სალომე ზურაბიშვილი რუსეთზე - ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, მაგრამ შეიძლება, „რბილი ძალის” პოლიტიკას ცდიდნენ - რუსების ჩამოსვლა უნდა კონტროლდებოდეს
ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, რომ ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, მაგრამ შეიძლება „რბილი ძალის” პოლიტიკას ცდიდნენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში რუსეთთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც პუტინი ვერ მართავს ომს უკრაინაში, საქართველოზე სამხედრო ზეწოლის საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა, რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ საქართველოში გამოცადოს „რბილი ძალა“.
“რა თქმა უნდა, შეშფოთების გარეშე ვერ იქნები, განსაკუთრებით როდესაც [პუტინის] რეჟიმი დასასრულ პერიოდში შედის და ნათელია, რომ პუტინი დღეს ყველაფერს ვერ მართავს და ნამდვილად ვერ მართავს უკრაინაში ომს. ყოველთვის შეგიძლია შეშფოთებული იყო თუ რა შეიძლება მოხდეს, ექსცენტრული გადაწყვეტილებებით, რომლებიც შეიძლება იქნას მიღებული.
ჩვენს შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მე ვერ ვხედავ, რომ სამხედრო ზეწოლა არსებობდეს, ვინაიდან, ჩვენთან სამხედრო ოკუპაციაა, რომელიც 2008 წლიდან გრძელდება და მანამდეც 1991 წლიდან სხვადასხვა ფორმებით. ასე რომ, ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ბაზებით. მაგრამ ვფიქრობ, რაც შეიძლება, მოხდეს არის ის, რომ ახლა რუსეთი გამბედაობას ამოწმებს და ამოწმებს „რბილი ძალის” ფრონტს, რაც არის პროპაგანდა, ყველა ის რუსი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და გავიმეორებ, რომ ეს უნდა კონტროლდებოდეს - არ შეგვიძლია ამდენი რაოდენობით რუსი შემოვუშვათ საქართველოს ტერიტორიაზე იმის ცოდნის გარეშე თუ ვინ არიან. უმრავლესობა, როგორც თქვით, ის ხალხია, რომელიც დღევანდელ რუსეთს გაურბის და პროპუტინული მოსახლეობა არ არის, მაგრამ ასევე ვიცით რუსეთის მუქარები, რომ თუ რუსულენოვანი ხალხი ნორმალურად არ იქნება დაცული - ეს შეიძლება რუსეთის შემოჭრის მიზეზად იქნას გამოყენებული.
ამიტომ ეს ყველაფერი შეიძლება რუსეთის მიერ იქნას გამოყენებული, მაგრამ მე ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, რომ ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში. მაგრამ, შეიძლება „რბილი ძალის” პოლიტიკას ცდიდნენ - პროპაგანდას - რომელიც საბჭოთა დროიდან რუსეთის ჩვეულებრივი ინსტრუმენტია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
palitranews
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.