Jump to content
Planeta.Ge

მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში „კონტრტერორისტული რეჟიმი“ გამოაცხადეს


რუსეთის ხელისუფლებამ დედაქალაქ მოსკოვში, ასევე მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში 24 ივნისის დილიდან „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ გამოაცხადა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დაპირისპირება რუსეთის არმიის ხელმძღვანელობასთან და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ქალაქ დონის როსტოვის დაკავება. „ვაგნერმა“ თავის საბოლოო მიზნად მოსკოვამდე ჩასვლა და თავდაცვის მინისტრის, ასევე გენშტაბის ხელმძღვანელის დაკავება დაისახა.

„კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ რუს ძალოვან უწყებებს, ფაქტობრივად, შეუზღუდავ ძალაუფლებას ანიჭებს იმ რეგიონებში, სადაც მსგავსი რეჟიმია დაწესებული.

კერძოდ, „მედუზას“ ცნობით, ძალოვან უწყებებს შეუძლიათ:

  • ნებისმიერი პირის გაჩერება, მისთვის დოკუმენტების შემოწმება, გაჩხრეკა, ასევე, იდენტიფიცირების მიზნით პოლიციაში გადაყვანა;
  • ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერი პირის გადაყვანა, ასევე ავტომობილების წაყვანა;
  • ნებისმიერი სახის კომუნიკაციის კონტროლი, მათ შორის, ინტერნეტმიმოწერის;
  • ნებისმიერი კერძო პირისა თუ ორგანიზაციის ავტომობილების გამოყენება პირველადი დახმარების აღმოჩენის, ან პოტენციური დამნაშავის დევნისთვის;
  • ქიმიური, რადიაქტიური, ან ასაფეთქებელი მასალების საწარმოების დახურვა;
  • საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა ნებისმიერ ადგილზე;
  • მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ტერიტორიაზე;
  • ალკოჰოლის გაყიდვის შეზღუდვა და ა.შ.

სოციალურ ქსელებში, ასევე ადგილობრივი მედიასაშუალებებით ვრცელდება ცნობები, რომ ვორონეჟის ოლქიდან მოსკოვის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. ასევე შეზღუდულია ქალაქ დონის როსტოვში გადაადგილება, ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრიანი რიგები დგას.

დონის როსტოვის ქუჩებში „ვაგნერელები“ თავდაცვით პოზიციებს ამაგრებენ. ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის შესანარჩუნებლად.


კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს რუსეთის რეგულარული არმია და თავდაცვის მინისტრი შოიგუ დაადანაშაულა„ვაგნერელების“ ბაზის დაბომბვაში. იგი ამბობს, რომ 25-ათასიან ჯართან ერთად აპირებს გაარკვიოს, „რატომ ხდება ქვეყანაში აურზაური“ და მოაწყოს „სამართლიანობის მარში“. პრიგოჟინი უარყოფს, თითქოს სახელმწიფო გადატრიალება აქვს განზრახული და ირწმუნება, რომ უამრავი სამხედრო მას მხარს უჭერს.

პრიგოჟინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც აქამდე ცივ ომს წააგავდა – შემოიფარგლებოდა მხოლოდ განცხადებებით, ისიც პრიგოჟინის მხრიდან — როგორც ჩანს, რეალურ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც კრემლი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს.

თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ პრიგოჟინის ბრალდებებს, ხოლო რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თქმით, „შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე“ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა [ფსბ] სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვითარების საქმის კურსშია რუსეთის პრეზიდენტიც.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...