ევროპული მედია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა - დავითაშვილის გოლი ტურნირის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება #1TVSPORT
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებულ თამაშსა და მეოთხედფინალში გასვლას უცხოურ მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.
Daily Mail (ინგლისი) – საქართველოს ოცნება ევროპის ჩემპიონატზე გრძელდება, დებიუტანტი ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს
„2023 წლამდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშია. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. მასპინძელთა ნაკრებმა ბოლო ტურში ნიდერლანდებთან ფრედ ითამაშა. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ზურიკო დავითაშვილის გოლმა გაიყვანა“.
Futboliza Mundo (ესპანეთი) – საქართველო ჯგუფში პირველია
„ზურიკო დავითაშვილმა ნიდერლანდებთან დიდებული გოლი გაიტანა. საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, დავითაშვილის შეცვლისას ტრიბუნებზე წარმოუდგენელი ოვაცია იყო“.
beinsports.com (საფრანგეთი) – საქართველო მეოთხედფინალში გასვლით ტურნირზე თავის ყოფნას ამართლებს
„ზურიკო დავითაშვილმა ნიდერლანდების ნაკრებს ბრწყინვალე გოლი გაუტანა. ქართველმა ფეხბურთელმა დრიბლინგით ჩამოიცილა მეტოქის ხუთი მცველი და ზუსტი დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა. ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო მეოთხედფინალში გასვლით ტურნირზე თავის ყოფნას ამართლებს“.
Yorkshire Evening Post (ინგლისი) – ემოციური დასასრული რეკორდული გულშემატკივრის წინაშე
„ევროპის ჩემპიონატზე თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს გულშემატკივართა უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა – თამაშს რეკორდული რაოდენობის მაყურებელი (43 004) დაესწრო. მასპინძლებს ქულა ზურიკო დავითაშვილის შესანიშნავმა გოლმა მოუტანა – შემტევმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, შესანიშნავი სოლორეიდით ხუთ მეტოქეს გასცდა და ზუსტად დაარტყა“.
Webgirondins (საფრანგეთი) – დავითაშვილის შესანიშნავმა გოლმა საქართველო მეოთხედფინალში გაიყვანა
„ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და პირველ ტაიმში შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომელმაც საქართველოს მეოთხედფინალის საგზური მოუტანა. ასეთი სოლორეიდები დავითაშვილის შესრულებით „ბორდოშიც“ არაერთხელ გვინახავს“.
Weszlo (პოლონეთი) – დავითაშვილმა მესის სტილში გაიტანა
„ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებთან შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილმა ფენომენალური დრიბლინგი ლეო მესის სტილში შეასრულა. 22 წლის ქართველმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც ამ ტურნირის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.
ნიჭიერმა გარემარბმა პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გახსნა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში ითამაშებს. დავითაშვილის შთამბეჭდავი სოლორეიდი ტურნირის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება“.
uefa.com
„საქართველომ და პორტუგალიამ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაძლიეს. ტურნირის თანამასპინძელმა საქართველომ ბოლო ტურში ნიდერლანდებთან ფრედ 1:1 ითამაშა, დაუმარცხებელი დარჩა და მეოთხედფინალში გავიდა, როგორც ჯგუფის გამარჯვებული.
ზურიკო დავითაშვილმა 42-ე წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა. დრიბლინგი მოედნის ცენტრიდან დაიწყო და ლამაზი გოლით დააგვირგვინა. დავითაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. საქართველო კი შვედეთის შემდეგ (2009 წელს) პირველი მასპინძელი ქვეყანაა, რომელიც 21-წლამდელთა ჩემპიონატის პლეიოფში გავიდა“.
Mundo Deportivo (ესპანეთი) – საქართველოს ისტორიული შედეგი გოლით, რომლის მსგავსიც კვარაცხელიამ გაიტანა
„საქართველოს ნაკრები A ჯგუფში დაუმარცხებელია და ხუთი ქულით პირველ ადგილზე გავიდა. 2009 წლის შემდეგ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი პლეიოფში არასდროს გასულა, ეს ამჯერად საქართველომ შეძლო. კიდევ ერთი ფაქტი: თბილისში, შეხვედრას 43 004 მაყურებელი დაესწრო, რაც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებზე დასწრების რეკორდია.
შეხვედრის მთავარი „არქიტექტორი“ ზურიკო დავითაშვილი იყო – „ბორდოს“ 22 წლის ფეხბურთელის გოლი კვარაცხელიას მიერ „ნაპოლის“ შემადგენლობაში „ატალანტასთან“ გატანილ გოლს გაგახსენებდათ“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.