Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტი პრემიერისგან უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევას ითხოვს


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთში შექმნილ ვითარებაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა დღეს, 24 ივნისს. მან სხვადასხვა სახელმწიფო უწყება მწვავედ გააკრიტიკა და პრემიერმინისტრს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა მოსთხოვა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციის მიღება მხოლოდ თავდაცვის ძალებიდან შეძლო.

„გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მათიაშვილის მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ. სამწუხაროდ, ვერ მივიღე ინფორმაცია ვერც ერთი პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურისგან, ვერც შს მინისტრისგან, რომელსაც ევალება საზღვრის კონტროლი და როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ფლობდეს.

ინფორმაცია ვერ მივიღე ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომლის სამსახურის ფუქნცია, კანონის თანახმად, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვაა. ვერც დაზვერვის დაზვერვის სამსახურისგან, ვისაც კანონით ევალება საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა, ასევე ქვეყნის თანამდებობის პირების აუცილბელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა.

არათუ ინფორმაციის მიღება, დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, რაც ამ მდგომარეობაში საგანგაშოა მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმდინარე მოვლენების მიმართ მობილიზებულია“, — აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ამის შემდეგ მან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ მიმართა:

ამიტომ, იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერმინისტრს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. მიმაჩნია, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს განხილული და დრო აღარ ითმენს. ერთია საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა. მეორეა სანქცირებული პირების სიების კონტროლი საზღვარზე და ასეთი სიები ჩვენს პარტნიორებს აქვთ. ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, რამეთუ საზოგადოებამ დროულად და დეტალურად უნდა მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად.

ეს მნიშვნელოვანია, რომ არ შეიქმნას უსაფუძვლო შიშები. ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სეპარატისტებს არ უნდა მივცეთ საშუალება, მოსახლეობაში უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება. საქართელო ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს. ასევე მნიშვნელოვანია გაგრძელდეს პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლა“, — განაცხადა პრეზიდენტმა.


კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 ივნისის ღამით განაცხადა, რომ კორუფციისა და ომის არასათანადო მართვის გამო უპირისპირდება რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას — თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს.

მათი გადმოცემის მიზნით კი, როგორც პრიგოჟინი ამბობს, 25-ათასიანი არმიით გაემართება მოსკოვისკენ.

უკვე 24 ივნისის დილით ცნობილი გახდა, რომ „ვაგნერი“ შევიდა უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ დონის როსტოვში, დაიკავა სტრატეგიული ობიექტები და გზას აგრძელებს მოსკოვისკენ, სადამდეც 1000 კილომეტრია.

რუსეთის ხელისუფლებამ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში „ანტიტერორისტული ღონისძიების რეჟიმი“ გამოაცხადა, მოსკოვის მიმართულებით კი რამდენიმე მაგისტრალი დაკეტა.

თავად დონის როსტოვში შეფერხებულია როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მმართველობის საქმიანობა, ქალაქის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებია, ხელისუფლება კი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ვლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში შექმნილ ვითარებას „რთული“ უწოდა, „ვაგნერელებს“ — მოღალატეები და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...