Jump to content
Planeta.Ge

ცემა და შეურაცხყოფა ქუჩაში — ხელისუფლების ოპონენტები თავდასხმის ქვეშ


მიმდინარე თვეში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსებზე თავდასხმებმა მკვეთრად იმატა. თითქმის ყველა შემთხვევაში ნათელია ანგარიშსწორების მიზეზი: დაზარალებულთა პოლიტიკური საქმიანობა და მათ მიერ კონკრეტული ინსტიტუციებისა თუ პერსონების კრიტიკა.

ინციდენტების შეფასებისას “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ძალადობა ცუდია, თუმცა არც ის ავიწყდებათ, თავდასხმების მსხვერპლთა ბრალეულობაზეც ისაუბრონ და პროცესის წახალისებაში ისევ ოპონენტები დაადანაშაულონ.

ამასობაში, ძალადობრივი აქტები გრძელდება.

ვის სად და რატომ დაესხნენ თავს

უკანასკნელი პერიოდის თავდასხმების ერთ-ერთი ობიექტი მეცნიერი ლევან ბერძენიშვილი გახდა. როგორც ჰყვება, 20 ივნისს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოქალაქე მიუახლოვდა და დედის გინება დაუწყო, შემდეგ კი ჯიბიდან კვერცხიც ამოიღო.

მეცნიერის გადმოცემით, ხსენებული პირი ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე მეორეს იცავდა, რომელსაც ბერძენიშვილი ხშირად აკრიტიკებს.  ამ პოზიციის გამო მეცნიერი ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან მწვავე კრიტიკისა და შეურაცხყოფის ობიექტი არაერთგზის გახდა.

უკანასკნელი შემთხვევისას ბერძენიშვილი არ დაშავებულა, თუმცა გაცილებით მძიმე იყო 3 დღით ადრე მომხდარი ინციდენტი, რომელიც “გირჩი — მეტი თავისუფლების” ლიდერს, ოპოზიციონერ ზურაბ ჯაფარიძეს შეემთხვა.

პარტიის ინფორმაციით, ჯაფარიძეს 17 ივნისს დაესხნენ თავს და სცემეს. ეს მაშინ მოხდა, როცა ბორჯომისკენ, “ლიბერალური აკადემიის” ახალგაზრდულ ბანაკში მიმავალი ჯაფარიძე და პარტიის წევრები გორის “სმარტთან” გაჩერდნენ.

აღნიშნული თავდასხმის დღესვე, ძალადობრივი ჯგუფები მიიჭრნენ ბორჯომის იმ ბანაკში, სადაც ჯაფარიძე სპიკერი უნდა ყოფილიყო. ისინი ყვიროდნენ, იგინებოდნენ და სხვადასხვა საგანს ისროდნენ ბანაკის მიმართულებით, სადაც არასწრულწოვნებიც იმყოფებოდნენ.  სხვებთან ერთად იქ იყო “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და ახლად დაფუძნებული კონსერვატიული გაერთიანების “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ლიდერი ვატო შაქარიშვილი.

Zura-Japaridze.jpg

ზურა ჯაფარიძე თავდასხმის შემდეგ

ასევე 17 ივნისს, ხელჩართული ჩხუბი მოხდა თსუ-ში, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ლექცია ჰქონდა. სტუდენტების ნაწილს საპროტესტო ბანერების გაშლა სურდა, რისი საშუალებაც არ მიეცათ. ხელჩართული ჩხუბის დროს “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს, ლუკა შველიძეს სცემეს.

მოგვიანებით, 27 ივნისის ღამით, თბილისში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. ამჯერად ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელეკომპანიის, “ფორმულას” თანადამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს სცემეს. მშვილდაძის თქმით, თავდამსხმელმა მას უთხრა, „შენ პატრიარქს როგორ აგინებო“.

Untitled-design-2023-06-27T213020.965.jp

მიშა მშვილდაძე თავდასხმის შემდეგ 

მშვილდაძე, რომელსაც დაზიანებები სახის არეში აქვს, მომხდარს პოლიტიკური კონტექსტით ხსნის.

საყურადღებოა, რომ როგორც ჯაფარიძეზე, ისე მშვილდაძეზე თავდასხმის შემდეგ, “ფეისბუკზე” გამოჩნდა იდენტური სტილის პოსტები, რომელთა ავტორებიც საჯაროდ ამბობენ, რომ თავად იყვნენ თავდამსხმელები. ორივე პოსტში წერია, რომ თავდასხმის ობიექტი ეკლესიისა და პატრიარქის შეურაცხყოფისთვის იცემა.

“დარწმუნებული ვარ, ის, რაც დაიძახეს, იყო სპეციალურად დასწავლილი ფრაზა, რათა პროპაგანდას ჰქონოდა სათქმელი, რომ აი, ეს მოხდა. თორემ, პატრიარქს ვაგინებ, [რას ნიშნავს?] არ შემიგინებია პატრიარქისთვის. ვაგინებ მდინარაძეს, კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. პატრიარქისთვის მე არ მიგინებია”, — დასძენს მშვილდაძე.

27 ივნისის ღამეს კიდევ ერთ ინციდენტზე გავრცელდა ცნობა: “ნაციონალური მოძრაობის” თანახმად, პარტიის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანები დახვდნენ და სცემეს.

პარტიაში თავდასხმას ხელისუფლებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ოსიყმიშვილს ცხვირი აქვს გატეხილი და მიღებული აქვს ტვინის შერყევა.

“ამ რუსებს, ამ პუტინისტებს, პატარა კაცუნებს, არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ თავს დაესხან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს და ეცადონ, რომ დააშინონ”, — აცხადებს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

Untitled-design-2023-06-27T225316.583.jp

დავით ოსიყმიშვილი თავდასხმის შემდეგ 

გუშინვე, 27 ივნისს, ხაბეიშვილმა “ფეისბუკზე” დაწერა, რომ გარდაბანში ჩასულს ავტომობილის საბურავები დაუჭრეს.

რას ამბობენ მმართველ პარტიასა და ეკლესიაში

მმართველ პარტიაში, საჯარო განცხადებებში, ძალადობას უარყოფითად აფასებენ, თუმცა არა — ყველა:

თუ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სიტყვიერად მაინც გმობს ასეთ პრაქტიკას, მმართველი გუნდის წევრი დიმიტრი სამხარაძე პირდაპირ ამბობს, რომ “საქართველოს მტრებზე” ძალადობას არ დაგმობს. ის ღიად მოუწოდებს მოქალაქეებს, “სამშობლოს მტრებს საკადრისი პასუხი გასცენ”.

რაც შეეხება კობახიძეს, ის ამბობს, რომ ძალადობა მიუღებელია, თუმცა მისი თქმით, ამ პროცესს ისევ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ელჩები ახალისებენ.

კობახიძის მტკიცებით, ადამიანებს, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძესა თუ მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ, ხელისუფლების ოპონენტებმა და სხვებმა “დააჯერეს”, რომ ეს სამოქალაქო აქტივიზმია. მას არ დაუსახელებია იმ ადამიანების ვინაობა, ვინც, როგორც თავად ამტკიცებს, ძალადობას აქტივიზმად წარმოაჩენს.

Untitled-design-3-5.jpg

ირაკლი კობახიძე 

“როცა ადამიანები გამოდიოდნენ რუსთაველზე და დედას იგინებოდნენ, უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს, ეს კონკრეტული ელჩის მხრიდან შეფასდა, როგორც გამოხატვის თავისუფლება. არ შეიძლება, დედის გინება და უწმაწურობა შეაფასო, როგორც გამოხატვის თავისუფლება.

არამხოლოდ ძალადობის წახალისება ხდება, ამ ყველაფერს არქმევენ სამოქალაქო აქტივიზმს…  ვინც იძალადა ზურა ჯაფარიძესა და მიშა მშვილდაძეზე, მათ დააჯერეს სწორედ ამ ადამიანებმა, ოპოზიციამ, ენჯეოებმა, ელჩებმა, რომ ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი”, — დასძინა მან.

თავდასხმებთან დაკავშირებით განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმაც გაავრცელა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს მიმართ “აგრესიულ კამპანიაზე” საუბრობს და დასძენს, რომ ადვილი მისახვედრია, “ვისი მიზეზით იზრდება დაპირისპირება, შუღლი და შეურაცხყოფა საზოგადოებაში”.

Andria-Jaghmaidze.jpg

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 

მისივე სიტყვებით, “რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ ძალადობა არ არის ქრისტიანული საქციელი და ეკლესიის ძალისხმევა და მოწოდება სწორედ მოყვასისადმი სიყვარულის ქადაგებაა”.

სასულიერო პირის აზრით, “რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნეს მომართული მედიასაშუალებები”.

“5 იყო სულ ბოლო ხანებში ჩემს შემთხვევაში”

17 ივნისის ინციდენტი არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, როცა მეცნიერ ლევან ბერძენიშვილს საჯაროდ მიაყენეს შეურაცხყოფა ან სხვა ფორმით შეუქმნეს დისკომფორტი.

იანვარში ეს გააკეთა პროსამთავრობო “პოს ტვ”-ს პროპაგანდისტმა ნათია ბერიძემ, რომელმაც ბერძენიშვილი ქუჩაში გალანძღა და თან ვიდეოს უღებდა. მაისში კი მეცნიერმა თქვა, რომ მის სახლთან 15-20 ნიღბიანი პირი იმყოფებოდა.

“5 [ინციდენტი] იყო სულ ბოლო ხანებში ჩემს შემთხვევაში”, — ეუბნება ბერძენიშვილი “ნეტგაზეთს” და აღნიშნავს, რომ ფიზიკურად არც ერთ შემთხვევაში დაზარალებულა.

ლევან ბერძენიშვილს უჭირს იმის დაზუსტებით თქმა, რამდენად ორგანიზებულია ინციდენტები, თუმცა როგორც აღნიშნავს, ეს პროცესი  “გარეგნულად ძალიან ჰგავს მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილ საქმიანობას”.

“[ამაში] მონაწილეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რამდენადაც, კარგად იციან ჩვენი გადაადგილება, დღის წესრიგი და ა.შ. და ცალკეული მოქალაქეები”, — დასძენს ბერძენიშვილი.

“არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი მოქალაქე ენთუზიასტია და არ არის სახელმწიფოს მიერ მართული”, — ამატებს მეცნიერი, თუმცა დანამდვილებით აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული როგორც “პოს ტვ”-ის პროპაგანდისტის მხრიდან შეურაცხყოფა, ისე ბოლო ინციდენტი, რომლის დროსაც ახალგაზრდა კაცმა აგინა და ჯიბიდან კვერცხიც ამოიღო.

“წარმოიდგინეთ, მიდიხართ ქუჩაში და შეგხვდათ ტიპი, რომელიც არ მოგწონთ. და ამ დროს ჯიბიდან აძრობთ ორ ცალ კვერცხს. ხელში არაფერი ჭერია. ჯიბიდან ამოიღო კვერცხი ან ვიღაცამ მიაწოდა”, — დასძენს ლევან ბერძენიშვილი.

მისი თქმით, არ გეგმავს, მომხდარის გამო პოლიციას მიმართოს, რადგან მიიჩნევს, რომ მის მიმართ აგრესია სწორედ სახელმწიფოს მიერაა მართული.

Untitled-design-2023-02-17T172137.678.jp

ლევან ბერძენიშვილი 

მეცნიერის აზრით, მის წინააღმდეგ თავდასხმების რეალური მიზეზი არა ერეკლე მეორის კრიტიკა, არამედ მოქმედი ხელისუფლებისადმი და ბიძინა ივანიშვილისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა.

ამის საილუსტრაციოდ ის ახსენებს მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და ფონდ “ქართუს” მმართველის მიერ მაისში გავრცელებულ, ფაქტობრივად, იდენტურ განცხადებებს, რომლებშიც ბერძენიშვილი მწვავედაა გაკრიტიკებული არამხოლოდ ქართლ-კახეთის მეფის, არამედ ივანიშვილის აუგად მოხსენიების გამოც.

“ყოველთვის, როცა ავტორიტარული ან ავტორიტარიზმთან მიახლოებული ხელისუფლება გრძნობს, რომ შეიძლება წააგოს, სულ ასე ხდება ხოლმე. ეს მარტო საქართველოს მოვლენა არ არის”, — დასძენს ის.

მისი სიტყვებით, მოქმედი ხელისუფლების დამარცხებაა უნდა იყოს ის, რაც ამ პროცესს შეაჩერებს.

“ისინი პოლიტიკურად უნდა დამარცხდნენ არჩევნებში, მანამდე კი ამას ვერაფერი შეაჩერებს… ხომ ხედავთ, იმ კაცმა, ვინც გუშინ [მიშა მშვილდაძეს თავს დაესხა], დღეს “ფეისბუკით” შეატყობინა საზოგადოებას, მე ვქენიო და მოუწოდა [შსს-ს], დამიჭირეთო. მან იცის, რომ არაფერი ემუქრება. დაიჭერენ, რაღაცას მიუსჯიან და მერე ჩუმად… როგორც ყოველთვის”, — აღნიშნავს ბერძენიშვილი.

“ამას შეიძლება ჰქონდეს ორგანიზებული სახე”

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” აღნიშნავენ, რომ თავდასხმების წარმომავლობა გამოსაძიებელია, თუმცა მოვლენათა დროში დამთხვევა აჩენს ეჭვს, რომ პროცესს “შეიძლება ჰქონდეს ორგანიზებული სახე”.

ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ამ პირობებში თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს კრიტიკული მოსაზრებების ან განსხვავებული შეხედულებების გამო.

ქურდოვანიძის სიტყვებით, საჭიროა როგორც ეფექტური გამოძიება, ისე პროცესების ადეკვატური შეფასება “მაღალი ტრიბუნებიდან”. თუმცა, “საიას” თავმჯდომარე პოლიტიკური ლიდერებისაგან საპირისპირო რიტორიკას ხედავს.

Untitled-design-2023-02-17T193642.776.jp

ნონა ქურდოვანიძე 

“სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პოლიტიკური ლიდერები თუ თანამდებობის პირები თავიანთი რიტორიკით ასეთ ქმედებებს ახალისებენ კიდეც”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

“საიას” თავმჯდომარე არ იზიარებს კობახიძის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ამგვარ ძალადობას ქვეყანაში ის ადამიანები ახალისებენ, ვინც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ლაპარაკობენ და ამ კონტექსტში ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

“ჩვენ გამოხატვის თავისუფლებას ვარქმევთ იმას, რაც ჰქვია მას კონსტიტუციის საფუძველზე და არავითარ სხვა ქმედებას. ის ქმედებები, რომლებსაც ვაფასებთ გამოხატვის თავისუფლებად, სრულად არის თანხვედრაში საქართველოს კანონმდებლობასთან”, — ამბობს ქურდოვანიძე.

ჯაფარიძესა და მშვილდაძეზე თავდამსხმელები, რომლებმაც საჯაროდ დაწერეს ძალადობის შესახებ, დააკავეს. ორივე მათგანს სსკ-ის 126-ე მუხლით ედავებიან, რაც ძალადობას გულისხმობს. ჯერ ბუნდოვანია, დამძიმდება თუ არა ბრალი დაკავებულთა მიმართ, რომელთაც ღიად განაცხადეს დანაშაულის მოტივის შესახებ.

ენმ-ის წევრზე, დავით ოსიყმიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით ამავე მუხლითაა დაწყებული გამოძიება, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...