Jump to content
Planeta.Ge

2022 წელს მივლინებებში პარლამენტის წევრებზე 1.7 მლნ ლარი დაიხარჯა – TI


2022 წელს საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 84 წევრზე 1,739,782 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“(TI) ანგარიშშია მოცემული, რომელიც პარლამენტის 2022 წლის საქმიანობას აფასებს.

რაც შეეხება პარლამენტის წევრთა აქტიურობას, TI-ის ანგარიშის თანახმად:

  • 2022 წელს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 99-მა წევრმა, აქედან ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია ოპოზიციიდან დავით უსუფაშვილი (39 კანონის პროექტი) და უმრავლესობიდან რატი იონათამიშვილი (38 კანონის პროექტი);
  • 2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის 126-მა წევრმა ისარგებლა. პლენარულ სხდომაზე ყველაზე მეტი გამოსვლა ჰქონდა უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძეს (242), ხოლო ოპოზიციიდან რომან გოცირიძეს (93); სიტყვით გამოსვლის უფლებით არ ისარგებლა პარლამენტის 18-მა წევრმა, აქედან 10 იყო უმრავლესობის (ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, სუმბატ კიურეღიანი, ლევან კობიაშვილი, სამველ მანუკიანი, გოგი მეშველიანი, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ვიქტორ ჯაფარიძე) ხოლო 8 ოპოზიციის დეპუტატი (გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ცეზარ ჩოჩელი, დილარ ხაბულიანი);
  • 2022 წელს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან კობა ნაყოფიამ (13 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ (11 გაცდენა);
  • 2022 წელს პარლამენტის 25 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაექვითა 68 704.69 ლარი;
  • გაიზარდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, საანგარიშო პერიოდში პარლამენტის 52 წევრმა დასვა 5093 კითხვა; ყველაზე მეტი, 1005 კითხვა სადეპუტატო კითხვა დასვა ანა წითლიძემ ოპოზიციიდან.

რაც შეეხება 2022 წლის საკანონმდებლო პროცესს:

  • განხილული კანონპროექტებისა და ჩატარებული სხდომების რაოდენობების მიხედვით ყველაზე აქტიური იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტები იყო, ხოლო პასიური – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი;
  • გაიზარდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევები. დაჩქარებული წესით პარლამენტმა 125 კანონის პროექტი მიიღო;
  • გაგრძელდა კანონპროექტთა განხილვის ვადის გაგრძელების პრაქტიკა. 79 საკანონმდებლო პაკეტთან (363 კანონის პროექტი) დაკავშირებით ვადის გაგრძელება 174-ჯერ იქნა გამოყენებული. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტჯერ (5-ჯერ) გაუგრძელდა განხილვის ვადა ოპოზიციის მიერ წარდგენილ ინიციატივას ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ;
  • უკანასკნელი წლების ტენდენციის მიხედვით, პარლამენტი მხარს უჭერს მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს, რაც TI-ის შეფასებით, მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელოვან მექანიზმს აზრს უკარგავს.

TI-ის ანგარიშში ასევე შეფასებულია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში პარლამენტის მუშაობა.

„2022 წელს ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, საქართველოს მიერ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენა იყო. 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის წარმართვა პარლამენტმა ითავა, შექმნა სამუშაო ჯგუფები და წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივები. რეკომენდაციების შესრულების მიზნით განხორციელებული აქტივობებიდან აღსანიშნავია ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და საპარლამენტო კონტროლისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები.

თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ პარლამენტმა ვერ უზრუნველყო პროცესის საკმარისი ინკლუზიურობა, მასში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების საკმარისი ჩართულობა“, – აღნიშნულია TI-ის ანგარიშში.

ანგარიშის თანხმად, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად, საკანონმდებლო დონეზე მოხდა საპარლამენტო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესება, პარლამენტი არ დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისთვის საკმარისი მაკონტროლებელი ფუნქციების მინიჭებისა და მისი ფუნქციური გაძლიერებისთვის.

„პირიქით, საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს ოპოზიციის დასუსტებას, რისი მაგალითიცაა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, მაგალითად, ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში“, – აღნიშნულია TI-ის ანგარიშში.

რაც შეეხება პარლამენტის ანგარიშვალდებულებას და ღიაობას, TI-ის შეფასებით, 2022 წელს კვლავ პრობლემას წარმოადგენდა მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის პარლამენტის შენობაში შესვლა.

პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა;პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც პარლამენტის მონიტორინგს ახორციელებენ, რაც მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად“, – აღნიშნულია TI-ის ანგარიშში.

როგორც პარლამენტის მუშაობის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული, ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ეთიკის საბჭოს შემადგენლობა და შედეგად, ვერ ხდება ეთიკის კოდექსის მოთხოვნების აღსრულება.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...