"საქართველოსთვის" - მივმართავთ თავდაცვის მინისტრს სათანადოდ განმარტოს ვაზიანის სამხედრო ბაზის მიმდებარედ სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის მიზანშეწონილობა და შესაძლო რისკები
პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი მიმართავს თავდაცვის მინისტრს, წარდგეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უახლოეს სხდომაზე და სათანადოდ განმარტოს ვაზიანის სამხედრო ბაზის მიმდებარედ სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის მიზანშეწონილობა და შესაძლო რისკები.
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ვაზიანის ტერიტორიაზე სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, რის შემდეგაც არ მოგვისმენია არანაირი ოფიციალური განმარტება, თუ რატომ შეირჩა აეროპორტისთვის სამხედრო ბაზის ტერიტორია; შეაფერხებს თუ არა აღნიშნული სამხედრო ბაზა მომავალში განვითარებასა და გაფართოვებას და საერთოდ, რამდენად უსაფრთხო და დაცული იქნება სამოქალაქო აეროპორტი, რომელიც განთავსდება სამხედრო ბაზის მიმდებარედ, რაც ასევე კითხვებს აჩენს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებში.
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ჩვენ გამოვიყენეთ პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებული სუბიექტის (სამინისტროს) ხელმძღვანელის საკომიტეტო მოსმენაზე მოთხოვნის კანონით გათვალისწინებული ინსტრუმენტი. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მოისმინოს მკაფიო განმარტებები, ხომ არ ხორციელდება სამხედრო ინფრასტრუქტურის პოტენციალის მიზანმიმართული შეზღუდვა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, "ოცნების" ხელისუფლების მიერ გადადგმული იქნა ნაბიჯები ქვეყნის დასავლეთთან დაშორებისა და რუსეთთან დაახლოების მიმართულებით.
არანაკლებ მნიშვნელოვანია განიმარტოს, განიხილეს თუ არა აეროპორტის განთავსების ალტერნატიული ლოკაციები , რა ნიშნით და მოტივით შეირჩა ვაზიანის ტერიტორია.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კომიტეტის თავმჯდომარეს, იშუამდგომლოს და მოიწვიოს მინისტრი კომიტეტის უახლოეს სხდომაზე.", - ვკითხულობთ განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.