ევგენი პრიგოჟინი - 25 000-ვე მზად ვართ სიკვდილისთვის
შაბათს დილით „Telegram“-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსი სამხედროების წინააღმდეგ მოქმედებებში, „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის ყველა წევრი "მზადაა სიკვდილისთვის“, - ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
„ყველა ჩვენგანი მზად არის სიკვდილისთვის. 25,000-ვე, შემდეგ კი მომდევნო 25 000", - თქვა მან აუდიოგზავნილში და დასძინა, რომ ეს "რუსი ხალხისთვის" ხდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს. აღნიშნულის გამო პრიგოჟინი განხორციელებული დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა. დღეს დილით კი მანვე განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, ხოლო მოგვიანებით თქვა, რომ მისმა სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანა.
პრიგოჟინის განცხადებები გამო, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამასთან, რუსული გამოცემის ცნობითვე, რუსეთში, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
რუსეთში არსებულ ვითარებას უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ის მიმდინარე პროცესებს „სამხედრო ამბოხს“ უწოდებს და ამბობს, რომ სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებენ.
„ნებისმიერი შიდა არეულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენთვის, როგორც ერისთვის, მომაკვდინებელ საშიშროებას წარმოადგენს. ეს რუსეთზე, ჩვენს ხალხზე მიტანილი დარტყმაა და ჩვენი ქმედებები სამშობლოს დაცვისთვის მკაცრი იქნება. როგორც რუსეთის პრეზიდენტი და მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიცვა ქვეყანა, კონსტიტუცია, მოქალაქეების უსაფრთხოება და თავისუფლება“, - განაცხადა პუტინმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.