სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში?! – რა ვიცით [განახლებადი]
სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც აქამდე ცივ ომს წააგავდა – შემოიფარგლებოდა მხოლოდ განცხადებებით, ისიც პრიგოჟინის მხრიდან — როგორც ჩანს, რეალურ შეიარარებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც კრემლი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს.
პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს რუსეთის რეგულარული არმია და შოიგუ დაადანაშაულა „ვაგნერელების“ ბაზის დაბომბვაში. იგი ამბობს, რომ 25-ათასიან ჯართან ერთად აპირებს გაარკვიოს, „რატომ ხდება ქვეყანაში აურზაური“ და მოაწყოს „სამართლიანობის მარში“. პრიგოჟინი უარყოფს, თითქოს სახელმწიფო გადატრიალება აქვს განზრახული და ირწმუნება, რომ უამრავი სამხედრო მას მხარს უჭერს.
თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ პრიგოჟინის ბრალდებებს, ხოლო რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თქმით, „შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე“ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა [ფსბ] სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვითარების საქმის კურსშია რუსეთის პრეზიდენტიც.
ამ ეტაპზე უცნობია, მართლაც დაიწყო თუ არა პრიგოჟინმა შეიარაღებული მოქმედებები ხელისუფლების წინააღმდეგ, ან რამდენად აპირებს რუსეთის ოფიციალური ხელისუფლება მასთან სამხედრო დაპირისპირებაში შესვლას.
რა და როგორ ხდება – ქრონოლოგია
შენიშვნა: ქრონოლოგია ასახულია თბილისის დროით; ბოლო სიახლის სანახავად გვერდი განაახლეთ [დაარეფრეშეთ].
24 ივნისი, 11:50: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერის“ წამოწყებული ამბოხის შემდეგ პირველი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
პუტინმა სამხედროების დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მხარე დაიჭირა და თქვა:
„ყველა, ვინც გაცნობიერებულად დაადგა ღალატის გზას, ვინც მოამზადა შეიარაღებული აჯანყება, დადგა ტერორისტული მეთოდებისა და აჯანყების მხარეს, აუცილებლად მიიღებს სასჯელს, პასუხისგება მოუწევთ ხალხისა და კანონის წინაშე“, — თქვა პუტინმა.
24 ივნისი, 09:25: კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ უკვე უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ როსტოვშია და აკონტროლებს მის ქუჩებს, სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის, აეროდრომს.
დილით გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ ქალაქი მის ხელშია.
24 ივნისი, 08:55: ტელეგრამარხებით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია დონის როსტოვში ევგენი პრიგოჟინის შეხვედრა თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვთან და გენშტაბის უფროსის მოადგილე ვლადიმირ ალეკსეევთან.
ვიდეოშ პრიგოჟინი ამბობს, რომ სანამ არ „მიიღებს“ გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვსა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, ვაგნერის მებრძოლები გააგეძელებენ ქალაქ როსტოვის ბლოკირებას და „წავლენ მოსკოვისკენ“. როგორც დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „მედუზა“ იუწყება, ვიეო რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ადმინისტრაციის შენობაშია გადაღებული.
სოციალური ქსელებით გავრცლებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლები უკვე დონის როსტოვის ქუჩებს აკონტროლებენ.
24 ივნისი, 04:53: როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილ გოლუბევი სთხოვს მოსახლეობას, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები. მისივე თქმით, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართალდამცავები ყველა საჭირო ზომას იღებენ.
24 ივნისი, 04:45: როსტოვის ოლქში საგანგებო სამსახურის სახელით დაიგზავნა ყალბი შეტყობინებები კომენდანტის საათის დაწესებაზე, ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
24 ივნისი, 04:43: პრიგოჟინის თქმით, ვერტმფრენი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო პირებს, „ვაგნერელებმა“ ჩამოაგდეს. კვლავაც არ მოიპოვება მისი სიტყვების რაიმე სახის მტკიცებულება.
24 ივნისი, 04:33: რუსული მედიის ცნობით, როსტოვში, რომელშიც, როგორც პრიგოჟინი ამბობს, „ვაგნერელები შედიან“, ერთ საათზე მეტია ქუჩის კამერები არ მუშაობს.
24 ივნისი, 04:24: პრიგოჟინი მორიგ განცხადებას აქვეყნებს: „გენშტაბის უფროსი არ წყნარდება. ნებისმიერი აფრიკელი დიქტატორის შეცდომა – ავიაციური დარტყმა საცხოვრებელ რაიონებზე. ახლა ჰაერშია ორი ხომალდი ნომრებით — 522 და 546. ბიჭებო, დიამახსოვრეთ: სამშობლო არ გაპატიებთ საკუთარ ტერიტორიაზე დარტყმას. სიმამაცე უნდა გამოიჩინოთ და დაარტყათ მოწინააღმდეგის ტერიტორიას, როცა ჩვენი ქვეითები წინ მიიწევენ. ასე რომ, ვარაუდები, თითქოს ვინმეს ფრონტზე ბრძოლაში ვუშლით ხელს, ვარაუდებია. ჩვენ ხელს არავის ვუშლით. ჩვენ ხელს ვუშლით დამნაშავეებს, – გერასიმოვს და შოიგუს, – რომლებმაც დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, თავიანთი ტრ*კის [საჯდომის] გადარჩენაში“. პრიგოჟინი არ აკონკრეტებს, რომელ რაიონებზე საუბრობს. მისი განცხადების დამადასტურებელი ცნობა ამ ეტაპზე არ მოიპოვება.
24 ივნისი, 04:02: უმსხვილესმა რუსულმა სოციალურმა ქსელმა „ვკონტაქტემ“ პრიგოჟინის ზოგი განცხადების ბლოკირება დაიწყო, საბაბი რუსეთის პროკურატურის დადგენილებაა.
24 ივნისი, 03:50: „თეთრი სახლი აკვირდება რუსეთში მიმდინარე მოვლენებს“, ჯო ბაიდენს კი უკვე მოახსენეს პრიგოჟინის „ამბოხზე“, უთხრა „სი-ენ-ენს“ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ადამ ჰოჯმა. მისივე თქმით, ვაშინგტონი „კონსულტაციებს გაივლის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
24 ივნისი, 03:30: პრიგოჟინის თქმით, გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა გასცა ბრძანება, თვითმფრინავებიდან დაებომბათ „[ვაგნერელების] კოლონები, რომლებიც მოძრაობენ მშვიდობიან მანქანებთან, სატვირთოებთან ერთად“.
„მისთვის სულ ერთია, ვინ მოკლას. წელიწად-ნახევარია კლავენ თავის მშვიდობიან მოქალაქეებს იმის ნაცვლად, რომ მოწინააღმდეგეს ეომონ. მსურს, მადლობა მოვუხადო პილოტებს, რომლებმაც უარი თქვეს დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებაზე“, – აღნიშნა მან.
24 ივნისი, 03:26: დიმიტრი პესკოვის თქმით, გენერალურმა პროკურორმა იგორ კრასნოვმა ვლადიმერ პუტინს პრიგოჟინის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ მოახსენა.
24 ივნისი, 03:03: ევგენი პრიგოჟინის ახალი განცხადება გამოქვეყნდა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის ვაგნერელებმა „გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი ყველა წერტილში“.
„მესაზღვრეები მოდიოდნენ და ეხუტებოდნენ ჩვენს მებრძოლებს. ახლა შევდივართ როსტოვში. თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები, უფრო სწორად კი ახალწვეულები, რომლებიც მიაგდეს ჩვენს შესაკავებლად, გვერდზე გადგნენ. ჩვენ ბავშვებს არ ვებრძვით. არ ვკლავთ ბავშვებს. ბავშვებს კლავს შოიგუ, როცა გაუწვრთნელ ჯარისკაცებს ომში უშვებს. მან ჩვენს წინააღმდეგ 18 წლის ბიჭები დააყენა. ისინი იცოცხლებენ და დედებს დაუბრუნდებიან. ჩვენ მხოლოდ პროფესიონალებს ვებრძვით. თუ ვიღაც ჩვენს გზაზე დადგება, ყველას გავანადგურებთ. ხელს ყველას ვუწვდით, არაა საჭირო მასში ჩაფურთხება. მივდივართ ბოლომდე. რაც შეეხება განცხადებებს დაპატიმრებებზე, ძმობა, სამართალი, ღირსება და სინდისი გვაქვს ჩვენ. თქვენ კი, როცა განცხადებებს აკეთებთ, არ გაქვთ ეს გრძნობები და არ შეგიძლიათ არაფრის გაგება, ღალატის გარდა“, – განაცხადა პრიგოჟინმა.
24 ივნისი, 02:49: მოსკოვში პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მიმავალი გზა გადაიკეტა, წერს ჟურნალისტი ვასილ პოლონსკი და ვიდეოსაც აქვეყნებს.
24 ივნისი, 02:32: რუსეთის პირველ არხზე დაიწყო დაანონსებული „ახალი ამბების სპეციალური გამოშვება“. წამყვანმა ეკატერინა ანდრეევმა ოფიციალური განცხადებები გაიმეორა, ახალი არაფერი თქმულა.
სპეციალური გამოშვების სქრინშოთი რუსეთის პირველი არხის პირდაპირი ეთერიდან.
24 ივნისი, 02:30: ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ პრიგოჟინის ამბოხი „რეალურია“ და არა ინსცენირებული, იუწყება „სი-ენ-ენი“.
24 ივნისი, 02:28: პრიგოჟინის „ამბოხის“ ფონზე მკვეთრად დაეცა რუსული კომპანიების აქციების ფასები საფონდო ბირჟაზე, იტყობინება „ერ-ბე-კა“.
24 ივნისი, 02:21: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ პრიგოჟინის „გადატრიალება“ სათავისოდ გამოიყენა უკრაინამ და ბახმუტის მიმართულებაზე იერიშზე გადასასვლელად ძალების კონცენტრაცია დაიწყო.
24 ივნისი, 02:19: სამთავრობო წყარომ გამოცემა „მოსკოვ თაიმსს“ უთხრა, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ როსტოვში სპეცდანიშნულების რაზმის რამდენიმე თვითმფრინავი გაფრინდა.
24 ივნისი, 02:06: მედიის ცნობით, რუსეთის პირველმა არხმა დააანონსა, რომ რამდენიმე წუთში „ახალი ამბების სპეციალური გამოშვება“ დაიწყება. სქრინშოთი გამოაქვეყნა მედიასაშუალება „ფონტანკამ“. „ნეტგაზეთმა“ ეს შეტყობინება რუსეთის პირველი არხის ვებ-გვერდზე ვერ აღმოაჩინა. თუმცა ტელეგრამ-არხ „ბაზას“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ეს შეტყობინება ფიქსირდება.
24 ივნისი, 02:03: „ვაგნერს“ გაჩერებისკენ მოუწოდა კიდევ ერთმა გენერალმა ვლადიმერ ალექსეევმა. უკანა ფონი გამოქვეყნებულ მიმართვაში ძალიან ჰგავს ფონს, რომელიც სერგეი სუროვკინის მიმართვაშია.
24 ივნისი, 01:58: სახელისუფლებო მედიის, „ტასსის“ ცნობით, მოსკოვში გაძლიერებულია უსაფრთოხების ზომები „ყველა უმნიშვნელოვანეს ობიექტზე, ხელისუფლების ორგანოების [შენობებზე] და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე“. მზადყოფნაში მოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმებიც.
24 ივნისი, 01:56: სამხედრო ტექნიკა მოსკოვში კიდევ ერთ ადგილას, ბოლშაია დმიტროვკაზეც შეამჩნიეს.
24 ივნისი, 01:40: „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის წყაროს ცნობით, მოსკოვში შესასვლელ გზაზე, მაგისტრალ „დონზე“ [როსტოვი-ვორონეჟი-მოსკოვი], ბლოკპოსტების მოწყობა დაიწყეს.
24 ივნისი, 01:28: გენერალი სერგეი სუროვკინი, რომელსაც პრიგოჟინი ხშირად აქებდა, მოუწოდებს მას, „შეჩერდეს“ და აღნიშნა, რომ „ზუსტად ამას ელის მოწინააღმდეგე“. სუროვკინის მოწოდება „სამხედრო ტექნიკის დისლოკაციის ადგილას დაბრუნებაზე“ მიანიშნებს, რომ პრიგოჟინმა მოქმედება მართლაც დაიწყო.
24 ივნისი, 01:21: ვრცელდება მოსკოვში, სახელმწიფო დუმის შენობასთან სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ვიდეო.
24 ივნისი, 01:20: უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] განცხადებით, პრიგოჟინის ქმედებები უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცებისთვის „ზურგში დარტყმაა“. უწყება ყველას მოუწოდებს, არ დაუშვან „გამოუსწორებელი შეცდომები“, ხოლო პრიგოჟინის ბრძანებებს „დანაშაულებრივად და მოღალატეობრივად“ აფასებს. „ფსბ“ აგრეთვე მოუწოდებს „ვაგნერელებს“, ზომები მიიღონ პრიგოჟინის დასაკავებლად.
24 ივნისი, 01:11: რუსეთის გენერალური პროკურატურა ადასტურებს პრიგოჟინის წინააღმდეგ საქმის აღძვრას – მას ედავებიან შეიარაღებული ამბოხის ორგანიზაციას. „მისი ქმედებები სამართლებრივად შეფასდება. ეს დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12-დან 20 წლამდე“, – ამბობენ უწყებაში.
24 ივნისი, 01:06: კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში პუტინი „ახალგაზრდობის დღეს“ ულოცავს მოსახლეობას. სავარაუდოდ, ვიდეო წინასწარ იყო ჩაწერილი და მისი გამოქვეყნება გეგმიურია.
24 ივნისი, 00:37: ადგილობრივი მედიასაშუალების, „161.რუს“ ცნობით, ქალაქ როსტოვის ქუჩებში გამოიყვანეს სამხედრო ტექნიკა, მიმდინარეობს ქუჩების გადაკეტვა.
24 ივნისი, 00:19: ტელეგრამარხი „ასტრა“ იუწყება, რომ მოსკოველ ძალოვნებს მიუვიდათ შეტყობინება, „კავშირზე იყვნენ და არსად წავიდნენ“.
24 ივნისი, 00:14: ტელეგრამარხ „ბაზას“ ცნობით, როსტოვის პოლიციის რიგ განყოფილებებში გამოცხადდა გეგმა „ციხესიმაგრე“ – პირადი შემადგენლობის შეკრება და სტრატეგიული ობიექტების დაკავება.
23 ივნისი, 23:47: რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში ამბობენ, რომ პრიგოჟინის ქმედებებთან დაკავშირებით „შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე“ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა [ფსბ] სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
23 ივნისი, 23:42: დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი ვითარების საქმის კურსშია.
23 ივნისი, 23:39: პრიგოჟინი საუბრობს „სამხედროთა უმრავლესობის“ მხარდაჭერაზე.
23 ივნისი, 23:19: პრიგოჟინი ირწმუნება, რომ სამხედრო გადატრიალებას არ აწყობს.
23 ივნისი, 23:15: პრიგოჟინის თქმით, შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში „ვაგნერის“ გასანადგურებლად.
23 ივნისი, 22:49: პრიგოჟინი აცხადებს, რომ ისინი [ვაგნერელები] 25-ათასნი არიან, გაარკვევენ, „რატომ ხდება ქვეყანაში აურზაური“ და მოაწყობენ „სამართლიანობის მარშს“.
23 ივნისი, 22:41: პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი შოიგუ როსტოვიდან [„ვაგნერელების“ ბაზასთან და ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე ქალაქი] გაიქცა და პირობა დადო, რომ „ეს არამზადა შეჩერებული იქნება“.
23 ივნისი, 22:25: პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერელებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება, შეაჩერონ ბოროტება, რომელიც ქვყენის სამხედრო ხელისუფლებას მოაქვს. „ვინც დღეს ჩვენი ბიჭები გაანადგურეს, მრავალი ათასი რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე გაანადგურა, დაისჯება“, – ხაზს უსვამს იგი და „ყველას“ მოუწოდებს, არ გაუწიონ წინააღმდეგობა „ვაგნერელებს“.
23 ივნისი, 22:09: პრიგოჟინი ირწმუნება, რომ თავდაცვის სამინისტრომ იერიში მიიტანა „ვაგნერელების“ ბაზაზე და აანონსებს, რომ „შემდეგი ნაბიჯი ჩვენია [ვაგნერის]“.
23 ივნისი, 11:50: პრიგოჟინის ტელეგრამ არხში ქვეყნდება მისი ინტერვიუს პირველი ნაწილი. იგი კვლავაც აკრიტიკებს სერგეი შოიგუს და ირიბად, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინსაც კი და ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის ოფიციალური მიზეზები სიმართლეს არ შეესაბამება.
დეტალურად: „ზელენსკი 2019 წელს მოლაპარაკებისთვის მზად იყო…“ – პრიგოჟინის ახალი ინტერვიუ
მთავარ ფოტოზე ჩანს პრიგოჟინის, პუტინის, კადიროვის და სხვების ნიღბები, რომლებიც პეტერბურგში სუვენირების მაღაზიაში იყიდება © ეპა
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.