Jump to content
Planeta.Ge

ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა


ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ცხოველების წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი პროპორციულად გამკაცრდა და მათ მიმართ, ვინც ცხოველებზე ძალადობს, სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება ექნება.

მიღებული ცვლილებებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია - დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი: - ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით ან ორი ან მეტი ცხოველის მიმართ - დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია - ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი ცხოველის მიმართ - ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

„ბოლო პერიოდში ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები გახშირდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. მართალია, “სისხლის სამართლის კოდექსის“ თანახმად ცხოველების წამება და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა დასჯადია, თუმცა აღნიშნული დანაშაულის უკეთ პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია, მისი ჩადენისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდეს“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონის პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ანრი ოხანაშვილმა, მაია ბითაძემ, დავით მათიკაშვილმა და თენგიზ შარმანაშვილმა მოამზადეს.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...