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი იმ თავდასხმებს, რაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა პირების მიმართ განხორციელდა.
როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, ძალადობის წახალისება ხელისუფლების მხრიდან ხდება.
„სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ერთი-ერთში გადაიღო ის მეთოდები, რასაც ჩვენ „ნაცმოძრაობისგან“ ვხედავდით 2011-2012 წლებში. ის მეთოდები, რასაც „ოცნება“ ებრძოდა, პრაქტიკულად, საუკეთესოდ აითვისა. ვხედავთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოწოდებებს, მეორე მხრივ, ვხედავთ აბსოლუტურ დაუსჯელობას, ინსტიტუტების მხრიდან ნულოვან რეაგირებას, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუტები აღარ გვყავს, თითოეული ინსტიტუტი პარტიაზეა მიბმული და პარტიის დღის წესრიგით მოქმედებს. შესაბამისად, ძალიან საშიშია ქვეყანაში, ქალაქში მოძრაობა, როცა მოქალაქეს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი დამცველი აღარ ეყოლება, მით უმეტეს, როცა ვხედავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალადობა წახალისებულია, სახეზე რეალურად ორგანიზებული ძალადობისკენ მოწოდებაა, რაშიც ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ, პირადად, პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე - ეს დღეს არ დაწყებულა, ეს ჯერ კიდევ 5-6 ივლისის მოვლენების დროს იყო ძალიან აშკარად გამოკვეთილი, ეს არის ამ ყველაფრის ერთგვარი გამოვლინება. ამ მხრივ მდგომარეობა წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო დამძიმდება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენას და ისაუბრა პოლარიზაციასთან დაკავშირებითაც.
„შინაარსობრივად გამჭირდება პრემიერის გამოსვლის შეფასება ერთადერთი მიზეზის გამო, მეორე, თუ მესამე შემთხვევაა, როცა პრემიერი პარლამენტში მიდის და არ ლაპარაკობს აწმყოზე, არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, არ ლაპარაკობს მომავალზე, საქართველოს მოქალაქეებს წარსულზე ელაპარაკება და ელაპარაკება ერთადერთ პოლიტიკურ პარტიას პარლამენტის დარბაზში, თუ პარლამენტის დარბაზს მიღმა. პრემიერი გუშინ იქ იმისთვის იყო მისული, ანგარიში ჩაებარებინა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ელაპარაკა წარსულზე, 9 წელზე, მაშინ როცა, ამდენი წელია გასული და მოქალაქეებს აინტერესებთ, რა გველოდება მომავალში, როგორი გამოწვევებია დღეს და ამ თუნდაც, ძალადობებზე, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლიანი ხელისუფლება იღებს თუ არა, პასუხისმგებლობას, ჩვენ ეს ვერ მოვისმინეთ, შესაბამისად, ამაში მონაწილეობა არ მიგვიღია.
პოლარიზაციის დასაძლევად ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო, არასდროს ვყოფილვართ პოლარიზაციის წყარო. ამ პროცესებში ძალიან აქტიურად მონაწილეობს „ნაციონალური მოძრაობა“. ვფიქრობ, დღეს ეს ორი პარტიაა ქვეყანაში პოლარიზაციის წყარო და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამაზე ხელისუფლებას ეკისრება, რომელსაც არაფერი გაუკეთებია ამ დრომდე, რომ პოლარიზაცია შემცირდეს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.