სხვისი ნივთის დაზიანებაზე პატიმრობის ვადები იზრდება
სხვისი ნივთის დაზიანებაზე შესაძლოა სასჯელი გაიზარდოს. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისთვის კანონპროექტი დაარეგისტრირეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა.
ანრი ოხანაშვილის, მაია ბითაძის, დავით მათიკაშვილისა და თენგიზ შარმანაშვილის ავტორობით შედგენილი კანონპროექტის თანახმად, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 1-დან 5 წლამდე. ამჟამად გათვალისწინებულია პატიმრობა 1-დან 3 წლამდე.
იგივე ქმედება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, არაერთგზის და ჯგუფურად, დაისჯება 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლში ამჟამად არ არის გამოყოფილი სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანება, კანონპროექტი კი აღნიშნული ცვლილების დამატებას ითვალისწინებს. ასევე, ამჟამინდელი კანონის თანახმად, ზემოთ აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.
სხვისი ნივთის დაზიანების შემთხვევაში კანონპროექტი არ ითვალისწინებს ცვლილებას ჯარიმის, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოსა და შინაპატიმრობის შემთხვევაში.
პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღად განისაზღვრა 30 ივნისი. ავტორებმა კანონპროექტი 21 ივნისს დაარეგისტრირეს.
აღნიშნული კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დაუსვეს შეკითხვები. კობახიძის თქმით ამ ინიციატივას კარგად არ იცნობს, მაგრამ ვარაუდობს, რომ ეს ვანდალიზმს უკავშირდება.
“არის ვანდალიზმის კატასტროფული შემთხვევები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქში. ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი რეაგირება”, — განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ეს ცვლილება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენოს ხელისუფლებამ, კობახიძემ უპასუხა:
“თუნდაც… რა თქმა უნდა, რომ ავიღოთ პარლამენტისთვის მიყენებული ზიანი, აქაც უფრო მკაცრი რეაგირებაა საჭირო. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი სხვის კერძო ქონებას, ან სახელმწიფო ქონებას აზიანებენ, მათზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება იქნება. რა თქმა უნდა, მკაცრი რეაგირება არის საჭირო”, — განაცხადა მან.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.