Jump to content
Planeta.Ge

განიხილეთ რიკოთის მშენებარე კომპანიის საქმიანობის შეჩერება — „ღირსეული შრომის პლატფორმა“


„ღირსეული შრომის პლატფორმა“ რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშის დაღუპვის ფაქტს ეხმიანება.

პლატფორმა ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებულების სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის — 2021 წლის იანვრის ბოლოს სამუშაო ადგილზე დაშავდა რიკოთის საავტომობილო გზების მშენებელი კომპანია „ჩინეთის სახელმწიფო შპს“-ის ერთი დასაქმებული, რისი შეუტყობინებლობის გამოც კომპანია 1000 ლარით დაჯარიმდა.

„ღირსეული შრომის პლატფორმის“ ინფორმაციით, თებერვალში, კომპანიაში ჩატარდა შრომის პირობებისა და უსაფრთხოების ნორმების ინსპექტირება და გაიცა მრავლობითი დარღვევების აღმოსაფხვრელი მითითებები.

„2023 წლის აპრილის თვეში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები გაიფიცნენ. ისინი სხვა მოთხოვნებს შორის, კომპანიისგან მომეტებული რისკის გამო უსაფრთხოების ნორმების დაცვას მოითხოვდნენ. მიუხედავად ამისა, არც დასაქმებულთა პროტესტზე პასუხად, არც უკვე დაფიქსირებული დარღვევების აღმოფხვრის შესამოწმებლად, შრომის ინსპექციას რეინსპექტირების პროცესი აღარ განუხორციელებია. სამწუხაროდ, რიკოთის სამშენებლო მონაკვეთზე, შრომის უფლებების უმძიმესი დარღვევების და უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა ფატალური შემთხვევამდეც მივიდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

„ღირსეული შრომის პლატფორმა“ შრომის ინსპექციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განახორციელოს სამუშოების შემსრულებელი კომპანიის ინსპექტირება/რეინსპექტირება, გამოიკვლიოს მომხდარი ფატალური შემთხვევა და დააკისროს კომპანიას კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი პასუხისმგებლობა; განიხილოს საქმიანობის შეჩერების საკითხიც, სანამ ბოლომდე არ იქნება აღმოფხვრილი შრომის უსაფრთხოების რისკები, მომავალი ფატალური შემთხვევების გარანტირებულად თავიდან აცილების მიზნით;

პლატფორმა პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გონივრულ ვადებში, სრულყოფილად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი, უზრუნველყონ ბრალეული პირების გამოვლენა და მიიღონ ზომები მათთვის კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.

Საქართველოს მთავრობას პლატფორმა საგზაო და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურის სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებისთვის შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისი მკაცრი მოთხოვნების დაწესებისკენ მოუწოდებს.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ერთობა 2013
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • გილდია

21 ივნისს რიკოთის უღელტეხილზე, უბისის მონაკვეთთან, გზის მშენებლობაზე სამუშაოს შესრულების დროს, მუშა მშენებარე ხიდიდან მდინარეში გადავარდა და დაიღუპა. ცხედარი სამაშველო სამსახურმა 24 საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, შროშასთან იპოვა.

რიკოთთან მდინარეში მუშის ცხედარი იპოვეს

ნეტგზაეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...