ბადრი ესებუას 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ეკატერინე ბებიამ მას სასჯელის ზომად 13 წლით პატიმრობა განუსაზღვრა.
სასამართლომ ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო მისთვის წაყენებულ 4 ბრალში - ტერორისტული აქტის ჩადენაში, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებაში, იძულებაში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში. (სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 329-ე, 150-ე და 236-ე მუხლები).
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარეებმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს მანამდე წარდგენილი ყველა მტკიცებულება.
საქმის პროკურორმა მირანდა წერეთელმა სხდომაზე ხაზგასმით, კიდევ ერთხელ ისაუბრა მთავარ მტკიცებულებებზე - რომ ემთხვევა ბრალდებულის და თავდამსხმელის ხმის და სუნის ნიმუშები. მისივე განმარტებით, იდენტურია მასრები, რომლებიც ამოღებულია „საქართველოს ბანკიდან“, წალენჯიხის სოფელ სქურიდან (სადაც თავდამსხმელმა რამდენჯერმე გაისროლა), ავტომანქანიდან, რომლითაც შეიარაღებული პირი მძევლებთან ერთად გადაადგილდებოდა და ბადრი ესებუას სახლიდან. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ეს მასრები გასროლილია ერთი ცეცხლსასროლი იარაღიდან.
,,თქვენო ღირსებავ, გთხოვთ, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღოთ ის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროება, რაც ამ დანაშაულს ახლავს. მხედველობაში მიიღოთ ის მორალური ზიანი, რაც ამ დანაშაულის შედეგად მიადგა არაერთ ადამიანს და გთხოვთ, მის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად გამოიყენოთ კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი და მაქსიმალური სასჯელი“, - მიმართა მირანდა წერეთელმა მოსამართლეს.
ადვოკატ იოსებ ჯანაშიას განცხადებით, პოლიციისთვის ყველაზე მარტივი აღმოჩნდა, ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულად გამოეცხადებინა სოფელში მცხოვრები ყოფილი სამხედრო, რომელსაც ბანკთან, ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პრობლემები ჰქონდა.
პროკურატურის მტკიცებულებებთან დაკავშირებით მან თქვა, რომ მათი სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან კვლევები ბრალდების მხარემ “პრაქტიკულად ჩუმად”, დაცვის მხარის მონაწილეობის გარეშე ჩაატარა.
“მე მაქვს ეჭვი, რომ ეს [ბანკზე თავდასხმა] გათამაშებული სპექტაკლია… იმისთვის, რომ ეთქვათ: აი, 2 წლის თავზე ჩვენ გავხსენით ასეთი საქმე”, - განმარტა ჯანაშიამ.
ბრალდებულის ადვოკატების თქმით, ვერცერთმა მოწმემ ვერ შეძლო ბრალდებულში თავდამსხმელის ამოცნობა. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარე ბადრი ესებუას მიმართ გამამართლებელ განაჩენს მოითხოვდა.
სასამართლო განაჩენის გამოცხადებამდე სიტყვის უფლებით ისარგებლა ბადრი ესებუამ. ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ბრალდებულმა პროკურატურა თავისი ოჯახის მიმართ “ტერორშიც” დაადანაშაულა.
“ბევრი რამე მაქვს სათქმელი, საიდან დავიწყო ისიც არ ვიცი. 2 წელზე მეტია, ეს ადამიანები გაიძახიან, რომ მე რაღაც საშინელებები ჩამიდენია და მაბრალებენ. ის თუ წამოცდენიათ, თვითონ რა დანაშაულებები აქვთ ჩადენილი?! ცოტა ხნის წინ საშინელი ბრალდება წამიყენა ქალბატონმა მირანდამ, ბავშვების მკვლელებიო…ასეთ რაღაცეებში თქვენ გედებათ ბრალი და ჩემკენ, ძალიან გთხოვთ, ნუ იშვერთ ხელს. ჩემი ოჯახი ისე დაატერორეთ, ჩემი ძმა დააჭერინეთ, მამაჩემს დაარბენინებდით, ცხრაჯერ აქვს ინსულტი გადატანილი, ჩემს მოსაძებნად დაარბენინებდით. ჩემი მეორე ძმა, რძალი ბავშვებიანად პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეთ. 5 თვის ბავშვი არ დაინდეთ თქვენ და თქვენ ვის დანაშაულზე ლაპარაკობთ? ნამუსი არ არსებობს ამ ქვეყანაზე?! ეს არის უკვე პიკი, ასეთ ბრალდებას რომ ადამიანს უყენებთ. ყველამ იცის, რაც გაქვთ გაკეთებული და რასაც აკეთებს თქვენი სისტემა - პროკურატურა, პოლიცია და სასამართლო. ძალიან გთხოვთ, ასეთ ცრუ ბრალდებებს დაანებეთ თავი და თქვენს თავებს მიხედეთ. ეს არის ზღვაში წვეთი, რაც მაქვს სათქმელი ამათ დანაშაულებზე. ამაზე ყველას მოგიწევთ პასუხისგება და პასუხის გაცემა, რაც გაქვთ ჩადენილი. ამის პირობას მე გაძლევთ. თქვენ ხართ კანონს ამოფარებული, ბოროტმოქმედი კრიმინალისტები”, - თქვა სხდომაზე ბადრი ესებუამ.
საბოლოო სიტყვაში მან ასევე დასძინა, რომ არ აქვს სამართლიანი განაჩენის იმედი.
“პოლიცია თქვენია, პროკურატურა თქვენია, სასამართლო თქვენია. მე რა უნდა გითხრათ?! რასაც პროკურატურა იტყვის, ის იქნება განაჩენი, მე ასე ვფიქრობ. თუ გინდათ, უვადო გამოიტანეთ“, - უთხრა ბადრი ესებუამ მოსამართლეს.
ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არცერთი ინსტანციის სასამართლოდან არ აქვს სამართლიანი განაჩენის იმედი. მისი თქმით, საბოლოო მიზანი საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებაა.
შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, თავდამსხმელმა მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.
26 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაადგინა თავდამსხმელის ვინაობა და ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. მის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება. ესებუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე, 150-ე და 329-ე მუხლებით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით, იძულებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2023 წლის 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.