“გალში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს” – DRI
“გალში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს. რუსული პროპაგანდა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იდეოლოგიური გადაბირება აფხაზეთში ახალ ფაზაშია შესული”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის [DRI] მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაციის ცნობით, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გალის მოსახლეობას გეგმაზომიერად და ეტაპობრივად სთავაზობენ ახალ პროექტებსა და ღონისძიებებს.
“მაგალითად: ივნისის დასაწყისში, რუსეთის საელჩოს ინიციატივით, გალის რაიონში მცხოვრები ბავშვები ექსკურსიებზე წაიყვანეს რიწის ტბაზე, ბიჭვინთაში, ბედიაში და ახალ ათონში. ტრანსპორტირების, კვებისა და ექსკურსიასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, როგორც „მეგობარი რუსეთის საჩუქარი“კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის, მთლიანად რუსულმა მხარემ დაფარა. რუსეთის განათლების სამინისტროს ინიციატივით, გალის ჰუმანიტარულ კოლეჯში, რომელთანაც „თანამშრომლობის“ ექსკლუზიური მემორანდუმია გაფორმებული, „ღია სასწავლო ცენტრი“ გაიხსნა. მემორანდუმის ფარგლებში, რუსეთის განათლების სამინისტრო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, გაზარდოს გალის ჰუმანიტარული კოლეჯის თანამშრომელთა ხელფასები. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აშკარაა, რომ რუსეთი მუშაობს აფხაზეთის მცხოვრებლების იდეოლოგიურ გადაბირებაზე”.
როგორც DRI აცხადებს, ამ ფონზე, უცნობია, რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გაძლიერებულ გავლენებს გალის რეგიონში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, ხელისუფლებამ უნდა შექმნას მექანიზმები გალში გამძაფრებული იდეოლოგიური კამპანიის შესაკავებლად და შეიმუშაოს დამატებითი სოციალური პაკეტები გალის მოსახლეობისთვის.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.