Jump to content
Planeta.Ge

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესზე პროტესტი პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოხატეს


ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესზე პროტესტი პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოხატეს, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის საქმიანობის მოსმენა მიმდინარეობს.

"სოლიდარობა მწერლებს," "დამოუკიდებლობა კინოცენტრს", "არა ცენზურას", "კინო საფრთხეშია", "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია", "ყოველ სამ კაცში ოთხი მოღალატეა" - ისინი ამ შინაარსის საპროტესტო გზავნილების მქონე წარწერების მაისურებით მივიდნენ კომიტეტზე, რის შემდეგაც თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა და მათ მოუწოდა დარბაზი დაეტოვებინათ. მას შემდეგ, რაც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ეს მათი კოლეგის მიერ დადგმული პერფორმანსია, რომელმაც თავად კომიტეტზე მისვლა ვერ გაბედა.

kinocentrii_11_51_22.jpg

"ეს რეალურად არის ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის მიერ დადგმული პერფორმანსი, ვინც თავად მოსვლა ვერ გაბედა, რაც ლამაზად და კორექტულად არ გამოიყურება.

სამწუხაროა, რომ რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა, ამის ნაცვლად, სხვა რაღაც გართობით არის დაკავებული,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა კი კომიტეტის დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადეს, რომ მათი პროტესტი მთლიანად კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

"ქართული კულტურა საფრთხეშია. ჩვენ ასე ვცდილობთ მივაწვდინოთ მათ ჩვენი სათქმელი. კულტურის სამინისტრო კონტაქტზე არ გამოდის. ზოგადად რაც ხდება კულტურაში, ყოვლად წარმოუდგენელია, ამაზე უნდა იყოს რეაგირება", - აღნიშნავს კინომცოდნე ლევან აბდუშელიშვილი.

კინოსექტორის მოთხოვნაზე ისაუბრა მედიასთან რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ და აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნაა, შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი და შეიქმნას დირექტორის დემოკრატიულად არჩევის წესი. ამასთან, თავართქილაძე აღნიშნავს, რომ ძველ კინოსტუდიაში ასწლოვანი კინოპავილიონი უცბად იქცა ავტოპარკინგად და მინისტრი ცდილობს მთელი კულტურა ავტოპარკინგად აქციოს, რაც არ გამოვა. მისი თქმით, კულტურის მინისტრმა დაახშო ყველა საკომუნიკაციო არხი და იძულებულები არიან სათქმელი ასე გამოხატონ.

"ჩვენს მაისურებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ რა გვინდა გადავცეთ მას და "ქართული ოცნების" სხვა ჩინოვნიკებს, რომელიც არაერთია ამ დარბაზში. ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ ერთხელ ახსენა, რომ "ცისფერი მთები" მოსწონს ძალიან და "ცისფერ მთებს" ჰგავს მთელი სისტემა, რომელიც მათ შექმნეს. მე მათ ვურჩევდი უფრო კარგად ნახონ ვიდრე "ცისფერი მთები ნახეს" და უყურონ "მონანიებას". მე მაწერია "სამ კაცში ოთხი მტერია", მხოლოდ ფრაზები არ დაამახსოვრდეთ, უფრო ღრმად ჩაუღრმავდნენ ფილმებს", - განაცხადა გიორგი თავართქილაძემ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...