პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დამსაქმებელ კომპანიასთან შეთანხმების შედეგად, მაღაროელები პროტესტს წყვეტენ, ჭიათურის მაღარო კი მუშაობას 1-ელი ივლისიდან განაახლებს
პროფკავშირების ჩართულობით, მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის, შეთანხმება შედგა. სპეციალური რეჟიმი გაუქმდა და ჭიათურის მაღარო მუშაობას პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველი ივლისიდან განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, 1-დან 5%-ის ჩათვლით, ხელფასები ავტომატურ მატებას ექვემდებარება, ხოლო, თუ ინფლაციას მაჩვენებელი ამ პროცენტულ მაჩვენებლებს გაცდა, მოლაპარაკების საგანი გახდება.
„პროფკავშირების ჩართულობით, მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის, შეთანხმება შედგა! შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა. სპეციალური რეჟიმი გაუქმდა და ჭიათურის მაღარო მუშაობას პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველი ივლისიდან განაახლებს!
2022 წლის ინფლაციის მაჩვენებელი 11,9 % იყო. შეთანხმების მიხედვით, პირველი იანვრიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით, დასაქმებულებს ინფლაციის ინდექსის გათვალისწინებით, დაემატებათ 100%-იანი ხელფასის 5% იმ 60%-იან ხელფასზე, რომელზეც თებერვლიდან მუშაობდნენ. პირველი ივლისიდან კი დამატებით 6,9 %. აღნიშნული შეთანხმება მოხდა პროფესიულ კავშირებისა და დამსაქმებელს შორის არსებული კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში, სადაც 6.7 პუნქტის თანახმად გაწერილია ინფლაციის ინდექსის მატება ხელფასზე - ,,1-დან 5%-ის ჩათვლით, ხელფასები ავტომატურ მატებას ექვემდებარება. ხოლო, თუ ინფლაციას მაჩვენებელი ამ პროცენტულ მაჩვენებლებს გაცდა, იქნება მოლაპარაკების საგანი".
იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტის ფონზე მოლაპარაკება, პროფკავშირებმა დამსაქმებელს მიმართა თხოვნით, 2022 წლის მაჩვენებლის ათვისება სრულად მომხდარიყო. დამსაქმებელმა, კოლექტიური შეთანხმების ფარგლებში, გაითვალისწინა თხოვნა და ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით, დასაქმებულებს ანაზღაურება სრულად ემატებათ.
ნიშანდობლივია, რომ მოთხოვნილ დანარჩენ 13 პუნქტზეც, დამსაქმებლის მხრიდან ძალაში რჩება პრინციპული თანხმობა, შეიქმნას ერთობლივი კომისია: დასაქმებულების, პროფესიული კავშირების, სახელმწიფოს წარმომადგენლის, შრომის ინსპექციის წარმომადგენლებისგან და შესაბამისად მოხდეს ამ საკითხების განხილვა, მოწესრიგება და აღმოფხვრა”, - აღნიშნულია პროფკავშირებს გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.